მიმდინარეობს საიტის განახლება

28 აპრილი – უსაფრთხო შრომისათვის ბრძოლის დღე

კაცობრიობის შრომითი მოღვაწეობის მთელი ისტორია პროფესიული რისკით არის აღბეჭდილი და ამ ვითარებას კიდევ ხანგრძლივი პერსპექტივა გააჩნია. საქართველოში 1992  წლის შემდეგ განხორციელებულმა შრომითი კანონმდებლობის, სოციალური უპასუხისმგებლობის კონცეფციაზე დაფუძნებულმა გამოხშირვამ, რესპუბლიკის დეინდუსტრიალიზაციამ,  განსაკუთრებით კი 2006 წლის ლიბერტარიანულმა შრომითი ნორმების დამკვიდრებამ,  ბოლო  მოუღეს ქვეყანაში შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების სახელმწიფო სისტემის არსებობას.  ეს ანტიჰუმანური და ანტისოცალური მოვლენა სამუშაო ადგილებზე მშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ პერმანენტულ საფრთხედ იქცა.

ბევრის მეტყველია,  რომ საქართველოს კანონმდებლობაში მრავალი სახის კანონს ნახავთ, მაგრამ მასში არ მოიძებნება მშრომელთათვის უაღრესად აუცილებელი კანონი „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“. კანონმდებლების მიერ უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე ამ ნორმატიული აქტის მიღების გარეშე,  შრომის პირობები ქვეყანაში არასდროს  მიიღებს ცივილიზებულ ფორმას.

შრომის უსაფრთხოების საკითხით დაინტერესებულ ექსპერტთა, სპეციალისტთა და სოციალურ პუბლიცისტთა შორის დღეს უაღრესად აქტუალური დისკუსიის საგანია სამუშაო ადგილზე  „აბსოლიტური უსაფრთხოება“ და სამუშაო ადგილზე „მისაღები რისკი“. ეს დისპუტი არაა განყენებული დოქტრინების მხოლოდ თეორიული კამათი, საქმე ეხება თავად ეკონომიკის მომავალს და ამ ეკონომიკაში მშრომელი ადამიანის ადგილსა და მნიშვნელობას.

პირველი დოქტრინა გულისხმობს რომ სამეცნიერო-ტექნიკური,ორგანიზაციული, სამედიცინო და სამართლებრივი ზომებით  დღესვეა შესაძლებელი ყველა  სამუშაო ადგილზე აბსოლუტური უსაფრთხოების მიღწევა.

მეორე დოქტრინის მიხედვით პროფესიული რისკი სამუშაო ადგილზე უნდა გაგებულ იქნეს, როგორც იმგვარი ნეგატიური შედეგი სავარაუდო დადგომა, რომელიც არაა დიდად  მნიშვნელოვანი მუშაკის ჯანმრთელობისთვის ან სარგებელი ამ მუშაკისათვის ან მთელი საზოგადოებისთვის იმდენად დიდია, რომ შეიძლება მუშაკი წავიდეს ამ  პროფესიულ რისკზე.

თავად რისკის ცნება  განისაზღვრება როგორც სამუშაო პროცესისას საწარმოო გარემოს, მანქანებისა და დანადგარების ფაქტორთა ერთობლივი იმგვარი ზემოქმედება მუშაკზე, რომელმაც სავარაუდოდ შეიძლება ან  შეიძლება არც კი, გარკვეული უარყოფითი ეფექტი მოახდინოს დასაქმებულზე.

ეს დოქტრინალური წიაღსვლები თეორიული აზრის განვითარებისთვის საინტერესო და საჭირო მასალაა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე მხოლოდ ასეთი თეორიული დისპუტებით შემოფარგვლა გამოიწვევს არა მცირე ხასიათის ნეგატიური ეფექტების სავარაუდო დადგომას, არამედ სამუშაო ადგილზე პროფესიული რისკი მუშაკთათვის  შეიძენს სიცოცხლის ზღვარზე ბალანსირების ფორმას. რელობა გვაჩვენებს რომ  საქართველოში რისკის სფეროს განეკუთვნება: ტექნიკაც, ტექნოლოგიებიც, წარმოების სახეობებიც, შრომის ორგანიზაციაც, მუშაკთა პროფესიული მომზადებაც და  შრომის უსაფრთოებისთვის საჭირო პროფილაქტიკური  ზომებიც. ნათელია რომ საქართველოსთვის სამუშაო ადგილზე  „აბსოლიტური უსაფრთხოება“ ან „მისაღები რისკი“ ისტორიული პერსპექტივის საკითხია, რადგან დღეს ლიბერტარიანული დოგმებისგან დაზიანებულ ქვეყანაში აღსადგენია შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების ელემენტარული საფუძვლები.

თეორიული დისპუტები კარგია, თუმც საქართველოს მშრომელებს პირველ რიგში სისტემურ საფუძველზე ორგანიზებული სოციალური დაცვა ესაჭიროებათ, რომელმაც უნდა მოიცვას ისეთი საკითხები როგორიც არის: შეფასება, პროფილაქტიკა, მკურნალობა, რებილიტაცია და კომპენსაცია.

2015 წლისთვის გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა 2000-ზე მეტი პროფესიისთვის პროფესიული რისკის 150-ზე მეტი კლასი და 1000-დე სახეობა დაადგინეს უკვე. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ რა დიდი მოცულობის სამუშაო აქვს გასაწევი საქართველოს სახელმწიფოს, რათა ქვეყანაში შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შესაფერის დონემდე აამაღლდეს.

დღეს საქართველოს მშრომელები დისბალანსირებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო უაღრესად  რთულ ვითარებაში ცხოვრობენ და შრომობენ. სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის დასაძლევად ქვეყანას ერთადერთი მართებული გზა აქვს ასარჩევი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორის სრული სიჩქარით სვლა სოციალური პასუხისმგებლობისკენ.

2013 წელს საქართველოს  შრომის კოდექსიდან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით ოდიოზური, მშრომელთა ტოტალურად მადისკრიმინირებელი ნორმები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი ეხლახანს შეიქმნა შრომის პირობების მაინსპექტირებელი დეპარტამენტი. ეს ცვლილებები მხოლოდ  მისასალმებელია, მაგრამ საქართველოში შექმნილი დისბალანსირებული სოციალურ-ეკონომიკური რელობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით ცვლილებების მოცულობა და და ტემპები უნდა მკვეთრად გაიზარდოს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს ქვეყნის, საზოგადოებისა და ყველა დასაქმებულის  წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს.

სადღეისოდ კი შრომის უსაფრთხოების პრობლემა  უწყვეტად მიდის გამწვავებისკენ. მეტალურგიული ქარხნები, მშენებლობები, შახტები და მაღაროები  საქართველოში მშრომელთათვის უაღრესად სახიფათო სამუშაო ადგილებია. ხულოს ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა, მაღლივი კორპუსების აგება, ჭიათურის მაღაროები, ტყიბულის შახტები, ზესტაფონისა და რუსთავის ქარხნები და სხვა კიდევ მრავალი სამუშაო ადგილი მშრომელთა დასახიჩრების, დაინვალიდებსა და დაღუპვის ადგილებია. დღემდე ლიბერტარიანული შრომითი ნორმებიდან გამომდინარე სახელმწიფოში არ არსებობდა სპეციალური ორგანო, რომელიც სათანადო დონეზე მოახდენდა სამუშაო ადგილებზე ფატალური შედეგებისა და ტრავმების სტატისტიკის წარმოებას.

პროფკავშირებმა თავად აწარმოეს ასეთი სტატისტიკა და  დაადგინეს, რომ მშენებლობებზე, ენერგეტიკაში, სამთო მოპოვებაში, მეტალურგიაში, რკინიგზაზე, ნავთობისა და გაზის წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში, კავშირგაბმულობაში, მედიცინაში, ტრანსპორტში, მრეწველობაში, მომსახურების სფეროში იყო შედეგი სახის  ფაქტები:

2007 წელის 33 გარდაცვლილი  და  25 დაშავებული;

2008 წელს 38 გარდაცვლილი  და  34 დაშავებული;

2009 წელს 41 გარდაცვლილი  და  56 დაშავებული;

2010 წელს 81 გარდაცვლილი  და  168 დაშავებული;

2011 წელს 21 გარდაცვლილი  და  53 დაშავებული;

2012 წელს 29 გარდაცვლილი  და  118 დაშავებული;

2013 წელს 30 გარდაცვლილი  და  42 დაშავებული;

2014 წელს 41 გარდაცვლილი  და  66 დაშავებული.

ნათელია რომ ეს მონაცემები თუ შეიკრიბებოდა სახელმწიფოს სპეციალურ ორგანოს მიერ დაღუპული და დაშავებული მშრომელების სტატისტიკა კიდევ უფრო შემზარავი იქნებოდა.

ამ სტატისტიკური ციფრების უკან კონკრეტული ადამიანების და კონკრეტული ოჯახების ბედი დგას, რომელთაც დაკარგეს მათთვის უძვირფასესი  პიროვნებები ან მიიღეს სამუდამო ინვალიდები, რომელთაც სიცოცხლის ბოლომდე მოვლა ესაჭიროება.

აღსანიშნავია ისიც რომ სპეციალური სახელმწიფო ორგანოს არ არსებობის გამო, სამუშაო ადგილების აბსოლიტურ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება მშრომელთა შედარებით მსუბუქი ტრავმების რეგისტრაციაც კი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მშრომელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად განსაზღვრა ორი უმთავრესი ამოცანა, თანაბარი მნიშვნელობის პრიორიტეტები:

ა) საწარმოებში, ორგანიზაციებსა და კომპანიებში შრომის ტექნიკური უსაფრთხოების ყოვლისმომცველი და უწყვეტი კონტროლი;

ბ)საწარმოებში, ორგანიზაციებსა და კომპანიებსი შრომის სამართლებრივი უსაფრთხოების ყოვლისმომცველი და უწყვეტი კონტროლი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოციალური პარტნიორობის პრინციპის საფუძველზე, სამმხრივი (მთავრობა, პროფკავშირები, კერძო სექტორი) პარტნიორობით აპირებს ამ კონტროლის მიღწევას. პროფკავშირების მიზანია შეიქმნას შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ეფექტური მექამიზმი, სადაც სოციალური პარტნიორები – სამმხრივად გაინაწილებენ პასუხისმგებლობას.

სოციალურ პარტნიორობაზე დამყარებულ სისტემას ნამდვილად შეუძლია უზრუნველყოს ადეკვატური წახალისებაც და ადეკვატური პასუხისმგებლობაც, ყველა დონეზე შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოებაზე საკონტროლო-სამონიტორინგო ფუნქციების უწყვეტობა.

საქართველოში შრომის უსაფრთხოების პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე სოციალურ პარტნიორთა შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობას უფრო ყოვლისმომცველი, ფართე და მტკიცე ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ესაჭიროება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავის სიტყვა უნდა თქვან კანონმდებლებმა, რადგან სხვა მხრივ შეუძლებელი იქნება სამუშაო ადგილებზე ტრავმატიზმისა და ფატალური შედეგების კლებისკენ წარმართვა. შრომის უსაფრთხოების საკითხისადმი ჰუმანისტური და სოციალურად პასუხისმგებლური დამოკიდებულება უცილობლად შეუწყობს ხელს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ დაბალანსებულ განვითარებას.

28 აპრილს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მშრომელი, თავის პროფკავშირებთან ერთად, დარაზმულად და საჯაროდ მთელი ქვეყნის და სამყაროს გასაგონად გამოხატავენ მტკიცე და ურყევ ნებას – მშრომელებს უნდა ჰქონდეთ სამართლებრივად და ტექნიკურად უსაფრთხო, ჰიგიენურად სუფთა და დაცული სამუშაო ადგილები. ამ მშრომელთა და პროფკავშირთა თანამდგომი იქნება ქართველი მშრომელი და მისი პროფკავშირების გაერთიანება.

საქართველოს დემოსის ხმა ყურად უნდა იღოს კანონმდებელმა, ხელისუფალმა და დამსაქმებელმაც, რადგან ქვეყანა დემოკრატიის სახელით იმართება და ყველა მათგანი თავს დემოკრატად მოაზრებს, საკუთარ პოზიციას დემოკრატიულს უწოდებს.

28 აპრილი უსაფრთხო შრომისთვის ბრძოლის დღეა, ვუსურვოთ ჩვენს მშრომელებს, ერთად – პროფკავშირის რიგებში დარაზმულებს მიეღწიოთ წარმატებისთვის ამ ბრძოლის გზაზე.

სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE–სათვის