მიმდინარეობს საიტის განახლება

28 აპრილი – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისთვის შრომით ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა და წარმოადგენს შრომის უსაფრთხოება, რამდენადაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი ღირებულება.

ჩვენ, პროფესიული კავშირები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლობა პერმანენტულ ზედამხედველობას ვახორციელებთ საწარმოებსა და ორგანიზაციებში მიმდინარე შრომით პროცესებზე. ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევები გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოში შრომა საფრთხისშემცველია, რაზეც ასევე მეტყველებს საწარმოო უბედური შემთხვევების მძიმე სტატისტიკა.

2007-2018  წლების პერიოდში პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 524 და მძიმედ დაშავდა 1040 დასაქმებული. 2018 წელს გარდაიცვალა 59, მძიმედ დაშავდა 199 ადამიანი. 2017 წელს გარდაიცვალა 47, ხოლო მძიმედ დაშავდა 106. აღნიშნული მონაცემები არ არის სრულყოფილი, საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია.

ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობის შეფასებისას  მიღებული საზომია- 100 000 დასაქმებულზე გარდაცვლილთა რაოდენობა. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია 745000 ადამიანი. მათგან ყოველწლიურად საშუალოდ იღუპება 42,4 დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 000 დასაქმებულზე იღუპება დაახლოებით 5,7 ადამიანი. ევროკავშირის ქვეყნებში 100 000 დასაქმებულზე დაღუპულთა საშუალო ციფრი შეადგენს 1,8-ს. მათ შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია  ნიდერლანდებში- 0,6. ხოლო ყველაზე მაღალი რუმინეთში -5,6. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა წილი 3,1-ჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა  სამშენებლო  და სამთო სექტორი. გასულ წელს მხოლოდ  სამთო მოპოვებით სამუშაოებზე 16 ადამიანი დაიღუპა და 33 მძიმედ დაშავდა.

2018 წლის 5 აპრილს  უბედური შემთხვევა მოხდა მინდელის სახელობის შახტში. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და დარგობრივმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ კატეგორიულად მოითხოვა საქართველოს მთავრობისგან ტყიბულის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოების შეჩერება და სრულფასოვანი ინსპექტირების განხორციელება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული რომელიმე საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის მიერ. იქიდან გამომდინარე რომ მთავრობამ პროფკავშირის მოთხოვნა არ გაითვალისწინა პროფკავშირის ინიციატივითა და უკრაინის მეშახტეთა პროფკავშირის დახმარებით ჩატარდა უბედური შემთხვევის ალტერნატიული კვლევა. უკრაინელი ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტებმა უბედური შემთხვევის მიზეზად მიიჩნიეს ადამიანური ფაქტორი, სადაც ცალსახად გამოკვეთილი იყო საწარმოს ადმინისტრაციის ბრალეულობა.

2018 წლის 16 ივლისს ტყიბულის შახტში უბედური შემთხვევა განმეორდა, რამაც  4 ადამიანის გარდაცვალება და 6-ის მძიმედ დაშავება გამოიწვია. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანების საფუძველზე ტყიბულის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები შეწყდა. მოწვეულ იქნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (მთავრობა, პროფკავშირები, დამსაქმებელთა წარმომადგენლობა), რომელმაც სატენდერო პირობების საფუძველზე მოიწვია გერმანული საექსპერტო კომპანია „DMT გრუპი”, რომლის დასკვნის საფუძველზეც უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის შემდგომ ექსპლუატაციის ან მის საბოლოო კონსერვაციისა და ტყიბულში ალტერნატიული  სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით.

აღნიშნულმა საექსპერტო კომპანიამ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში განახორციელა ინსპექტირება და დადო შესაბამისი დასკვნა, რომლის თანახმადაც  შახტში იგივე ტექნოლოგიით მადნის მოპოვება  დაუშვებელია.  ამ ეტაპზე საწარმოს ადმინისტრაციის მიერ  საკითხის შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტა ნაპოვნი არ არის, რის გამოც იძულებითი მოცდენის პერიოდი გრძელდება. პროფკავშირების ძალისხმევით მეშახტეები იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე შრომის ანაზღაურებას სრულად იღებენ.

რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, შრომის სახელმწიფო ინსპექციის გაუქმების შემდგომ (გაუქმდა 2006 წელს) სამშენებლო ობიექტებზე ყოველ წლიურად საშუალოდ 20 ადამიანი იღუპება.  2018 წლის 22 მარტს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც დედაქალაქში მშენებარე ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქცია 3 000 ლარიდან – 30 000 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ თბილისში არსებულ სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით შედარებით გამოასწორა მდგომარეობა. სამწუხაროდ საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხო სხვა თვითმმართველ ქალაქებს,  სადაც შრომის უსაფრთხოების წესების დაღვევაზე სამშენებლო კომპანია ჯარიმდება მხოლოდ 500 ლარით. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა თვითმართველ ქალაქებში არსებულ სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის თვალსაზრისით დედაქალაქთან შედარებით მდგომარეობა ბევრად  მძიმეა.

მოქმედი კანონმდებლობებით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების მშენებლობის პროცესზე ამ დროისთვის ზედამხედველობას ახორციელებს ორი უწყება:  მერიის „მუნიციპალური ინსპექცია“ და „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი“. ამ უწყებების უფლებამოსილებები სამშენებლო სექტორთან მიმართებაში დღემდე არ არის გამიჯნული, რაც ამ უწყებებისთვის  ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორია სხვა ფაქტორებთან ერთად სამშენებლო სექტორში  ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის.

2019 წლის 19 თებერვალს ახალი რედაქციით ძალაში შევიდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. აღნიშნულ კანონში პროფესიული კავშირების გაერთიანების ძირითადი მოთხოვნები გათვალისწინებულ იქნა, კანონი შესაბამისობაში მოდის ევროდირექტივებსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან,   თუმცა კანონი ამ ეტაპზე სრულად არ არის ამოქმედებული, მისი გარეკვეული მნიშვნელოვანი მუხლები ძალაში შედის მ/წ-ის 1 სექტემბრიდან.  ამ დროისთვის კანონის მოქმედება ვრცელდება, მხოლოდ იმ საწარმოებზე, სადაც არის მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს – „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს“ ამ ეტაპზე მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე აქვს წელიწადში ერთხელ პირველადი ინსპექტირებისა და შემდგომ რეინსპექტირების (განმეორებითი ინსპექტირება იმ მიზნით, თუ რამდენად იქნა აღმოფხვრილი პირველადი ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები) განხორციელების უფლებამოსილება მათ საზედამხედველო ობიექტებზე. სხვა შემთხვევაში ზედამხედველობის ორგანოს ინსპექტირების განხორციელება შეუძლია მხოლოდ სასამართლოსთან შუამდგომლობით და საწარმოო  უბედური  შემთხვევის დროს.

და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შესამცირებლად აუცილებელია შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და კანონის აღსრულების ეფექტური სისტემის შექმნა.