სტატიის ავტორი: დავით არაბიძე
28 აპრილს, 12 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით, რათა მოვითხოვოთ უსაფრთხო შრომა!
საქართველოში სამუშაო ადგილებზე ადამიანები სახიჩრდებიან, ავდდებიან და იღუპებიან კიდეც. ამ სამწუხარო რეალობას კი დღემდე სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დასტურდება იმ ფაქტით რომ შრომა და რისკი ამ ქვეყანაში სინონიმებად არის ქცეული. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ორგანო, რომელმაც უნდა იზრუნოს ამ პრობლემის ჰუმანურ და სოციალურად პასუხისმგებელ გადაწყვეტაზე, ქაღალდზეც კი არ გამოიყურება შესაბამისად, რომ აღარაფერი ვთქვათ პრაქტიკაზე.
ახლოვდება 28 აპრილი, ამ დღეს 1989 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში პროფკავშირებმა და დასაქმებულებმა აქციებით ერთდროულად, ერთ დღეს გაიხსენეს სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებულები, დაავადებულები და დაღუპულები, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) 2003 წლიდან დაიწყო 28 აპრილის, როგორც შრომის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებულთა, დაავადებულთა, დაზიანებულთა და დაღუპულთა ყოველწლიური საერთო რიცხვი 3 მილიონიან მაჩვენებელს უახლოვდება და ეს კატასტროფული მონაცემი ხასიათდება უწყვეტი ზრდით.
სტატისტიკა საგანგაშოა საქართველოში, სადაც ბოლო ოთხ თვეში სამუშაო ადგილზე 18 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას არაერთხელ განუცხადებია, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ყალბ თეზისს, რომ „ტრავმატიზმი შრომის განუყრელი ნაწილია.“ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველ წელს კონკრეტულ თემას წევს წინ, ამ ტემების სია ამგვარია:
2003 წელი – „შრომის დაცვის კულტურა გლობალიზაციის პირობებში.“
2004 წელი – „ყველა სამუშაო ადგილზე შრომის დაცვის კულტურა.“
2005 წელი – „შრომის დაცვის კულტურა განსაკუთრებით მშენებლობის დარგში.“
2006 წელი – „ღირსეული შრომა, უსაფრთხო შრომა, დაცვა შიდსისგან.“
2007 წელი – „სამუშაო ადგილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა: გავხადოთ ღირსეული შრომა სინამდვილედ.“
2008 წელი – „პროფესიული რისკების მართვა.“
2009 წელი – „უსაფრთხო შრომა – ყველა ადამიანის უფლებაა.“
2010 წელი – „ახალ პირობებში შრომის სფეროში რისკების მართვა და პროფილაქტიკა.“
2011 წელი – „შრომის დაცვის მართვის სისტემა: გზა უწყვეტი სრულყოფისაკენ.“
2012 წელი – „მწვანე“ ეკონომიკაში შრომის დაცვის განვითარება.“
2013 წელი – „პროფესიული დაავდეების პროფილაქტიკა.“
2014 წელი – „სამუშაო ადგილებზე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას შრომის დაცვა.“
2015 წელი – „ერთად ავამაღლებთ პროფილაქტიკის კულტურას შრომის დაცვაში.“
2016 წელი – „სტრესი სამუშაო ადგილზე; კოლექტიური გამოწვევა.“
2017 წელი – „შრომის დაცვის შესახებ მონაცემების შეკრებისა და გამოყენების ოპტიმიზაცია.“
2018 წელი – „შრომის დაცვა – ახალგაზრდა მუშაკები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან.“
შრომის საერთასორისო ორგანიზაციის ყოველწლიური თემატიკის ჩამონათვალი ნათლად ადასტურებს, რომ შრომის დაცვის საკითხი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კაცობრიობის წინაშე და რა ხდება ამ დროს საქართველოში? 2018 წლის 7 მარტს ძალაში შედის კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც არ შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 81 კონვენციას „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“, № 102 კონვენციას „სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტების შესახებ“, № 121 კონვენციას „საწარმოო ტრამვების კომპენსაციის შესახებ“ და № 155 კონვენციას „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“. ეს კანონი არც შრომის დაცვის სფეროში არსებულ ევროდირექტივებს შეესაბამება. დიდი გულთმისნობა არ უნდა რომ ობიექტური ადამიანი მიხდეს, რომ აღნიშნული რედაქციით ეს კანონი ვერ შეამცირებს ქვეყანაში საწარმოო უბედურ შემთხვევებსა და პროფესიულ დაავადებებს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში შრომის ბაზარი განუვითარებელია, მაღალია უმუშევართა წილი მოსახლეობაში, მაშინ ნათელი ხდება თუ რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მიხედავად იმისა რომ ადამიანებმა იციან რომ მოუწვეთ მძიმე, საშიშ და მავნე პირობებში მუშაობა, ისინი მაინც თანხმდებიან მასზე. სხვა რა გამოსავალი აქვს დღეს ადამიანს საქართველოში, არსებული სისტემის პირობებში მოქმედებს შიმშილის დისციპლინის ფაქტორი და ძალიან ძლიერადაც მოქმედებს. დაუცველი შრომა კი იწვევს ქვეყანაში არსებული შრომითი პოტენციალისა და უნარების დაქვეითებას, ერის რეპროდუქციული შესაძლებელობების შემცირებას.
შრომის უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და მას ზუსტად ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სუვერენიტეტის საკითხს, რადგან საზოგადოების განვითარება ყოველთვის იდგა და იდგება მთავარ ფაქტორზე, ადამიანის შრომაზე, ღირსეულ და დაცულ შრომაზე.
მოდის 2018 წლის 28 აპრილი და ვიხსენებთ ყველას ვინც დასახიჩრდა, ვინც დაავადდა და ვისთვისაც მზე სამუამოდ დაბნელდა სამუშაო ადგილზე, ნათელი ხსოვნა ყველა მათგანს და ჩვენ კი ყველამ ვიზრუნოთ რომ ეს ასე აღარ იყოს. უსაფრთხო შრომა მშრომელებს!