საქართველოს პროფკავშირის მიერ ბოლო წლების მანძილზე აღებული დასავლური კურსი ბევრ პროფკავშირელს უჩენს იმის იმედს, რომ სულ მალე პროფკავშირი შესაძლებელია მართლაც ჩამოყალიბდეს დასავლური ტიპის მაღალი ქმედითუნარიანობის მქონე ორგანიზაციად. პროფკავშირების გაერთიანების აპარატის უფროსს, ბატონ ლაშა ბლიაძეს მიაჩნია, რომ დღეს უმთავრესი დასავლური ღირებულებების საქართველოში გადმოტანაა და ამისათვის პროფკავშირები კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.
ლაშა ბლიაძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი: “უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს პროფკავშირი გათანამდეროვების გზაზე ნამდვილად დადგა. ჩვენ ვართ საერთაშორისო პროფკავშირების წევრი, ვიზიარებთ ყველა იმ ღირებულებას, რომელიც დასავლეთში ჩვენს კოლეგებს აქვთ და ვცდილობთ, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის მშენებლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. დასავლეთის მხარდაჭერას ვგრძნობდით იმ პერიოდში, როდესაც პროფკავშირებს ყველაზე მეტად უჭირდა. ამ ორგანიზაციის წევრებს წინა ხელისუფლება გამუდმებით დევნიდა და ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა, დღეს საქართველოს პროფკავშირი ან ძალიან დასუსტებული იქნებოდა, ან საერთოდ აღარ იარსებებდა. ამიტომ, ჩვენთვის ნამდვილად პრიორიტეტია დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მნიშვნელოვანი ღირებულებების საქართველოში გადმოტანა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პროფკავშირებში სულ უფრო მცირე რაოდენობით ახალგაზრდები წევრიანდებიან. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა?
პროფკავშირების “დაბერება” მთელს მსოფლიოში ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს პროფკავშირს 30 წლამდე ასაკის დაახლოებით 15 ათასი წევრი ჰყავს. ეს არ არის დიდი რაოდენობა. ამიტომ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებთან სამუშაოდ კონკრეტული პროექტები დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ასევე ვმუშაობთ სტუდენტებთან – ჩვენს პოტენციურ წევრებთან. ის პრობლემები, რომლებიც დღეს დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე ექმნებათ, განპირობებულია არამხოლოდ ცუდი კანონმდებლობით, არამედ სოციალურ და შრომით უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობითაც. ეს ის პრობლემებია, რომლებიც დღეს ჩვენი ორგანიზაციის წინ დგას. ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო განათლების დანერგვით ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ სამუშაო ადგილზე მისულმა ადამიანმა იცოდეს ის ძირითადი უფლებები და გარანტიები, რომელიც მას გააჩნია.
დასაქმებულმა უნდა იცოდეს საერთაშორისო პრაქტიკა და ის პრეცედენტები, რომლებიც ნათელს ხდიან შრომით უფლებებს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც მთელს მსოფლიოში იყენებენ პროფკავშირები . ვცდილობთ, ახალგაზრდა წევრების მოზიდვით გავზარდოთ მათი ჩართულობა პროფკავშირის საქმიანობაში. ახალგაზრდების პროფკავშირულ საქმიანობაში ჩართვისათვის უკვე დავიწყეთ მასობრივი ინფორმაციების წყაროების გაზრდა. სოციალურ მედიაში დღეს უმეტესად ახალგაზრდები არიან ჩართულნი. ამიტომ, მათ მოსაზოდად პირველ რიგში თანამედროვე მედიასაშუალებების გამოყენებაა მნიშვნელოვანი. გვინდა, რომ ახალგაზრდებსა და ზოგადად ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პროფკავშირის საქმიანობის შესახებ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს პროფკავშირმა გორში, რუსთავსა და ფოთში სამი რეგიონული ოფისი გახსნა. რა იქნება ამ ოფისების ფუნქცია?
თავიდან ოფისი ქუთაისში გავხსენით, რომელიც დღემდე მუშაობს და ემსახურება იმერეთის რეგიონში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ დასაქმებულებს პირველ რიგში იურიდიული დახმარების სერვისს ვთავაზობთ. განსაკუთრებით მათ, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით სამსახური დაკარგეს და სასამართლოში აქვთ საქმე. ამ ოფისმა გაამართლა, რამაც მოგვცა სტიმული, რომ შემდეგ ევროკავშირის დახმარებით გორში და რუსთავშიც გაგვეხსნა ჩვენი ოფისები. მოგეხსენებათ, რუსთავში არაერთი საწარმო ფუნქციონირებს და პროფკავშირს ამ ქალაქში საკმაოდ ბევრი წევრი ჰყავს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია აგვისტოს ომის შემდეგ გახსნილი გორის ოფისის გაძლიერება.
ვცდილობთ მოვიცვათ როგორც დარგობრივი პროფკავშირები, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები და რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებიც. ევროკავშირის დახმარებით გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფისები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ ოფისებში იმართება სემინარები, იგეგმება მოლაპარაკებები და სხვა… ბოლოს ფოთშიც გავხსენით ოფისი. ესეც ძალიან მიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს ფოთში ბევრი გაფიცვა მოხდა. იყო სხვადახვა სახის პროფკავშირული აქტივობები და ვცდილობთ ამ ქალაქში დასაქმებულებმა საკუთარი უფლებების უკეთ დაცვა შეძლონ.
იქნებ გავავლოთ პარალელი წინა და ახალ ხელისუფლებას შორის. შეიცვალა თუ არა ხელისუფლების პროფკავშირისადმი დამოკიდებულება?
უმთავრესი ის არის, რომ მოიხსნა ჩვენს მიმართ ხალისუფლების წნეხი. წნეხის მოხსნა პირველ რიგში გამოიხატა იმით, რომ ადამიანებს ახლა თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ პროფკავშირული აქტივობები. მათ ახლა ნამდვილად აღარ აქვთ იმის შიში, რომ პროფკავშირული აქტივობის გამო შეიძლება ციხეში აღმოჩდნენ. შიშის დაძლევამ გამოიწვია ის, რომ დაიწყო გაფიცვების სერია. ჩვენ ვცდილობთ ეს პროცესი კანონის ჩარჩოებში იყოს მოქცეული. ასევე ვცდილობთ იმასაც, რომ მოლაპარაკებებით პრობლემების გადაწყვეტაში ახალი ხელისუფლების პოზიტიური როლი გამოვიყენოთ. გაფიცვა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერი სახის საწარმოო კონფლიქტი კონსტრუქციულ ჩარჩოებამდე მივიყვანოთ. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დაიწყო ახალ შრომით კანონმდებლობაზე მუშაობა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კანონმდებლობა სულ მალე ძირეულად გაუმჯობესდება.
ბოლო პერიოდში თქვენს მიერ განხორციელებული პროექტებიდან, რომელ პროექტებს გამოარჩევდით?
ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებიდან ძალიან მნიშვნელვანი იყო საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების მიერ გამოყოფილი სესხების მონიტორინგი. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა, მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიებს მისცეს დაბალპროცენტიანი სეხები. გამოყოფილი სესხის პირობებში ეწერა ორი ძირითადი ვალდებულება: 1. ვალდებულება გარემოსათვის ზიანის არმიყენებაზე. 2. კომპანიების მიერ დასაქმებული ადამიანების სოციალური ბენეფიტები გარანტირებული უნდა ყოფილიყო. ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგიტ გაირკვა, რომ საფინანსო ინსტიტუტების მეირ დაფინანსებული ბევრი ქართული კომპანია ამ ვალდებულებებს არ ასრულებს და მათ მიერ დასაქმებული ადამიანების მდგომაროება საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
ახლა ვიწყებთ მუშაობას საინტერესო პროექტზე, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივას აგრარული სექტორის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის ფასიან სტაჟირებას. ჩვენ ბოლო დროს სულ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული მიმართულებაა. ამიტომ ვცდილობთ, რომ სახელმწიფოს საპილოტე პროგრამა შევთავაზოთ, რათა ქვეყანას უკეთ მომზადებული აგრარულ სექტორში დასაქმებული ახალგაზრდები ჰყავდეს.