მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლის შემდეგ დიდი წნეხი მოიხსნა, საქართველოს პროფესული კავშირების გაერთიანება ბოლო დროს მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა. პროფესიული კავშირები უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გაფიცვების მთავარ ავანგარდში დგანან. თუმცა, როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი გოჩა ალექსანდრია ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, გაფიცვა ის ინსტრუმენტია, რომელიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული და სხვა შემთხვევაში გაფიცვას უბრალოდ შედეგი არ ექნება.
გოჩა ალექსანდრია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე: „წლების მანძილზე საქართველოს პროფკავშირი იბრძოდა ფიზიკური გადარჩენისათვის. დღეს ჩანს, რომ ფიზიკური გადარჩენისათვის ბრძოლა დამთავრდა. პოლიცია არ დაგვდევს, არ გვითვალთვალებენ და მეტ–ნაკლებად თავისუფლებაც არის. თუმცა ყველაფერი ისე საამურად ვერ იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. შრომის კანონმდებლობა ჯერ არ შეცვლილა და ისევ ძველი შრომის კოდექსია ძალაში. ეს დამსაქმებელს აძლევს უფლებას, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადამიანი გაუშვას სამსახურიდან დასაბუთებისა და მიზეზის მითითების გარეშე. დღევანდელი შრომის კოდექსი დამსაქმებელს ასევე აძლევს უფლებას დასაქმებულს გაუფორმოს ნებისმიერი ვადიანი ხელშეკრულება – ერთკვირიანი, ერთთვიანი და თუნდაც ერთდღიანი… ეს არის მათი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანებმა პროფკავშირული კუთხით არ იაქტიურონ.
ჩვენ ახლა ველოდებით კოდექსის შეცვლას, რომელიც უსამართლო მექანიზმებს შეზღუდავს და შრომის კოდექსის შეცვლის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდებით. აქტიურობა არც ახლა გვაკლია. მაგრამ დღეს ბევრ რამეზე თავს ვიკავებთ, რადგან ვერიდებით ჩვენი აქტივისტები არ გაყარონ სამსახურებიდან. პროფკავშირის რესურსები მოდის საწევროებიდან, რომლებსაც ჩვენი წევრები ყოველთვიურად იხდიან და ამ ფულს ძირითადად ახალი პროფკავშირული ორგანიზაციების შექმნას ვახმართ. შედარებით ფინანსურად ძლიერი პროფკავშირებიდან შემოსულ თანხებს სუსტ ორგანიზაციებს ვახმართ და ეს ერთმანეთისადმი სოლიდარობის პრინციპითაა ნაკარნახები. ამიტომ ძალიან რთულია უყურო იმას, როგორ იყრება წყალში ასე სიმწრით მოპოვებული საწევროები.
– ბოლო დროს, საკმაოდ ბევრი ახალი პროფკავშირი შეიქმნა. რას დაუკავშირებდით ამ მოვლენას?
–უკანასკნელ პერიოდში მართლაც არაერთი ახალი პროფკავშირი შეიქმნა, რაც ძალიან კარგი ტენდენციაა. პროფკავშირები შევქმენით: ფოთის პორტში, ყულევის ტერმინალში, რუსთავის ცემენტის ქარხანაში, ქსნის მინის ტარის ქარხანაში, ჭიათურაში… ამას გარდა, მედიცინის პროფკავშირმა რამდენიმე საავადმყოფოში დააბრუნა პროფკავშირი, რომელიც ადრე ადმინისტრაციებმა იძულებით გააუქმეს. აქტიურად მუშაობს მასწავლებლების პროფკავშირი და სხვა… განათლებისა და მედიცინის მუშაკთა პროფკავშირები განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იყვნენ. მათ წინააღმდეგ დიდი სახელმწიფო წნეხი არსებობდა. ექიმები და მასწავლებლები საკმაოდ დიდ საარჩევნო ელექტორატს წარმოადგენენ (რომელთაც გავლენა აქვთ საზოგადოებაზე) და წინა ხელისუფლებას არანაირად არ სურდა ამ სფეროებში პროფკავშირის აქტიურობა. ასევე დიდი წნეხი იყო საჯარო მოხელეთა პროფკავშირზე და ბოლო დროს იქაც დადებითი ძვრები შეინიშნება.
– ფაქტია, რომ სულ მალე შეიცვლება შრომის კოდექსი, რომელსაც თქვენ ყოველთვის აკრიტიკებდით. რას გამოიწვევს კოდექსის შეცვლა?
– მას შემდეგ რაც შრომის კოდექსი შეიცვლება, ჩვენ უკვე სხვა არანაკლებად რთული ამოცანების წინაშე დავდგებით. შრომის კოდექსი ზუსტად ისეც რომ შეიცვალოს როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, პროფკავშირი მაინც დარჩება დასაქმებულების დამცველად. იმის გამო, რომ საქართველოში წინა წლებში პროფკავშირის მოქმედება იყო შეზღუდული და წნეხის ქვეშ ვიყავით, დასაქმებულებისთვის ვერ ხერხდებოდა განათლების კამპანიის მასშტაბურად წარმოება. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვახორციელებდით კონკრეტულ ღონისძიებებს და ვცდილობდით დასაქმებულებში პროფკავშირული ცოდნა რაღაც დონემდე მაინც აგვემაღლებინა. ხალხს ვეუბნებოდით, რომ მათ კანონები ვეღარ დაიცავდნენ და მათი დამცველი მხოლოდ დიდი სოლიდარობა შეიძლება იყოს. სადაც ხერხდებოდა ეს სოლიდარობა, ხომ კარგი, (მაგალითად ზესტაფონისა და ტყიბულის შემთხვევებში) სადაც არ ხერხდებოდა, იქ წარმოუდგენლად მძიმე ვითარებამდე მივდიოდით. ახლა, როდესაც წნეხი აღარ არის, აუცილებლად უნდა გავაფართოვოთ ჩვენი მოქმედების არეალი. თვითოეულ ადამიანთან უნდა მივიდეთ და ავუხსნათ რისი უფლება აქვთ და რისი არა. ჯერ კიდევ სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს პროფკავშირთან დაკავშირებით და ზოგიერთები რატომღაც საბჭოურ ორგანიზაციას გვიწოდებენ. ეს დამოკიდებულება ბოლო წლებში შედარებით შერბილდა, მაგრამ ამ მხრივ პრობლემები კიდევ მრავლადაა.
– როგორ ფიქრობთ, გაიზრდება თუ არა გაფიცვების მასშტაბები ჩვენს ქვეყანაში?
– ადრე გაფიცვა რთული იყო. ახლა კი გაფიცვები ლამის ყველგან არის. არადა, გაფიცვები ადრე უფრო აღწევდა შედეგს, ვიდრე ახლა, როცა გაფიცვის საშუალება უფრო მეტია. ადრე ფიქრობდნენ, რომ თუკი გაფიცვა მოხერხდებოდა, შედეგების მიღწევის ალბათობა უფრო მეტი იყო. დღეს გაფიცვის გაკეთება არ ნიშნავს საქმის გაკეთებას. ბოლო დროს ბევრგან ჩატარდა გაფიცვა (მათ შორის მრავალდღიანი გაფიცვებიც) მაგრამ შედეგი იყო ნულთან ახლოს. გაფიცვის სახით არსებული მთავარი ინსტრუმენტი ბოლოსთვის უნდა იყოს შემონახული. ჯერ უნდა გამოიყენო სხვა მეთოდები და თუკი ყველა გაფიცვის წანამძღვარი რესურსი ამოიწურა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს გაფიცვას ფასი და მნიშვნელობა. ამ მნიშვნელოვან რამეს ჩვენთან დღეს სამწუხაროდ ბევრი დასაქმებული არ აქცევს ყურადღებას და ეგრევე გაფიცვას იწყებენ. გაფიცვას რომ იწყებ და შედეგს ვერ მიაღწევ, უნდა ჩათვალო რომ დამსაქმებელთან შემდგომი დიდი პერიოდის მანძილზე ვეღარაფერს გააწყობ.
თუკი გაფიცვამდე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩატარდა დასაქმებულებს შორის, გაფიცვამ ბიზნესი შეიძლება ისე დააქციოს, რომ ბიზნესიც განადგურდეს და დასაქმებულიც საერთოდ უმუშევრად დარჩეს. ამიტომ, ამ რესურსს გონივრული განსჯა და გამოყენება სჭირდება. საქართველოში სამწუხაროდ არიან ბიზნესმენები, რომლებსაც სოციალური დიალოგი მნიშვნელოვან ფასეულობად არ მიაჩნიათ და ბევრ საწარმოში ჯერ კიდევ მოქმედებს ცნობილი დამოკიდებულება: “მე უფროსი ვარ, შენ არაფერს წარმოადგენ. შენ უფროსი ხარ, მე არაფერს წარმოვადგენ.” ჩვენ არ გვინდა დამსაქმებელმა სულელებად ჩაგვთვალოს და არც ჩვენ ვაპირებთ მათ მტრებად გამოცხადებას. შენ თუ ხელმძღვანელი ხარ, ვითვალისწინებ შენს ინტერესებს, პატივსაც გცემთ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, შენგანაც ანალოგიური პატივისცემა თუ იგრძნობა ჩვენს მიმართ.
– სოლიდარობა პროფკავშირული ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი „იარაღია.” რამდენად დიდია სოლიდარობა ჩვენს საზოგადოებაში?
– მე ვფიქრობ, რომ პროფკავშირებს ბევრი სამუშაო აქვს წმინდა ინტელექტუალური თვალსაზრისით. დასაქმებულებისთვის ეკონომიკური განათლების მიცემა, სოლიდარობის გრძნობის გაღვივება და საკუთარ უფლებებში გარკვევა – ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემებია. ამას სჭირდება ბევრი შეხვედრა, ერთმანეთის პრობლემების გაზიარება. ასევე მნიშვნელოვანია დარგებს შორის სოლიდარობის გაღვივებაც. მაგალითად, ყულევში გამართული გაფიცვის დროს, დარგთა შორის სოლიდარობა ძალიან კარგად გამოჩნდა. ყულევში გაფიცვის დროს, კომპანია „სოკარმა” დაიწყო ყულევიდან შტრეიკბეხერების შემოყვანა, რომლებსაც გაფიცული ადამიანების ადგილი უნდა დაეკავებინათ საწარმოში. გაფიცულები საწარმოში შემსვლელ უცხო ადამიანებს მეგობრულად სთხოვდნენ, რომ უარი ეთქვათ მათ ნაცვლად სამსახურში შესვლაზე, რადგან ამით უდანაშაულო ადამიანები ლუკმაპურს კარგავდნენ. ეს ბევრმა გაიგო და სოლიდარობაც გამოიჩინეს.
ყულევის ტერმინალს აქვს სარკინიგზო უბანი. რკინიგზით შედის ტერმინალზე მრავალი სახის ტვირთი. რკინიგზის უბანს შესაბამისად ადგილობრივი რკინიგზელები ემსახურებიან. გაფიცვის დროს ყულევის ტერმინალმა რკინიგზის ფოთის სადგურს სთხოვა, რომ გამოეგზავნათ მემანქანე, რომელიც თბომავალს გაფიცული ტერმინალის მემანქანის ნაცვლად წაიყვანდა. ჩვენ დახმარება ვთხოვეთ რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენლებს სამტრედიაში, რომლებმაც თვითონ გაარკვიეს ვინც უნდა დამჯდარიყო თბომავალზე და სთხოვეს, რომ არ წასულიყო ყულევში. მემანქანე შუა გზიდან მიბრუნდა ფოთში. მეორე დღეს ეს მემანქანე რკინიგზის ადმინისტრაციამ თბილისში დაიბარა და საყვედურის გამოცხადების გარდა, 1000 ლარის ჯარიმაც გამოუწერეს იმისათვის, რომ 500 ლიტრზე მეტი საწვავი დაწვა და მათი ბრძანება მაინც არ შეასრულა. ამის შემდეგ ჩვენ რკინიგზის ადმინისტრაციას შევუთვალეთ, რომ თუკი ამ მემანქანეს (რომელმაც ნამდვილი გმირობა ჩაიდინა) თავს არ დაანებებდნენ, რკინიგზაშიც მიიღებდნენ გაფიცვებს. ამ ხერხმა გასჭრა და მემანქანეს მართლაც დაანებეს თავი. მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, რომ პროფკავშირი მართლაც არის დიდი ძალა და მას სჭირდება გულიანი, პატიოსანი ადამიანები.
– რა მიგაჩნიათ საქართველოს პროფკავშირების მთავარ მიღწევად ბოლო წლების მანძილზე და რა ვერ გააკეთეთ ისე, როგორც გინდოდათ?
– აუცილებლია პროფკავშირის იმიჯის ამაღლება. საზოგადოებაში ჩვენდამი დამოკიდებულება სხვადასხვანაირია. ზოგს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ პროფკავშირი საბჭოური ტიპის ორგანიზაცია უნდა იყოს და ცუდია ასეთი რომ არ ვართ. ზოგი კი პირიქით, – საბჭოურობას გვაბრალებს. ამ დამოკიდებულებებსაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. წლების მანძილზე იმდენად დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, რომ აქტიურობის სივრცე ძალიან შეზღუდული გვქონდა. პრობლემური იყო მედიის ჩვენდამი დამოკიდებულებაც. წლების მანძილზე ტელეკომპანია „კავკასიის” გარდა, სატელევიზიო ეთერი არ გვქონია. ამას გარდა, ალბათ კარგი იქნებოდა ჩვენი წევრები უფრო მეტად გაგვეთვითცნობიერებინა სოციალური დიალოგის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. იმედია ეს პრობლემები უახლოეს მომავალში დაიძლევა.
რაც შეეხება მიღწევებს… პროფკავშირი საერთოდ რომ გადარჩა – ალბათ ეს ყველაზე დიდი მიღწევაა! ჩვენ ისეთი პრობლემები გამოვიარეთ, კიდევ ცოტა ხანი რომ გაგრძელებულიყო წნეხი, შეიძლება საქართველოს პროფკავშირს საერთოდ აღარ ეარსება. ასევე მიღწევად მიმაჩნია უცხოურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა. თითქმის ყველა საერთაშორისო შრომის დაცვითი ორგანიზაცია ჩვენი პარტნიორია და ეს ადამიანები მხარში მართლაც რომ დიდი მონდომებით გვიდგანან. იმედია ეს ურთიერთობები შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება. უცხეთის „ფლანგზე” მართლაც კარგი პოზიციები გვაქვს. ახლა მთავარია საქართველოში არსებული პრობლემები დავძლიოთ.”