პირველი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰქონდა გარკვეული წარმოსახვები, რომ ხელისუფლების ცვლას, საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელობის ცვლა უნდა მოჰყოლოდა. ეს ადამიანები ფიქრობდნენ, რომ პროფკავშირების ბედი ხელისუფლების ცვლის პირდაპირპროპორციულად უნდა მომხდარიყო. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე, საქართველოს პროფესული კავშირების თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი პეტრიაშვილი გვესაუბრება.
ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე: „ობამა–სააკაშვილის შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა სააკაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ პროფკავშირების შევიწროებისაგან თავი შეეკავებინა. როდესაც ჰილარი კლინტონი აქ ჩამოვიდა, მანაც იგივე უთხრა საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენ გვეგონა, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდა, ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წარმოებული ძალადობის მასშტაბების შესახებ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სიტუაცია ცოტა სხვაგვარი იყო. ჩვენი ორგანიზაციის წევრების დარბევა, დაკავება, დაშანტაჟება, ჩვენი თხოვნის მიუხედავად პროფკავშირის არჩართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში, ჩვენი არჩართვა კონსტიტუციის შემუშავების დროს, პროფესიული განათლების საბჭოში ჩვენი აზრების არგათვალისწინება – ეს იძლეოდა იმის იმედს, რომ საზოგადოება ინფორმირებული იქნებოდა იმ პრობლემების შესახებ, რაც პროფკავშირებს ხელისუფლებასთან ჰქონდა. თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა.
საერთაშორის ორგანიზაციების დასკვნებში საქართველოს პროფკავშირების მხარდაჭერა ცალსახა იყო. თუმცა, ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე მაინც ვერ მიდიოდა. რა იყო ამის მიზეზი?
პროფკავშირი ყოველთვის იბრძოდა სიცოცხლისა და თვისუფლების რისკის საფასურად. ვაგზავნიდით საჩივრებს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ევროკავშირის კომისრები დასკვნებში წერდნენ, რომ თუკი ხელისუფლება პროფკავშირებს არ მოუსმენდა და შრომის კოდექსსს არ შეცვლიდა, ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. პირველ ოქტომბრამდე ვფიქრობდით, რომ ჩვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებით ხალხმა უკვე იცოდა ყველაფერი.
გარკვეული პოლიტიკური ძალები ხელისუფლების ცვლის შემდეგ ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ, რომ ახალ მთავრობასთან მოლაპარაკების გზით თვითონ მოვიდნენ ჩვენს ორგანიზაციაში ხელმძღვანელებად. მათ ჰგონიათ, რომ მთავრობაში წყდება ეს საკითხი, რაც შეცდომაა. ჩვენთვის გასაოცარი ის უფრო იყო, რომ ზოგიერთ ჟურნალისტსაც არ ესმოდა მდგომარეობა და სვამდა კითხვას – რას აკეთებდა პროფკავშირი ამ წლების მანძილზე და ხომ არ იყო საბოტაჟი ის აქციები, რომლებსაც გასული წლის შემოდგომაზე დასაქმებულები აწყობდნენ. ჩვენ იმ დროს ვაწყობდით აქციებსა და გაფიცვებს, როცა პოლიციიდან დაწყებული და გუბერნატორით დამთავრებული – ყველა ხელებს გვიგრეხდა და ყველანაირი გზით ცდილობდნენ, რომ ჩაეხშოთ პროფკავშირული მოძრაობა. ჩვენ მაშინ ვაწყობდით აქციებსა და გაფიცვებს, როცა ერთ დღეს ერთი და იმავე დროს, ერთი და იგივე საწერი კალმით დასმული ერთი და იგივე ხელწერით, 2400 კაცს მოაწერინეს ხელი კახეთში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში განცხადებაზე პროფკავშირებიდან გასვლის შესახებ. ამ ხელმოწერის მისაღებად, ზაფხულში დასასვენებლად წასული ხალხი ზოგი მთიდან და ზოგი ზღვიდან ძალით ჩაიყვანეს. ჩვენ მაშინ ვწერდით საჩივრებს და მაშინ ვაწყობდით გაფიცვებს, როდესაც საქართველოს პროფკავშირს განათლების მინისტრი და ქალაქის მერი ერთობლივად ებრძოდნენ. განათლების პროფკავშირების სათავეში სურდათ მოეყვანათ ერთ–ერთი მინისტრის ცოლის დის დედამთილი, ვინმე იზო ლომაია. პირადად მე ციხეში დაჭერითაც დამმუქრებიან.
გამოდის, რომ საქართველოს პროფკავშირის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, თქვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ნაკლებად ინფორმირება იყო. რა კეთდება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
ჩვენი პრიორიტეტი 2013 წელს იქნება პროფკავშირის საქმიანობის მოქალაქეებამდე უკეთ მიტანა. მე არ ვფიქრობ რომ ამგვარი კამპანიებით დაკავების რესურსი და ფუფუნება გაგვაჩნია, მაგრამ როგორც ჩანს ეს აუცილებელია. ჩვენში შოკი გამოიწვია იმან, რომ ვიღაცამ არ იცოდა საქართველოში პროფკავშირი რას აკეთებდა. ვგეგმავთ რომ პროფკავშირის თვითოეულ წევრს სახლში ტელეფონითა თუ იმეილით მისდიოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავს და რა უნდა გააკეთოს პროფკავშირმა მომავალში. მეორე მხრივ, მათგანაც უნდა მოდიოდეს ჩვენთან ინფორმაციები. ამისათვის, ევროკავშირთან ერთად გაიხსნა ორი საინფორმაციო ოფისი რუსთავსა და გორში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ანალოგიური ტიპის ოფისი უნდა გავხსნათ ფოთში.
თქვენი, როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის აზრით, შენარჩუნდება თუ არა საგაფიცვო მუხტი სხვადასხვა საწარმოებში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ კუთხით?
საგაფიცვო მუხტი აუცილებლად შენარჩუნდება და ამას აქვს თავისი მიზეზი. შეიძლება ვიღაც სადღაც საბოტაჟის მსურველი მართლაც იყოს, მაგრამ, პროფკავშირები საბოტაჟს არსად არ აწყობს და ეს ორგანიზაცია ყოველთვის მიდის თავისი გზით. რატომ არსებობს პროტესტი – ეს კარგად უნდა გაიაზრონ როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ყველამ ვიცით რა ხდებოდა ფოთის პორტში, რა ხდებოდა ხელვაჩაურში, როგორი უუფლებონი იყვნენ მეშახტეები და სხვა დასაქმებულებიც. წინა ხელისუფლებას ასეთი სქემა ჰქონდა: როდესაც უნდოდათ რეფორმა ვთქვათ განათლებაში, ჯერ დაარტყამდნენ პროფკავშირს, მერე ცვლიდნენ პროფკავშირების მიერ შექმნილ კანონებს (ზოგადი განათლების შესახებ კანონს, განათლების შესახებ კანონს) მერე სათითაოდ მიჰყვებოდნენ და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდნენ იმ მასწავლებლებს, რომლებიც მიუღებელნი იყვნენ მათთვის. შემდეგ იგივე გააკეთეს ექიმებთან დაკავშირებით. ყველამ ნახეთ რა დღეში აგდებდნენ საქართველოში ექიმებს. გამოდიოდნენ ტელევიზიით, ახდენდნენ მათ დისკრედიტაციას და მერე საზოგადოებაში კაცი აღარ რჩებოდა მათთვის სოლიდარობის გამომხატავი. „ესენი ხომ ის ექიმები არიან, რომლებიც ხალხს ხოცავენ” – აი ასეთი მეთოდები ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ ბოლშევიკებს. სხვათა შორის, საქართველოს წინა ხელისუფლებისათვის ბოლშევიკები პირველად საფრანგეთის ელჩს არ უწოდებია. ეს შეგვიძლია ვნახოთ ინტერნეტშიც. ეს სახელი წინა ხელისუფლებას პირველად პროფკავშირების გაერთიანებამ უწოდა და ვფიქრობ რომ სამართლიანადაც…
დასაქმებულთა შორის საპროტესტო მუხტი შენარჩუნდება მანამ, სანამ არ იქნება სოციალური დიალოგი. სანამ არ გვექნება რეალური სამმხრივი კომისია. მე წარმოდგენა არა მაქვს და ვერც ვაცნობიერებ, თუ რა უნდა გააკეთოს სამთავრობო კომისიამ. ისინი ცდილობენ, რომ კონფლიქტები ნაკლები იყოს. ყველა აქციაზე მოდიან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, მაგრამ მთავრობამ რა უნდა უთხრას კერძო სექტორში მომუშავე მხარეებს? ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ პასუხობს და უნდათ თუ თუ არა, მაინც ხელისუფლების ბიზნესში ჩარევა გამოდის. ერთდერთი მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს, ეს არის ის, რომ მათ მიუსმინონ დიალოგსა და პოლემიკას და მიიღონ გარკვეული პრევენციული ზომები კანონმდებლობის კუთხით. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი პრიორიტეტი მიენიჭოს დიალოგს. სხვა შემთხვევაში გაფიცვები საქართველოს ეკონომიკას გატანჯავს. ამაში დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ ეს გაფიცვები არის არა ამ მთავარობის წინააღმდეგ, არამედ იმ უუფლებობის წინააღმდეგ, რაც წინა მთავრობამ დააკანონა და რასაც დამსაქმებლები ბოროტად იყენებდნენ.
ხელისუფლების ცვლა რამდენად აისახა საქართველოს პროფკავშირის საქმიანობაზე?
პირველი ოქტომბრიდან დღემდე დახლოებით 30–მდე პროფკავშირული ორგანიზაცია შეიქმნა. დაახლოებით ამდენივე ორგანიზაციაში (თუ უფრო მეტში არა) წარმატებით მიმდინარეობს კოლექტიური მოლაპარაკებები და ეს რომ ციფრებში ავსახოთ, ირკვევა, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა კოლექტიური მოლაპარაკებებითა და პროფკავშირების მიერ გახსნილი თავისუფალი არეალით, 80 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამის რესურსი პირველ ოქტომბრამდეც არსებობდა, მაგრამ აქამდე ამ თანხებთან დასაქმებულ ადამიანებს არ ჰქონდათ შეხება. ხელფასების მომატება, დაზღვევა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება დ.ა.შ. – აღნიშნული თანხები ამ პრობლემების მოგვარებაზე გადანაწილდა. საერთაშორის ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ჯერ კიდევ 2009 წელს გვქონდა მზად. ახალი პოლიტიკური რეალობის შემდეგ კი, ამ ცვლილებების შეტანა უფრო რეალური გახდა. ამის მიუხედავად, ჩვენ კვლავ გვაქვს შენიშვნები არსებულ პროექტთან და ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო სრულყოფილი იყოს შრომის კანონმდებლობა. ხელისუფლების ცვლის შემდეგ არსებულ ნეგატიურ მოვლენად შემიძლია ჩავთვალო ის, რომ ძველი ხელისუფლების მსგავსად, ახალ ხელისუფლებასთან კვლავ დიალოგის ნაკლებობაა. უფრო მეტი დიალოგის საშუალება რომ იყოს, საქმე აშკარად უკეთესად იქნებოდა.