მიმდინარეობს საიტის განახლება

ახალი განცხადება მაღაროში გაფიცვის შესახებ

18.10.12 მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელობაში არსებული ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ და გააჩერეს საწარმოო პროცესი. გაფიცვა გამოწვეულია წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებით და იმ უსამართლო გარემოთი, რომელიც დანერგა სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურმა მენეჯერმა აკაკი გურჯიძემ.

მაღაროელების თქმით საწარმოში ადმინისტრაცია აწარმოებს ორმაგ ბუღალტერიას შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათი ეჭვით აკაკი გურჯიძე ამით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღანელობას ატყუებს. უწყისი, სადაც კონკრეტული მუშაკის მაღალი ხელფასია მითითებული წარედგინება კომპანიის სათავო ოფისს ზესტაფონში, ხოლო მეორე უწყისში იგივე მუშაკზე ის ოდენობაა ნაჩვენები, რომელსაც რეალურად იღებს.

სამ წელიწადზე მეტია მაღაროელებს ჭიათურის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობის დასაფინანსებლად ყოველთვიურად ხელფასიდან უკავდებათ 5 ლარი. ამ გზით აგროვილი თანხა დღეისათვის უნდა შეადგენდეს 630 000 ლარზე მეტს. მაღაროელთა თქმით ყოველი მათგანი ეკლესიის აშენების მომხრე კი არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთის მხრივ ამ თანხის დაკავების შესახებ ადმინისტრაციამ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო და მუშებთან შეთანხმება წერილობითი ფორმით არ მომხდარა, ხოლო მეორეს მხრივ ეკლესიის მშენებლობის პროცესს არ ეტყობა, რომ იქ ამ ოდენობის თანხა უკვე დახარჯულია. იქ მხოლოდ საძირკველია ჩასხმული და რამდენიმე კედელია ამოყვანილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ იქნას გამოკვლეული ზემოთხსენებული ფაქტები.

საწარმოში გაუსაძლისი შრომითი პირობები და შრომის უსაფრთხოების ძალიან დაბალი დონეა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ ბოლო 3 წელიწადში ათობით ადამიანი დასახიჩრდა და გარდაიცვალა. ფაქტის კვლევის დასკვნებში კი ყველა ასეთ შემთხვევაზე დაზარალებულია დადანაშაულებული. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის არც ერთი გარდაცვლილი ოჯახისათვის საწარმოს ადმინისტრაციას ფულადი კომპენსაცია არ გადაუხდია, თუ არ ჩავთვლით დაკრძალვის ხარჯებს.

საწარმოში აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია. მოუწესრიგებელია და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია გასახდელები, აბანოები, ტუალეტები და ზოგადად მთელი საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა.

მაღაროელებს ყოველდღიურად, მაღაროში შესვლის წინ აძლევენ დღიურ საკვებს, რომელშიც შედის ნახევარი პური და 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ან ერთი ცალი კატლეტი, ან ერთი ქილა მაწონი. მაღაროლეთა თქმით საკვები უმეტეს შემთხვევაში საჭმელად უვარგისია.

სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაცია, ასევე მაღაროების დირექტორები მუდმივი ზეწოლისა და შეურაცხყოფის ქვეშ ამუშავებენ მაღაროელებს. ითხვისის მაღაროს უფროსი ნუგზარ ჯოხაძე იმითაა ცნობილი, რომ გამოთქმული პროტესტის გამო მაღაროელ მერაბ იაკობიძეს ხელით შეეხო, წააქცია და სცემა, ხოლო ამავე მაღაროს თანამშრომელს იური სამხარაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე იმაშია, რომ ნუგზარ ჯოხაძემ მაღაროს ადმინისტრაციული კორპუსისთვის შეიძინა მაცივარი და ეს თანხა მაღაროელებთან შეთანხმების გარეშე მათი ხელფასებიდან დაქვითა.

სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს გენერალური მენეჯერის, აკაკი გურჯიძის ინიციატივით შექმნილი ,,ყვითელი“ პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც მაღაროელთა უფლებების დაცვას კი არ ანხორციელებს, არამედ მუდმივად ადმინისტრაციის შავ საქმეებს ,,აპრავებს“, მისი საქმიანობა კი მაღაროელთა ხელფასებიდან დაკავებული საწევრო გადასახადებით ფინანსდება და ეს თვეში დაახლოებით 15000 ლარია.  ამ ვითომ პროფკავშირის “სამთოელის” ვითომ ლიდერი ვინმე მურმან მუმლაძეა, რომელის ხელმოწერა და თანხმობაც ამშვენებს მაღაროებში საწარმოო ტრავმით დასახიჩრებული ან გარდაცვლილი ადამიანების დამადანაშაულებელ საგამოძიებო დასკვნებს. 2010 წლიდან დღემდე ჩვენი პროფკავშირი ცდილობს ჭიათურაში ჭეშმარიტად თავისუფალი პროფკავშირის შექმნას, ისეთის, როგორიც 2009 წელს შევქმენით ზესტაფონის ფეროში. თუმცა ბატონი გურჯიძის მხრიდან კრიმინალური მოქმედებების, კერძოდ ჩვენი აქტივისტების შეურაცხყოფისა და დაშინების გამო ჭიათურაში ეს ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა ჩვენი პროფკავშირი უანგაროდ დაეხმარა საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დასახიჩრებული და გარდაცვლილი რამდენიმე მაღაროელის ოჯახს და სასამართლოში მოაგებინა ათეულათასობით საკომპენსაციო თანხებთან დაკავშირებული დავები. ჩვენ კვლავაც ვდგავართ მაღაროელების გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ ყველა სახის საჭირო დახმარება.

ყოველივე ზემოთთქმულმა და ასევე იმან, რომ 2006 წელს შრომის კოდექსისა და მის ავტორთა დამსახურებით დამსაქმებლები სრულად დომინანტობდნენ დასაქმებულებზე და გამოთქმული პროტესტის შემთხვევაში საქმეში ძალოვანი სტრუქტურები ერეოდნენ, გამოიწვია 2012 წლის 15 ოქტომბრის გაფიცვა. მოვითხოვთ, რომ სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ხელმძღვანელობა ჩამოშორდეს თანამდებობებს, ხოლო ბატონი გურჯიძის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი პროცესში თავიდანვე ჩართულია. ადგილზე მუშაობს იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლობა ბატონი მურმან არჯევანიძის ხელმძღვანელობით და აცხადებს მზადყოფნას, რომ ჩაერთოს შედეგზე ორიენტირებულ კოლექტიურ მოლაპარაკებებში.