საქართველოს მთავრობას
საქართველოს პარლამენტს
სამოქალაქო საზოგადოებას
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების
მ ი მ ა რ თ ვ ა
კოდევ ერთი გაზაფხული შემოვიდა საქართველოში. კიდევ ერთი ურთულესი ზამთარი გადაიტანა შრომისმოყვარე ქართველმა ხალხმა – უმძიმესი ადამიანური და ფინანსური დანაკარგებით. გამძვინვარებული ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების შეუჩერებელი ზრდის ფონზე, საჯარო მოხელეებმა, პედაგოგებმა, ენერგეტიკოსებმა, რკინიგზელებმა, მაღაროელებმა, მეშახტეებმა, მეტალურგებმა, ქიმიკოსებმა, მედიკოსებმა, მშენებლებმა, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის, მომსახურების, სპორტისა და კულტურის სფეროებში დასაქმებულებმა, ყველაფრის ფასად უზრუნველყვეს ქართული სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პროდუქციის შექმნა და მომსახურების გაწევა. კვლავაც მშრომელი ადამიანების მოთმინების, სამშობლოს და ოჯახების მიმართ მათი უსაზღვრო სიყვარულის ხარჯზე იქნა შენარჩუნებული ქვეყანაში სოციალური მშვიდობა. მშრომელი ადამიანის ღვაწლის დამამცირებელი და აბუჩად ამგდები შრომის კანონმდებლობისა და მოპყრობის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ და პატიოსნებასთან მწყრალად მყოფმა მრავალმა ბიზნესმენმა, კიდევ ერთხელ შეამოწმეს საქართველოს მოქალაქეების ნერვების სიმტკიცე.
თუმცა იმავდროულად კიდევ ერთხელ გამოიცადა თუ სად გადის საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციის ზღვარი, საკუთარი სისხლისა და ხორცისადმი მათი თანაგრძნობის ხარისხი, შრომასა და ოჯახს თავშეწირული მშრომელი ადამიანებისადმი მათი სოლიდარობის გრძნობა. სამწუხაროდ, ისევე როგორც გასულ წლებში, ხელისუფლებამ ამჯერადაც ჩააგდო გამოცდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცესები მიმდინარეობდა და კვლავაც მიმდინარეობს, საქართველოს პროფესიული კავშირების მხრიდან მთავრობის კონსტრუქციული და კეთილმოსურნე კრიტიკის ფონზე, ჩვენი ქვეყნის უახლოესი მეგობრების: ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის (როგორც ორგანიზაციის და მისი წევრი სახელმწიფოების), ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და სხვათა გულწრფელი რჩევებისა და რეკომენდაციების თანხლებით. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობას, დისკრიმინაციული შრომის კანონმდებლობის შეცვლასთან და საკუთარი უფლებების დასაცავად მებრძოლი პროფკავშირული აქტივისტების დევნის შეწყვეტასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვნად, მის მიერ 8 წლის წინ ამოჩემებული ფსევდო-ლიბერალური იდეების ჯიუტად განხორციელება მიაჩნია.
სამწუხაროა, როცა აღნიშნული დაუსაბუთებელი პრინციპების ცხოვრებაში გატარება და თანმდევი რეფორმების შედეგად განვითარებული ეკონომიკური კრიზისი, ინფლაციის კატასტროფული მაჩვენებლები, სახელმწიფო ვალისა და გადასახადების უპრეცედენტო ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტისა და სიღატაკის სიღრმის შემაშფოთებელი მასშტაბები, მთავრობისთვის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს გამაფრთხილებელ სიგნალს. გაუაზრებელი ეკონომიკურ-სოციალური პოლიტიკის “წყალობით”, მხოლოდ გასულ წელს საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ 15%-ით გაღარიბდა, ასობით შრომისუნარიანი მოქალაქე გარდაიცვალა და დასახიჩრდა სამუშაო ადგილებზე უპასუხისმგებლო დამსაქმებელთა მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო, ათასობით ადამიანი იქნა სამუშაოდან უსამართლოდ დათხოვნილი და სიღარიბისთვის ან ქვეყნიდან გადახვეწისთვის განწირული.
პროფკავშირების ყველა ინიციატივა, რომლებიც მიმართულია დასაქმებულთა უფლებების პატივისცემისა და დაცვისაკენ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სოციალური ხარჯების ფარგლებში მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის უკეთესი მომსახურების უზრუნველყოფისაკენ, საერთაშორისო ვაჭრობაში ქართული ბიზნესის პოზიციების განტმკიცებისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისაკენ, უკვე მერამდენედ რჩება უყურადღებოდ. არადა, აღნიშნული ინიციატივების თუნდაც ნაწილობრივ განხორციელებას შეეძლო მნიშვნელოვნად განემტკიცებინა ქვეყნის სტაბილურობა, საერთაშორისო იმიჯი, შეემსუბუქებინა ქვეყნის მოსახლეობის სიდუხჭირე. ამასთან, მოქალაქეები თავს უფრო ღირსეულად და თავისუფლად იგრძნობდნენ, რაც არის კიდეც ჭეშმარიტი ლიბერალიზმის უმთავრესი მიზანი. თუმცა სამწუხაროდ, ხელისუფლება-ოპოზიციას შორის დანაწილებული ქართული მას-მედიის დამსახურებით, წმინდა წყლის ნეო-ბოლშევიკური მოქმედებები უკეთილშობილესი ლიბერალური პოლიტიკის შედევრებად ცხადდება.
ბოლო არ უჩანს სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და დამსაქმებელთა დიდი უმრავლესობის მხრიდან ლიბერალური დემოკრატიის ისეთი ფუნდამენტური მონაპოვრის, როგორიცაა ასოციაციის თავისუფლება – ხელყოფისა და ფეხქვეშ გათელვის ფაქტებს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, საერთაშორისო თანამეგობრობასა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, დიდი ხანია პასუხს ითხოვს შემდეგ კითხვებზე:
1. როდის შეიცვლება მოქმედი შრომის კოდექსი და შეწყდება სამსახურიდან დასაქმებული ადამიანების უმიზეზოდ, დასაბუთების გარეშე დათხოვნა?
2. როდის გაიაზრებს ხელისუფლება ინფლაციის შედეგად გაღარიბებული მოსახლეობის და დასაქმებული ადამიანების შემოსავლების უპირობო ინდექსაციის აუცილებლობას?
3. როდიდან გახდება საქართველოში 8 საათიანი სამუშაო დღე დასაქმების აუცილებელი პირობა?
4. როდის მიეცემათ საქართველოში დასაქმებულებს სამართლიანი ხელფასების განსაზღვრაში მონაწილეობის უფლება კოლექტიური მოლაპარაკებების საშუალებით?
5. როდემდე უნდა იტანჯონ ადამიანებმა ორკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი და მსგავსი სახის მაშანტაჟებელი შრომითი კონტრაქტებით როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში?
6. როდემდე უნდა გაამართლოს მოკლევადიანი შრომითი კონტრაქტების საჭიროება ხელისუფლებამ ბიზნესის ადვილად წარმოების უზრუნველყოფის მიზეზით?
7. როდის შეწყდება საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების საქმეებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ხელის ფათური და პედაგოგთა დევნა მათთვის ქვეყნის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენების გამო?
8. როდემდე გაგრძელდება საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობის მხრიდან რკინიგზელთა პროფკავშირების საქმიანობის ხელის შეშლა, საკუთარი შრომითი უფლებების აქტიურად დამცველი რკინიგზელების დაშინების და პროფკავშირული შეკრებების აკრძალვის მცდელობები?
9. როდიდან გახდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომა ჭეშმარიტად თავისუფალი და დაფასებული და აღარ იქნება საჯარო მოხელის სამუშაო ადგილი და ოჯახის ბედ-იღბალი უწყებაში ახალი ჩინოვნიკის “საკუთარი გუნდით” მისვლაზე დამოკიდებული?
10. როდემდე აპირებს მთავრობა საჯარო მოხელეთა გადამზადებაზე გაწეული ხარჯების და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების განიავებას?
11. როდის შეიცვლება ხელისუფლების რეპრესიული დამოკიდებულება ქართველი ექიმების, ექთნების, სანიტრების მიმართ და მიეცემათ მედიკოსებს თავისუფლად შრომის, ცოდნის გაღრმავების და საქმიანობის საშუალება?
12. როდიდან მოეკიდება ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებას სერიოზულად და შეწყვეტს პროფკავშირების დევნას ამ სფეროში?
13. როდიდან გახდება ჟურნალისტის შრომა ადეკვატურად დაფასებული და როდის შეწყდება მათი დათხოვნა უსამართლოდ სიმართლის თქმის, საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის ან პროფკავშირების შექმნის მცდელობის გამო?
14. როდის შეწყვეტს ხელისუფლება დასაქმებული ადამიანების მიერ პროფკავშირული საწევროების შეგროვებისათვის ხელის შეშლას და პროფკავშირული სალაროების თავისუფლად ორგანიზებასა და განკარგვაში ჩარევას?
15. როდიდან გახდება დასაქმებულთა ზეგანაკვეთური შრომა სამართლიანად ანაზღაურებადი, სწორედ იმგვარად როგორც ეს საქართველოს მიერ რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტიითაა გათვალისწინებული?
16. როდის დაფასდება მძიმე, მავნე და ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის პირობებში მომუშავეთა შრომა საკადრისად?
17. როდიდან მოხდება საწარმოო ტრავმების შედეგად გადრაცვლილთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისთვის ღირსეული და საკმარისი კომპენსაციის გადახდა სასამართლო ინსტანციებში მრავალწლიანი პროცესების გამართვის გარეშე?
18. როდის დაიწყება საწარმოო ტრავმების და პროფესიული დაავადებების შემთხვევების სამართლიანი გამოკვლევა-გამოძიება და მასში დასაქმებულთა ორგანიზაციის წარმომადგენლის შეუფერხებლად მონაწილეობის უზრუნველყოფა?
19. როდის მიიღებს ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტილებას, რომ დეკრეტულ შვებულებაში გასვლისათვის ღირსეული და სამართლიანი კომპენსაცია გასცეს?
20. როდის შეწყდება სახელმწიფო ბიუჯეტის განიავება უხარისხო დაზღვევის მომსახურებაზე?
21. როდის მიეცემა სოციალური ღირებულება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა შემწეობას?
22. როდის გახდება პენსია დაპირებული ასი დოლარის ოდენობის და მიეცემა რეალური შეღავათები პენსიონერებს სოციალური ინფრასტრუქტურით სარგებლობისათვის?
23. როდის იგრძნობენ უმუშევრები საქართველოს სახელმწიფოს ზრუნვას ეფექტური პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობისა და ფულადი შემწეობის სახით?
24. როდის დაემსგავსება საქართველოს შრომის ბაზარი ფუნქციონირებად ინსტიტუტს?
25. როდის ამუშავდება საქართველოს ეკონომიკა საბაზროს პრინციპებზე და აღარ იქნება დამოკიდებული მონოპოლიებზე?
ჩვენი ქვეყნის გზა საზოგადოების კეთილდღეობისაკენ, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისაკენ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებზე გადის. სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი კი საშუალო კლასი, ანუ ღირსეულად დასაქმებული და თავისუფალი ადამიანების ერთობაა. ყველა განვითარებულ, თავისუფალ ანუ ლიბერალურ საზოგადოებაში, პროფკავშირული მოძრაობა საშუალო კლასის ინტერესების გამომხატველი და დასაყრდენია.
ზუსტად 110 წლის წინ, 1 მაისს, აქ ამ ადგილას, თბილისის მლაშე ტბების მიდამოებში, ანალოგიური მოთხოვნები გაისმოდა. თბილისის რკინიგზის სახელოსნოების, ადელხანოვის ტყავის ქარხნის და სხვადასხვა ფაბრიკების მუშების მოთხოვნებს შორის პროფკავშირების შექმნის უფლების, პროფკავშირული სალაროების თავისუფლად ფუნქციონირების და 8 საათიანი სამუშაო დღის საკითხები ყველაზე მწვავედ იდგა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ცარიზმის უღლის ქვეშ მყოფი, რუსულ ინტერესებს დაქვემდებარებული იმდროინდელი მთავრობისაგან განსხვავებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უკეთ გააცნობიერებს წინამდებარე მიმართვაში გადმოცემულ მოთხოვნებს. საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გამომწვევი მიზეზებისადმი მთავრობის ადეკვატური დამოკიდებულება ქვეყანას აარიდებდა 1917 წლის მსგავს კატაკლიზმებს.
აუცილებელია, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობის ნაცვლად, მთავრობამ ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და ქმედუნარიან ინსტიტუტად ჩამოყალიბებას. საქართველოს პროფკავშირებს კვლავაც მიაჩნია, რომ გულწრფელი და კონსტრუქციული სოციალური დიალოგის ფარგლებში შესაძლებელია აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრა.
მიღებულია საქართველოს პროფკავშირების საპირველმაისო აქციაზე ქ. თბილისში, ყოფილი მლაშე ტბების ტერიტორიაზე 2011 წელს