მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მიმართვის ტექსტი

28
აპრილი გაეროს მიერ ოფიციალურად გამოცხადდა, როგორც ეროვნულ დონეზე სამუშაო ადგილებზე
დაშავებულ და გარდაცვლილ მუშაკთა ხსოვნის აღსანიშნავი დღე, რასაც მსოფლიოს მრავალმა
ქვეყანამ საკანონმდებლო დონეზე დაუჭირა მხარი. ეს თარიღი შრომის დაცვის მსოფლიო დღეა,
რომელსაც აღნიშნავს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

ბოლო პერიოდის
განმავლობაში  ქვეყანაში განმტკიცდა სახელმწიფო
მმართველობა, შეიქმნა საკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურა, თუმცა სამართლებრივი რეფორმების
ფარგლებში, ინვესტორთა მოზიდვით დაინტერესების მოტივით შეცვლილი შრომის კოდექსით გაუარესდა
დასაქმებულთა შრომის სამართლებრივ-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. დამსაქმებელი
ფაქტიურად ერთპიროვნული, შეუზღუდავი უფლებებით აღიჭურვა, მას შეუძლია საკუთარი შეხედულებებისა
და გუნება-განწყობის შესაბამისად სამუშაოზე მიიღოს და გაათავისუფლოს მუშაკი, შეუმციროს
შრომის ანაზღაურება, გაუზარდოს სამუშაო დრო, დაითხოვოს და არ გასცეს კომპენსაციები,
არ აანაზღაუროს საავადმყოფო ფურცელი, არც მეწარმეს და არც სახელმწიფოს არ ეკისრებათ
შეღავათების, კომპენსაციების დაწესება შრომის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებისათვის,
ასევე არ ეკისრებათ ვალდებულება საწარმოო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებების
გამოკვლევისა და აღრიცხვის საქმეში. 

2010 წელს
სამუშაოზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგაშო
მდგომარეობა: ტრავმების შედეგად გარდაცვლილია 81 ადამიანი, 2009 წელს-37; 2009 წელს
ჯგუფური სასიკვდილო უბედური შემთხვევის რაოდენობა 2 ერთეულს შეადგენდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 21 მდე, ე.ი. 10-ჯერ გაიზარდა.
ასევე 4 დან 19 მდე გაიზარდა საწარმოო ჯგუფური ტრავმების რაოდენობა (400%-ით), რომლის
დროსაც (ერთდროულად  2 დან 7 მუშაკამდე) დაშავდა
45 მუშაკი. (2009 წელს  დაზარალებულთა საერთო
რაოდენობა 10-ს შეადგენდა) 2010 წელს მძიმე უბედური შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა
168 ერთეული,  რომელიც 2009 წლის მონაცემებთან
(30) შედარებით 5,6-ჯერ მეტია.

უბედური
შემთხვევებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაზე
მოდის. შემდეგ მოდიან მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობა; ენერგეტიკის სფერო;
ნავთობის, გაზის და ნახშირის მრეწველობა; კვშირგაბმულობა;
რკინიგზა; მეტროპოლიტენი და სხვა. საგანგაშოა  ტყიბულის ნახშირის შახტებში და ჭიათურის მაღაროებში
არსებული ძალზე მძიმე მდგომარეობა. მხოლოდ 
ორ საწარმოში -”საქნახშირის” მინდელის სახელობის  ქვანახშირის შახტზე  ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა სამი უბედური
შემთხვევა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 11 მძიმედ დაშავდა. შ.პ.ს. “ჯორჯიან
მანგანეზის” მაღაროებში დაიღუპა 3 და დაშავდა 4 მუშაკი.

ეს
შედეგები განაპირობეს მთელმა რიგმა ფაქტორებმა: კერძოდ, არ არსებობს დასავლეთში აპრობირებული,
შრომის დაცვაზე საზედამხედველო სახელმწიფო ორგანო (2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო
ინსპექცია); ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს აღარ ჰყავს წარმომადგენლობითი სტრუქტურები
მომეტებული სფრთხის ობიექტებზე; რეფორმის შედეგად შრომის კოდექსიდან ამოღებულია მუხლი,
რომლითაც პროფკავშირებს უფლება ჰქონდათ ყველა საწარმოში საზოგადოებრივი ზედამხედველობა
დაეწესებინათ შრომის კოდექსისა და შრომის უსაფრთხოების მოქმედი წესების  შესრულებაზე; ზიანის ანაზღაურების ახალი წესით დამსაქმებელსა
და დასაქმებულის პირდაპირი ურთიერთობის სიბრტყეშია გადატანილი წარმოებაში მიღებული
ზიანის გამო სარჩოს დანიშვნისა და ანაზღაურების საქმის გადაწყვეტა; შემთხვევის გამოძიება
და სასამართლოში განხილვა რამდენიმე (2-დან 4-დე) წელს გრძელდება; საადვოკატო მომსახურების
ფინანსური და ორგანიზაციულ-ტექნიკური უპირატესობები აშკარად დამსაქმებლის მხარესაა;  მოშლილია და “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”
ახალი კანონით არავითარი პერსპექტივა არ აქვს სამუშაოზე მიღებისას წინასწარი და შემდგომი
სამედიცინო პერიოდული გასინჯვების მკაცრად ორგანიზებულ სისტემის არსებობას; სამედიცინო
მომსახურების სიძვირის გამო, დასაქმებულს არ აქვს გამოკვლევების ჩატარების საშუალება,
რის გამოც დაავადებათა დადგენა ხდება შორსწასული შემთხვევების დროს, როცა მუშაკი შრომისუუნაროა
და ფაქტიურად მძიმე ავადმყოფია.

სამართლებრივი
განათლების არასაკმარისი დონისა და დასავლური ტიპის პროფმოძრაობის გამოცდილებას მოკლებულ
მოსახლეობასთან ურთიერთობის მიუხედავად, მწირი საკანონმდებლო ბაზის პირობებშიც კი მიღწეულია
სამმხრივი დიალოგი პროფგაერთიანებას, ხელისუფლებასა და დამსაქმებელთა მონაწილეობით.   

იმისთვის,
რომ გაუმჯობესდეს შრომის დაცვის მდგომარეობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს შრომის ნაყოფიერების
ზრდასა და ქვეყანაში საწარმოო ძალთა განვითარებას, აუცილებელად მიგვაჩნია საქართველოს
ხელისუფლებამ მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ” 176-ე კონვენციის,
ევროპის სოციალური ქარტიის მე-2 მუხლის  მე-4
პუნქტისა და მე-3 მუხლის რატიფიკაცია; შეიმუშაოს და მიიღოს კანონი “შრომის დაცვის შესახებ,”
რომელშიც შევა “წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის
წესი”. წარმოებაში შრომის პირობებზე ზედამხედველობის,  მომხდარი ყველა მძიმე და სასიკვდილო ტრავმის ობიექტურად
და გამჭვირვალედ გამოკვლევისათვის, მოვითხოვთ შეიქმნას სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანო, შრომის ინსპექცია, ისევე ახლებურად რეორგანიზებული, როგორც საგზაო პოლიციის
ნაცვლად შეიქმნა საპატრულო პოლიცია. კანონში გაითვალისწინონ პროფკავშირების საზოგადოებრივი
ზედამხედველობის ფუნქცია. მიგვაჩნია, რომ შრომის დაცვის სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა
არ ტოვებს ადგილს გულგრილობისა და სხვის უბედურებაზე ნეიტრალური დამკვირვებლებისთვის.

მიღებულია
2011 წლის 28 აპრილს, სამუშაო ადგილებზე დაშავებულ და გარდაცვლილ მუშაკთა ხსოვნის აღსანიშნავი
საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე