ბატონ დავით ბაქრაძეს
ბატონო დავით,
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების აუცილებლობა გამოიწვია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე შედეგებმა, რომლებმაც პირდაპირი გავლენა მოახდინა დასაქმებულთა სოციალურ მდგომარეობაზე, რაც გამოწვეულია:
_ კრედიტების გაცემის პროცესების გართულებით;
_ კრედიტების პროცენტის ზრდით;
_ ადგილებზე მაღალი მოსაკრებლებით (ბაზრობებზე);
_ სავაჭრო ცენტრებში იჯარის ფასების ზრდით;
_ მაღალი საჯარიმო სანქციებით (სალარო აპარატებთან მიმართებაში);
_Fსალარო აპარატების ღირებულებითა და ყოველთვიური მოსაკრებლით (აპარატების გამართულობისათვის) და ა.შ.
საკითხის მხოლოდ ერთ სეგმენტში _ `ბაზრობებზე” განხილვის შემთხვევაშიც კი ნათლად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის თვითდასაქმებულები, რომელთა დღიური ბრუნვა 100 ლარს არ აღემატებოდა. საქართველოში არსებულ ბაზრობებზე ერთმანეთის მიყოლებით იცლება დახლები და იხურება მაღაზიები, ეს განსაკუთრებით რეგიონებშია თვალშისაცემი. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში მხოლოდ ბაზრობებზე 60.000 კაცია დასაქმებული. ეს ციფრი კი არ ასახავს იმ რეალურ სურათს, რომელიც სინამდვილეშია, რადგანაც ზემოთ ხსენებული პრობლემების გათვალისწინებით ეს ადამიანები ცდილობენ გადაინაცვლონ `გარე ვაჭრობაში” და ამით თავი აარიდონ პირდაპირ თუ ირიბ გადასახადებს. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში თვითდასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1.100.000-ს აღწევს!!! ეს არის კატეგორია ხალხისა, რომლებსაც ხელისუფლებისაგან არაფერი მოუთხოვია, თავიანთი შესაძლებლობებით აიღეს კრედიტები და თავი დაისაქმეს სხვადასხვა ბაზრობებსა თუ სავაჭრო ობიექტებში და ამ ხალხს სოციალური სტატუსიც კი არ გააჩნია.
100.000 ადამიანზე მეტია მოხვედრილი ბანკების შავ სიებში (გადახდის უუნაროა), რომელთა უმეტესობაც ზემოთ ხსენებულ ადამიანებზე მოდის.
ეს პრობლემა ყველაზე მძიმედ აისახა მცირე ობიექტებზე, რომელთა დღიური ბრუნვა არ აღემატება 100 ლარს, ანუ იმ ადამიანებზე, რომელთა ყოველდღიური შემოსავალი(მოგება) 4-დან 6 ლარამდე მერყეობს და ეს ხალხი ხშირ შემთხვევაში ოჯახის ერთადერთ მარჩენლად გვევლინება. მაგალითად: თუ ერთი ობიექტი, სადაც მინიმუმ 2 ადამიანია დასაქმებული და მისი დღიური ბრუნვა შეადგენს 100 ლარს, 100 ლარიდან მაქსიმუმ 20%-იანი მოგების შემთხვევაში შემოსავალი = 20 ლარს, 20 ლარიდან 20% მოგების გადასახადი = 4 ლარს.
ანუ დღიური შემოსავალი რჩება 16 ლარი ორ ადამიანზე და 8ლ. მოდის ერთ ადამიანზე (აქედან მინიმუმ 2ლ. მგზავრობის, კვებისა და სხვა ხარჯების გამოკლებით), დღეში რჩება შემოსავალი 6 ლარი, რაც თვეში 25 დღეზე გაანგარიშებით 150 ლარს შეადგენს, ანუ მხოლოდ მოქმედ საარსებო მინიმუმს უტოლდება.
თუ ამ ადამიანს შეცდომის, დაუდევრობისა ან სხვა მიზეზის გამო საკასო აპარატის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით (პირველ შემთხვევაში), პრაქტიკულად ეს მისთვის დაღუპვის ტოლფასია. ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ის უმუშევარი რჩება, რადგანაც ვეღარ იხდის ბანკის პროცენტებს, ადგილობრივ მოსაკრებელს და სხვა გადასახადებს, ანუ უერთდება უმუშევართა რიგებს და ყოველივე ამასთან ერთად საფრთხე ემუქრება იმ ქონებასაც, რომელიც გირაოს სახით ბანკსა თუ სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ჰქონდა ჩადებული. აქედან გამომდინარე, იმდენად ძლიერია ფინანსური სანქციების შიში, რომ მოვაჭრეები ხშირ შემთხვევაში უშვებენ შეცდომებს, რაც მათთვის საარსებო წყაროს გარეშე დარჩენას ნიშნავს.
ჩვენ შორს ვართი იმ აზრისაგან, რომ ქვეყნის ბიუჯეტს თუნდაც ერთი თეთრიც კი მოაკლდეს, პირიქით, იმ შემთხვევეში, თუ ამ კატეგორიის ხალხისათვის დროებით გაუქმდება სალარო აპარატები და დაწესდება ფიქსირებული გადასახადი, მათივე განცხადებით მზად არიან სახელმწიფოს ბიუჯეტში ზემოთ ხსენებული 4 ლარის ნაცვლად გადაიხადონ 5 ლარი, რაც მთლიანობაში ბიუჯეტს ყოველწლიურად 20_22 მილიონი ლარით მეტს მოუტანს (ისევ და ისევ 60.000 კაცზე გათვლით). ჩვენი გათვლებით ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება, რადგანაც გარე მოვაჭრეთათვის გაჩნდება მოტივაცია ბიზნესის ლეგალიზაციისათვის, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს კატეგორია დაუბრუნდება ოფიციალურ სავაჭრო ობიექტებს, ისევ გახდება გადასახადის გადამხდელი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გარე ვაჭრობის პრობლემების მოგვარებაც ბუნებრივად დაიწყება. ყოველივე ეს კი ბიუჯეტს გაცილებით მეტ თანხებს შემატებს.
ზემოხსენებული პრობლემისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არსებობს კანონი მცირე მეწარმეთა შესახებ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირი საქართველოს პარლამენტში შემოდის საკანონმდებლო წინადადებით _ დროებით, 2012 წლამდე გაუქმდეს სალარო აპარატებით სარგებლობა და გადავიდეს ფიქსირებულ გადასახადზე სავაჭრო ობიექტების ის კატეგორია, რომელთა დღიური ბრუნვა არ აღემატება 100 ლარს.
ყველა ეს მონაცემი გააჩნიათ საგადასახადო სამსახურებს და საშუალო წლიური ბრუნვიდან გამომდინარე (2008წ. და 2009 წლის პირველი ნახევარი) შესაძლებელია იმ ობიექტების გამოვლენა, რომლებზეც ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს.
პატივისცემით
გაერთიანების თავმჯდომარე
ირაკლი პეტრიაშვილი