ირაკლი პეტრიაშვილის გამოსვლა
ჟენევა, 2009 წლის 18 ივნისი
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილი გამოსვლა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე
ჟენევა, 2009 წლის 18 ივნისი
პატივცემულო პრეზიდენტო,
ბატონებო და ქალბატონებო,
პატივცემულო კოლეგებო,
სანამ ჩემი მოხსენების საგნობრივ ნაწილზე გადავალ, ნება მომეცით, საქართველოს პროფკავშირების სახელით, გულწრფელად მივულოცო ბატონ ხუან სომავიას ახალი ვადით არჩევა და გამოვთქვა იმედი, რომ მისი ხელმძღვანელობით ILO, რომლის 90-ე წლის იუბილე გახლავთ წელს, გააგრძელებს ეფექტური გზების ძიებას, მსოფლიოში ღირსეული შრომის დასამკვიდრებლად, სიღარიბის დასაძლევად, ტრიპარტიზმის გასავითარებლად, რადგან ეს აქსიომური ჭეშმარიტებანი უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივ ფენებს შორის ჰარმონიზაციისათვის, იმისთვის, რომ ისინი ორიენტირებულნი გახდნენ მოძალებული გლობალური პრობლემების გადაჭრაზე.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კლასებს შორის ჰარმონიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებით თავს ვერ მოიწონებს. თუ ოცი წლის წინათ, კომუნისტური მმართველობის პერიოდში, საზოგადოების ერთი ფენა დომინირებდა მეორეზე, დღევანდელი რეალობა მეორე უკიდურესობას გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნეოლიბერტანიანური იდეოლოგიაც ისეთივე კრახით დაასრულებს, როგორც კომუნისტურმა დაასრულა და ამის პირველი მკაფიო ნიშნები სწორედ ეს კრიზისია.
ჩვენ, საქართველოს დასაქმებულებს მხოლოდ პური არ გვაკმაყოფილებს, გინდა ვარდებიც. ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებას მისი მოსახლეობისათვის მხოლოდ ეკლიანი ღეროები გაიმეტა. სამართლიანობისა და სოციალური კეთილდღეობის ლოზუნგებით მოსულმა მთავრობამ, ბოლშევიკური ტექნოლოგიების გამოყენებით, შეზღუდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული, ფუნდამენტური, სამოქალაქო შრომითი უფლებები.
პროფკავშირებთან სოციალური დიალოგის იგნორირებამ, კოლექტიური მოლაპარაკების შეზღუდვამ, შრომის კოდექსის მე-19 საუკუნის სტანდარტებით გაჯერებამ, შრომის ინსპექციის გაუქმებამ შედეგად მოგვცა ის, რომ 1000-ობით დასაქმებული უსამართლოდ გათავისუფლდა სამსახურიდან; ქვეყანაში 450000 უმუშევარია და არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა; სამედიცინო მომსახურება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ხელმოუწვდომელია; შემაშფოთებელია საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების მზარდი დინამიკა; რეალურ პროფკავშირებს უქმნიან “ყვითელ პროფკავშირებს” და ასე შემდეგ. ამ პროცესებში ჩინოვნიკები მონაწილეობენ. მასწავლებლებსა და სხვა პროფესიის ხალხს აძალებენ “ყვითელ პროფკავშირებში” გადასავლას და, უარის შემთხვევაში, ათავისუფლებენ სამსახურიდან.
სწორედ დიალოგის იგნორირებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის 12,4%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და ის არ ასახულა არც სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე და არც დასაქმებაზე.
საქართველოს პროფკავშირებმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს, 100000 მოქალაქემ მოაწერა ხელი შრომის კანონის ცვლილებებს, უმუშევრობის შემწეობის შემოღებას, სამედიცინო დაზღვევის საყოველთაობას, დეკრეტული შვებულებების შეურაცხმყოფელი წესის შეცვლას, კოლექტიური მოლაპარაკებების უპირობო ვალდებულებებს (დამსაქმებლის მხრიდან), მაგრამ ეს ინიციატივები, ყველასთვის ცნობილი, საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ჯერჯერობით, განუხილველია. არადა, პროფკავშირები ღრმად გახლავთ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური დაძაბულობა სწორედ საკუთარი მოქალაქეების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების შედეგია. თუმცა, ჩვენი მხრიდან უმადურობა იქნებოდა არ აღგვენიშნა ILO-სა და პირადად კარი ტაპიოლას ნორმების კომიტეტის თანამიმდევრული შეუქცევადი (შეუვალი), მიზანმიმართული მუშაობა საქართველოში არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს მშრომელებს გარკვეული იმედი ჩაესახათ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და შეიცვალა ჩვენი სოციალური პარტნიორი, შრომის მინისტრი. მისმა ცივილიზებულობამ განაპირობა 2008 წლის დეკემბერში სამმხრივი კომისიის ჩამოყალიბება, რომლის სხდომებიც რეგულარულად იმართება. მის ფარგლებში უკვე შეთანხმებული და მომზადებულია შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების (18 პუნქტი) დოკუმენტი. იმედს ვიტოვებთ, ეს ცვლილებები მალე შევა შრომის კოდექსში.
ბატონებო და ქალბატონებო, თუ ჩვენს სოციალურ პარტნიორთან მიმართებაში გარკვეული იმედის მომცემი ნიშნები იკვეთება, აბსოლიტური იმედგაცრუება გვაქვს ქვეყნის დასაქმებულების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლებიც ცხოვრობენ და ცხოვრობდნენ საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, 20-წლიანმა კონფიქტებმა, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ გახლავთ ინსცენირებული, ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დაღი დაასვა. განსაკუთრებით მძიმედ აისახა აგვისტოს ომის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე და, აქედან გამომდინარე, დასაქმებულებზე, მათ ღირსებაზე.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტების შედეგად, გვყავს საკუთარი სახლებიდან იძულებით გამოდევნილი 400000 მოქალაქე; ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილია მოსახლეობა, რომელიც, ფაქტიურად, მძევლად ჰყავთ, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თვალის ასახვევად და ეთნიკური წმენდის დასაფარად; იკრძალება ქართული განათლება; ხშირ შემთხვევაში, იქ დარჩენილი ადამიანები არიან ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომის მსხვერპლნი; მეფობს ნარკობიზნესი და იარაღით ვაჭრობა; ბავშვებს წართმეული აქვთ ბავშვობა…
როგორ ლამაზადაც უნდა შეფუთონ ყველაფერი ეს, სახეზე გვაქვს 21-ე საუკუნის ოდნავ სახეცვლილი ფაშიზმი, რომელსაც წინ უნდა აღუდგეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო თანამეგობრობა, – ILO, გაერო, ცივილიზებული ქვეყნები, მათი მთავრობები. ეს აუცილებელია, – სხვაგვარ დამოკიდებულებას ისინი თავიანთი ქმედებების გარკვეულ წახალისებად მიიჩნევენ.
იძულებით შრომასა და ტრეფიკინგს ILO ებრძვის – რუსეთი მისი წევრია, ეთნიკურ წმენდას გაერო ებრძვის – რუსეთი მისი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა… საქართველოს მშრომელები მოთმინებით ელოდებიან, როდის დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ გაგვიჭირდება ვიყოთ ორიენტირებული შრომაზე და ღირსებაზე. ყველამ იცის რა ქმედებაბმდე მიყავს ხალხი უსამართლობას. ამის მაგალითი მსოფლიოში მრავლადაა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გაგვიძნელდება იმ ინტერესის დაკმაყოფილება, რომელიც ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებაში აქვს.