1989 – გაფიცვების ეპიდემიის წელი

გარდაქმნა და  გაფიცვები

სტატიის ავტორი:  დავით არაბიძე

გარდაქმნის ეპოქაში საბჭოთა კავშირში ძირეული ცვლილებები მოხდა. რამ გამოიწვია ეს ცვლილებები? რა მდგომარეობაში იყო ეს ქვეყანა 1985 წელს? შრომის ნაყოფიერება 2,5-ჯერ, ხოლო უმაღლესი განათლების მაჩვენებელი 1,5-ჯერ ჩამორჩებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ განვითარებულ მაჩვენებელს. გარდაქმნამ 1986 წელს მოიტანა ინდივიდუალური შრომის ლეგალიზაცია, 1987 წელს სახელმწიფო საწარმოების პატრონებად ამ საწარმოების შრომითი კოლექტივები გამოცხადდნენ, ხოლო 1988 წელს კოოპერატივების შესახებ კანონმა კერძო საკუთრებას ლეგალური სახე შესძინა. ეს სამი ცვლილება საკმარისი აღმოჩნდა, რათა ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს შეუქცევადი სახე მიეღოთ. 1987 წელს გამოცემულ პროპაგანდისტულ წიგნაკში „სსრკ 100 შეკითხვა და პასუხი“ დუმილით აქვს გვერდი ავლილი ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის გაფიცვები საბჭოთა კავშირში. მაგრამ გარდაქმნით მოტანილმა ცვლილებებმა ამ დუმილს დამცავი გარსი შემოაცალა. დაიწყო გაფიცვები რომელთა რიცხვმაც 1987-1988 წლებში 80-ს მიაღწია. 1989 წელი გაფიცვების ეპიდემიის წლად შეიძლება იქნეს განხილული. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამ გაფიცვებიდან გახდა 1989 წლის ივლისში მეშახტეთა და მაღაროელთა სრულიად საკავშირო გაფიცვა. გაფიცულების მოთხოვნები იყო:

  1. მიეცეს შახტებისა და მაღაროების შრომით კოლექტივების საბჭოებს უფლება თავად განსაზღვრონ შრომისა და დასვენების რეჟიმი;
  2. მეშახტეთა და მაღაროელთა შრომით მოპოვებული უცხოეთში გაყიდული მადნის საფასურის 25% გადაეცეს შახტებისა და მაღაროების შრომითი კოლექტივების საბჭოებს;
  3. მეშახტეთა და მაღაროელთათვის დაწესდეს არა უმეტეს 5 დღიანი სამუშაო კვირა;
  4. მეშახტეებისა და მაღაროელთათვის დაწესდეს ერთიანი დასვენების დღის – კვირა;
  5. შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ქალთათვის სამუშაო დღე განისაზღვროს 6 საათით;
  6. მეშახტისა და მაღაროელის საღამოსა და ღამის ცვლების მუშაობის ანაზღაურება განხორციელდეს მაღალი ტარიფით (20%-40%);
  7. შახტებსა და მაღაროებში მუშაკის სამუშაო ადგილამდე მისვლისა და მოსვლისათვის საჭირო დროს ანაზღაურდეს;
  8. მიწისქვეშ დასაქმებულთათვის დაწესდეს 60 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება;
  9. შახტებსა და მაღაროებში 20 წლიანი სამუშაო სტაჟის, ხოლო მავნე პირიბებში 10 წლიანი სამუშაო სტაჟის მამაკაცთათვის არაუგვიანეს 55 წლის ასაკიდან, ხოლო ქალთათვის არაუგვიანეს 45 წლის ასაკიდან დაწესდეს პენსიაზე გასვლის უფლება;
  10. სოციალური და ეკოლოგიური საჭიროებებისთვის განხორციელდეს ცენტრალიზებული კაპიტალ დაბანდებები.

საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის მინისტრმა მ. ი. შჩადოვმა ვერ შეაფას სათანადოდ მეშახტეთა და მაღაროელთა ორგანიზების უნარი და მცდარი ტაქტიკა – დროის გაყვანა ირჩია, რამაც პრაქტიკულად თითქმის მთელ საბჭოთა კავშირში სამთამადნო მოპოვების შეჩერება გამოიწვია. ასეთმა გრანდიოზულმა გაფიცვა განაპირობა ის რომ საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირვალად 1989 წლის 21 ივლისს სკკპ ცკ-ის, სსრკ მინისტრთა საბჭოს, პროფკავშირების საკავშირო საბჭოსა და რეგიონალური საგაფიცვო კომიტეტების მხრიდან ხელმოწერილ იქნა შეთანხმება, რომლითაც შახტებსა და მაღაროებს გზა გაეხსნათ სამინისტროსაგან ეკონომიკური და იურიდიული დამოუკიდებლობისაკენ. ეს გამოიწვია 500 ათასზე მეტი მეშახტისა და მაღაროელის დარაზმულმა მოქმედებამ, ორგანიზებულმა და კოორდინირებულმა გაფიცვამ.

საბჭოთა კავშირში საგაფიცვო ტალღის აზვირთების პასუხად 1989 წლის  9 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ გაფიცვების თაობაზე კანონი მიიღო. მართალია გაფიცვამ, როგორც სოციალურმა მოვლენამ ლეგალური სახე შეიძინა, მაგრამ მისი ამოქმედების წესი და პირობები ისე იყო ფორმულირებული, რომ გაფიცვის გასამართვად განსაკუთრებული პირობების დაკმაყოფილება იყო საჭირო. ისეთ სფეროებში კი როგორიცაა: სამთამადნო, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ქიმიური მრეწველობა, ნავთობის გადამუშავება, მეტალურგია, რკინიგზა, ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამოქალაქო ავიაცია, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა გაფიცვის უფლება დიდ შეზღუდვებს აწყდებოდა.

1991 წლის 20 მაისს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ შესწორება შეიტან ამ კანონში და პოლიტიკური მოთხოვნებით გაფიცვა საერთოდ აკრძალა. რამდენად უშველა ამ აკრძალვამ მის მიმღებებს ისტორიამ ყველას ნათლად დაანახა.

გარდაქმნის ეპოქაში ნათლად გამოიკვეთა რომ სოციალურ სტატუსებს შორის ხიდჩატეხილობა იყო, ადამიანური ფაქტორი არაადეკვატურად დაბალ შეფასებას იღებდა, აღარც კულტურული ფაქტორი ასრულებდა სოციალური ესკალატორზე ზეასვლის მნიშვნელობას, ცენტრალიზებული დაგეგმვის საბაზრო ეკონომიკური ინსტიტუტი ვეღარ ახდენდა ფულად-სასაქონლო ნაკადების რეგულირებას, სოციალური კონტრაქტი აღარ მოქმედებდა. გარდაქმნის დასრულებასთან ერთად დასრულდა გარდაქმნამდელი ეკონომიკური სისტემის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და სოციალური სტრუქტურის არსებობაც, საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. გარდაქმნის ისტორიის დასრულებამ ადამიანებს მისცა ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების საშუალება და ამ სიახლის მოსვლაში გაფიცვებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს.

Øàõòåð â çàáîå øàõòû «×àéêèíî» â Ìàêååâêå 12 èþíÿ 2009 ã.
Øàõòåð â çàáîå øàõòû «×àéêèíî» â Ìàêååâêå 12 èþíÿ 2009 ã.