დღეს 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირები საპროტესტო აქციით აღნიშნავენ. მანიფესტაცია თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან 17:00 საათზე დაიწყება.
პროფკავშირები ღირსეულ და უსაფრთხო შრომას მოითხოვენ და მთავრობის მეთაურს ე.წ. “სოციალური კონტრაქტის” გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ.
“სოციალურ კონტარქტში” სწორედ ის საჭიროებებია ასახული, რომელიც სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით – კატასტროფის წინაშე მდგომ ჩვენს (და მსოფლიოს არაერთ) ქვეყანას გააჩნია. საუბარია საგანგაშოდ დიდ სოციალურ უთანასწორობაზე, რომელიც არ მცირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, რეფორმები კი იმათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს ვისაც ეხება.
წელს პროფკავშირები აქცენტს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე აკეთებენ და მოითხოვენ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი არა პოპულიზმზე, არამედ სოციალური კონტექსტსა და საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული, მათ შორის ადეკვატური მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე, უმუშევრობის შემწეობის დაწესებაზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, დედობის დაცვაზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ “სოციალური კონტრაქტი”, არის ფორმა, რომელსაც მსოფლიო პროფკავშირები ახლა ამკვიდრებს და რომლითაც სახელმწიფომ უნდა აიღოს კონკრეტული ვალდებულებები სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და რეალური სახალხო დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით.
საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღებენ ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების შესაბამის მანიფესტს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდება ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის არსებულ სხვაობაზე.
პირველ მაისს – დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, საპროტესტო აქციები სოციალური მოთხოვნებით ჯაჭვურად მსოფიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართება.
მანიფესტაციას სხვადასხვა დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებთან ერთად შეუერთდება ქალთა მოძრაობა.
- მოკლე ისტორია:
133 წლის წინ, 1886 წლის 1 მაისს, ქ. ჩიკაგოში მოეწყო მუშათა დემონსტრაცია, რომლის ძირითადი ლოზუნგი იყო “8-საათიანი სამუშაო დღე”. დემონსტრაცია იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ქალაქში საქმიანი ცხოვრება შეწყდა.
4 მაისს მიტინგის დროს ჰიპერმარკეტის მოედანზე მუშათა საწინააღმდეგო პროვოკაცია მოაწყვეს და პოლიციელთა რაზმს ბომბი ესროლეს, რასაც რამდენიმე პოლიციელი და მუშა ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მუშაკთა მოძრაობის ლიდერები დააპატიმრა, რომელთაგანაც 1887 წლის 11 ნოემბერს, ოთხს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.
1889 წლის ივლისში II ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა ქ. ჩიკაგოს დემონსტრაციის უკვდავსაყოფად, მიიღო დადგენილება “პირველი მაისის დემონსტრაციის ყოველწლიურად ჩატარების შესახებ”.
1890 წელს 1 მაისს – პირველად ჩატარდა ის, როგორც მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე და წელს უკვე 129-ე წელია რაც აღინიშნება.