მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

1 ოქტომბრის მიმართვა

2011 წლის 1 ოქტომბრის ‘’ღირსეული შრომის’’ დღისადმი მიძღვნილი აქცია–მანიფესტაციის მონაწილენი ვაცხადებთ

 

‘’შრომა ყოველი ადამიანის სიმდიდრეა იმდენად რამდენადაც ის წარმოადგენს ნებისმიერი სხვა სახის სიმდიდრის საფუძველს, ის ყველაზე პატივსაცემი და შეულახავია… ადამიანისთვის ხელის შეშლა ამ უნარის გამოყენებაში ისე, როგორც ეს მას მიზანშეწონილად მიაჩნია, სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, გახლავთ მისი სიმდიდრის უხეში შელახვა”. ადამ სმიტის მიერ მე–18–ე საუკუნეშე წარმოთქმული ეს სიტყვები არათუ ინარჩუნებს მინიშვნელობას, არამედ მთელი სიცხადით აშიშვლებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლების უკიდურესად მოძველებულ და ველურ დამოკიდებულებას მშრომელი ადამიანის მიმართ. სამწუხაროდ, სექტემბრის თვეში ქუთაისში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც სასტიკად დაარბიეს მეტალურგთა პროფკავშირის მიერ კანონმდებლობის ყველა სიტყვის ზედმიწევნით დაცვით ორგანიზებული გაფიცვა, საქართველოს ხელისუფლებას მყარად დაუმკვიდრა ადგილი ბირმისა და ბელორუსის მსგავსი სახელმწიფოების საკმაოდ გრძელ რიგში. აღნიშნულმა ფაქტმა, კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს საზოგადოებას, რომ სანამ შრომა არ გათავისუფლდება ხელისუფლების დიქტატისაგან, ხოლო სამუშაო ადგილებზე სოციალური დიალოგი არ იქნება აღიარებული ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანეს საშუალებად, სამოქალაქო საზოგადოება განწირულია მუდმივად ჩანასახოვან მდგომარეობაში ყოფნისათვის.

რასაკვირველია, ქუთაისელი მეტალურგების უფლებების უხეში შელახვა არ არის საქართველოს მოქალაქეების კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნების იგნორირების პირველი შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს და სხვა მრავალი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების განზრახვას, სრულად დომინირებდეს შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში და ასევე აკონტროლებდეს ადამიანის უფლებათადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მიმდინარეობს პროფკავშირული საქმიანობის ტოტალური დევნა ქვეყნის მასშტაბით და ეკონომიკის ყველა სფეროში. ხელისუფლება ახლა უკვე აღარც პროფკავშირული ლიდერების დაპატიმრებას ერიდება, რასაც სამარცხვინოდ ამართლებს კაპიტალისა და ინვესტორის ზეადამიანური და მესიანისტური მნიშვნელობით.

 

პატივს ვცემთ რა ყველა კეთილსინდისიერ მეწარმეს და დამსაქმებელს, ვაცხადებთ, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება უნაყოფო ოცნებაა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ძლიერი საშუალო კლასის გარეშე.

 

ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის პირობებში, საქართველოში საშუალო კლასს შექმნისა და გაძლიერების არანაირი შანსი არა აქვს. ყოველ დღე მოწმე ვართ თუ როგორ უძვრება მთავრობა ჯიბეში ქვეყნის მოქალაქეებს გადასახადების გაზრდით ტრანსპორტზე, წყალზე, ნაგვისა და ელექტროენერგიის გადასახადების გაერთიანებით, სკოლების გაყიდვით, საბავშვო ბაღების ფასიან დაწესებულებად გარდაქმნით, ინფლაციის უკონტროლოდ დატოვების შედეგად ძირითად სასურსათო პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების მუდმივი მატებით, საწვავზე მაღალი ფასების ხელოვნურად შენარჩუნებით, საგარეო ვალის სისტემატური ზრდით და ა.შ.

 

მიუხედავად ცივილიზებულ სამყაროსთან და მთავრობებთან რეგულარული კონტაქტისა, საქართველოს მთავრობა ევროპული არჩევანის ნაცვლად, ქვეყანაში ნაკლებად განვითარებული და ტოტალიტარული მმართველობის მქონე სახელმწიფოების მოდელს ნერგავს. ქვეყნის სინგაპურიზაციის იდეა ამის ნათელი დადასტურებაა. ქვეყანა, რომლის პოლიტიკური სისტემა ძალიან შორსაა დემოკრატიულობისგან, შეუძლებელია მიმზიდველი იყოს დიდ ევროპულ ოჯახში გაერთიანების ამბიციის მქონე ქვეყნისათვის. თუ მთავრობა გადახედავს საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის რუკას, ადვილად აღმოაჩენს, რომ ჩვენი მოქალაქეები სინგაპურისა და აზიის ქვეყნების საპირისპირო მიმართულებით, სწორედ რომ ევრო–ატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფიან. მათ იქაური მხოლოდ ეკონომიკა კი არა, ცხოვრების წესი, დემოკრატიული მმართველობა, დასაქმებული თუ უმუშევარი ადამიანებისადმი ჰუმანური და სოლიდარული მოპყრობა იზიდავს.

 

დღეს, ქართული შრომის დღის აღსანიშნავ შეკრებაზე, მტკიცე პროტესტს ვუცხადებთ მთავრობის არასწორ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას და მოვითხოვთ:

 

 

           შეწყდეს პროფკავშირების დევნა, ლიდერების დაშინების მცდელობა, დასაქმებულების პროფკავშირებში გაწევრიანებისათვის და შრომის ღირსეული პირობების მოთხოვნისათვის ხელის შეშლა.

           შეწყდეს ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიები და მათი დისკრედიტაცია.

           შეწყდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ კერძო შრომით ურთიერთობებში უხეში ჩარევები და კონსტიტუციით გარანტირებული გაფიცვის უფლების ძალადობრივი ხელყოფა.

           პროფკავშირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების საშუალება, რათა ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე და ისეთ სასიცოცხლოდ აუცილებელ მომსახურებებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, კომუნალური სისტემა, ტრანსპორტი და სხვა, ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის.

           ხელისუფლებამ შეიმუშაოს დასაქმების პოლიტიკა და გაატაროს უმუშევრების სოციალური დაზღვევის ქმედითი ღონისძიებები.

           შეწყდეს სკოლების პრივატიზება და საბავშვო ბაღები დაუბრუნდეს სრულ მუნიციპალურ დაფინანსებას, ვინაიდან მოსახლეობა ამისთვის უკვე იხდის ძალიან მაღალ საშემოსავლო გადასახადს.

           უმაღლესი განათლების სასწავლებლებში დადგინდეს ხელმისაწვდომი საფასური და სტუდენტებს მიეცეთ მის განსაზღვრაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

           გადაიხედოს 2006 წელს დაკანონებული დეკრეტული შვებულების სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი ანაზღაურების ოდენობა, რომელის მოკლებულია ყოველგვარ სოციალურ სამართლიანობას და განიცადა ინფლაცია სულ მცირე 60%–ით.

           შეწყდეს მედიცინის მუშაკთა დევნა და მასობრივი დათხოვნები. შემუშავდეს ჯანდაცვის მუშაკების დასაქმების გასაგები და ეფექტური სქემა.

           მასწავლებლები გათავისუფლდნენ სამთავრობო დიქტატისაგან, ყველა პედაგოგს მიეცეს პროფესიული განვითარების თანაბარი და საკმარისი შესაძლებლობები, გაიზარდოს ანაზღაურება განათლების სექტორში, რომელიც დღეისთვის ერთ–ერთი ყველაზე დაბალია ქვეყანაში.

           შეიცვალოს მძიმე და საშიშ პირობებში მომუშავეთა საპენსიო–საკომპენსაციო სისტემა.

           სოციალური დიალოგის სახელმწიფო კომისიამ დაიწყოს მისთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულება და გახდეს ეფექტური ორგანო შრომითი დავების გადასაწყვეტად.

 

მოვითხოვთ ცივილიზებული სამყაროსა და საქართველოს მოსახლეობის ამსოლუტური უმრავლესობის მიერ მრავალგზის გაკრიტიკებული შრომის კანონმდებლობის შეცვლას, გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა კონვენციებით საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური უფლებების პატივისცემას, რათა ადამიანებმა საქართველოში შეძლონ მშვიდად ცხოვრება და საქმიანობა, ღმერთისა და კანონის მიერ ბოძებული უფლებების რეალიზაცია საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

მიღებულია 2011 წლის 1 ოქტომბერს