მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

1 მაისი – მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე!

დღეს, 1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს – დღეს, როდესაც დასაქმებული ადამიანები, პროფკავშირები, ყოველ წელს ფართომასშტაბიანი დემონსტრაციით ვხვდებით და ვაპროტესტებთ იმ გამოწვევებს, ჩაგვრას და უსამართლობას, რასაც მშრომელები ყოველდღიურად ვაწყდებით ქვეყანაში, დავდექით სხვა რეალობის წინაშე.

პარლამენტში განიხილება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს აქციები.

დღეს ჩვენ უნდა გვესაუბრა: სიღარიბეზე (19,9%), უმუშევრობაზე (16,4%), შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე უთანასწორობაზე, მათ შორის, გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობაზე (31.7%), მინიმალურ ხელფასზე (თვეში 20 ლარი), უმუშევრობის შემწეობის არარსებობაზე, პლატფორმულ და არაფორმალურ დასაქმებაზე, პროგრესულ გადასახადებზე, მიგრაციაზე და ყველა იმ საკითხზე, რაც საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს და ასევე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

უნდა წარმოგვედგინა ის მწვავე რეალობა, რომელიც სახეზეა:

  • მინიმალური ხელფასისა და პროგრესული გადასახადების არარსებობის პირობებში გაზრდილი სახელფასო სხვაობა „მდიდრებსა და ღარიბებს“ შორის;
  • 600 ლარზე დაბალ ხელფასიანი 319 ათასზე მეტი ადამიანის მდგომარეობა;
  • თვეში 100 ათას ლარზე მეტი ხელფასის მქონე 897 პირის არსებობა ქვეყანაში, რომლებიც იბეგრებიან ისეთივე საშემოსავლო გადასახადით, როგორც 100 ან 200 ლარიანი ხელფასის მქონე დასაქმებულები;
  • 100 ლარზე დაბალი ხელფასის მქონე პირების რაოდენობა, რომელთა რიცხვიც 206%-ით გაიზარდა და 82367-ს მიაღწია;
  • ქალების დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და ხელმძღვანელ პოზიციებზე წარმომადგენლობის სიმცირე, ისევე როგორც, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის 31.7%-მდე სხვაობა;
  • საარსებო შემწეობაზე და სხვა სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებული ადამიანების ბედი იმ პირობებში, როცა სიღარიბის შემცირება ხდება არა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, ან დასაქმების დონის ზრდით, არამედ, სოციალურ პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის ზრდით;
  • ყოველდღიურობა იმ შრომისუნარიანი მოქალაქეების, რომლებიც ან უმუშევრები არიან, ან ტოვებენ ქვეყანას და საზღვარგარეთ ეძებენ ელემენტარულ სამუშაოს. თუმცა, მიგრაცია მათ ყოფას ყოველთვის არ აუმჯობესებს. ჩვენი პრაქტიკა მოწმობს, რომ საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტები ხდებიან შრომითი ექსპლუატაციისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი;
  • არასასოფლო-სამეურნეო სფეროში  არაფორმალურად დასაქმებული 28,4%-ის  მდგომარეობა, რომლებიც მოკლებულნი არიან, როგორც შრომითი უფლებებით სარგებლობას, ისე საპენსიო სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • კოლექტიური მოლაპარაკების უფლებისა და სოციალური დიალოგის იგნორირების საკითხი.

 

ჩვენ ერთად, სახელმწიფოსგან უნდა მოგვეთხოვა ყველა ამ პრობლემაზე რეაგირება და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა:

 

  • მინიმალური ხელფასის დაწესება არანაკლებ საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით;
  • პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა;
  • უმუშევრობის შემწეობის დაწესება;
  • გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და სახელფასო სხვაობის აღმოფხვრა;
  • კოლექტიური მოლაპარაკებისა და სოციალური დიალოგის წახალისება;
  • 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადება.

 

თუმცა, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ახლა ქვეყანა დგას, დღეს ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკური დღის წესრიგიდან კვლავ განდევნილია და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, არ რჩება სივრცე მათზე სამსჯელოდ.

რასაკვირველია, პროფკავშირების გაერთიანება კვლავ განაგრძობს ბრძოლას მშრომელთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებს დასაქმებულთათვის ღირსეული მომავლის უზრუნველსაყოფად.