საქართველოს პროფკავშირებმა და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა მსვლელობებით აღნიშნეს 1 მაისი . მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე. თბილისში გაიმართა რამდენიმე აქცია, რომელიც პარლამენტის შენობასთან მანიფესტის მიღებით დასრულდა. პროფკავშირების წარმომადგენელთა განცხადებით :- საქართველოს მშრომელთათვის ევროპული არჩევანი უპირობოდ უკავშირდება ქვეყანაში ღირსეული შრომის პრინციპების დამკვიდრებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამართლიანი და უსაფრთხო პირობების შექმნას.
პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოებით და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მინიმალური ცვლილებების გატარებას საქართველოს შრომით კანონმდებლობაში.
მანიფესტი პროფკავშირებმა რამდენიმე არასამთავრობო და სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავა და ეს მოთხოვნები სრულად პასუხობს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს სტანდარტები ცხოვრებაში გატარდეს. ეს არის უმუშევრების შემწეობა, მინიმალური ხელფასი. კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების თავი კი არ უნდა ამოიღონ, კიდევ უფრო უნდა გააფართოონ. ეს არის ასევე პროგრესული გადასახადები და თავისუფლების აქტი, სოციალური დიალოგი და პროფკავშირების არ დევნა“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ხმაურიანმა საპროტესტო აქციამ მთელი თბილისი მოიცვა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “სოლიდარობა მუშებს”.