ინტერვიუ მომაზადა: დავით არაბიძემ
ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია რომ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, რაც პროფკავშირებს აქვს საკუთარ არსენალში, ესაა საერთაშორისო თანამშრომლობა. რეგიონის პროფკავშირების კოორდინირებულ ურთიერთობას ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია მშრომელთათვის, მათი სოციალური, შრომითი, ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისათვის.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრია საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, რომელსაც ხელმძღვანელობს გოჩა კვიტატიანი. საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი გაერთიანებულია ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა საერთაშორისო კონფედერაციაში. ინტერვიუ პროფკავშირელ ლიდერ გოჩა კვიტატიანთან თბილისში გამართულ ამ საერთაშორისო კონფედერაციის ყრილობის შემდგომ შედგა.
დავით არაბიძე: ბატონო გოჩა, თქვენმა პროფკავშირმა თბილისში უმასპინძლა მონათესავე პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ყრილობას. როგორი იყო ეს მნიშვნელოვანი პროფკავშირული ფორუმი?
გოჩა კვიტატიანი: დიახ, 2017 წლის 4 და 5 აპრილს ჩვენს დედაქალაქ თბილისში ვუმასპინძლეთ ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის რიგგარეშე ყრილობას. მინდა ავღნიშნო რომ ამ გაერთიანებაში შედიან საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, მოლდავეთის რესპუბლიკის, უკრაინის, ბელარუსის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის დარგობრივი და მონათესავე პროფკავშირები.
დავით არაბიძე: საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ ამ პროფკავშირულ ფორუმზე როგორი იყო პროფკავშირული წარმომადგენლობა?
გოჩა კვიტატიანი: რიგგარეშე ყრილობას დაესწრო ყველა წევრი ქვეყნის პროფკავშირული დელეგაცია, სულ 22 დელეგატი. ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პროფკავშირდან დელეგატები ვიყავით მე, როგორც თავმჯდომარე და ჩვენი დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ დადიანი.
აღსანიშნავია რომ ამ ფორუმის პირველ დღეს – 2017 წლის 4 აპრილს, გაიმართა ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელზეც საბჭოს წევრებმა შევაჯამეთ საერთაშორისო კონფედერაციის წესდების ცვლილებებზე მომუშავე კომისიის გაწეული მუშაობა, მივიღეთ შესაბამისი ორგანიზაციული გადაწყვეტილებები, მათშორის საერთაშორისო კონფედერაციის ახალი მმართველობითი ორგანოების სტრუქტურა და შემადგენლობა.
2017 წლის 5 აპრილს კი უკვე ყრილობაზე მივიღეთ ძირითადი გადაწყვეტილებები, საერთაშორისო კონფედერაციის მმართველი ორგანოები სტრუქტურულად შევცვალეთ, მოვახდინეთ წესდებია აქტუალიზაცია და სრულყოფა.
რიგგარეშე ყრილობამ წესდების შეცვლა 19 დელეგატის ხმით გადაწყვიტა, მხოლოდ 3 დელეგატი იყო წინააღმდეგი. გავაუქმეთ კონფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობა და აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციით კონფედერაციის პრეზიდენტი აღვჭურვეთ. წესდებააში შეტანილი ცვლილებით შემოღებულ იქნა კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტების პოსტები. ამ ახალ პოსტებზე არჩევა განხორციელდა კონფედერაციის წევრი პროფკავშირების წარდგინებათა შესაბამისად.
წესდებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ დელეგატებმა საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად ავირჩიეთ ალექსანდრე კორჩაგინი- რუსეთის ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტი, კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ავირჩიეთ სვეტლანა კლოჩოკი – ბელარუსის ქიმიური, სამთო და ნავთობის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ჯახანგირ ალიევი – აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის მრეწველობის რესპუბლიკური პროფკავშირის თავმჯდომარე და ტლეკკაბილ კაბდულოვი – ყაზახეთის ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე. კონფედერაციის საბჭოში ავირჩიეთ თითო წარმომადგენელი 7 პროფკავშირიდან, დავამტკიცეთ სარევიზიო კომისიის შემადგენლობაც.
ყრილობის დასრულებისთანავე მოვიწვიეთ კონფედერაციის საბჭოს სხდომა, სადაც დავამტკიცეთ 2017 წლის სამუშაო გეგმა.
დავით არაბიძე: თუ იყო თქვენი დელეგაციის მხრიდან სხვა აქტივობები?
გოჩა კვიტატიანი: რიგგარეშე ყრილობის დღეებში (2017 წლის 4 და 5 აპრილი) ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრები სომეხ, ბელარუს და რუს კოლეგებთან, სადაც დავსახეთ მომავალი პროფკავშირული თანამშრომლობის გეგმები, გადავწყვიტეთ რომ კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ პროფკავშირული ინფორმაციის გაცვლის პროცესი, გავუზიაროთ ურთიერთს ორგანაიზინგში, შრომის ტექნიკური და სამართლებრივი უსაფრთხოების, ისევე როგორც ყველა სხვა პროფკავშირულ საკითხებში ჩვენი გამოცდილება. ჩვენ რუს კოლეგებთან გავაფორმეთ დარგობრივი პროფკავშირული თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმება.
დავით არაბიძე: ჩვენი ქვეყნის პროფკავშირელ სტუმრებს რა კულტურული პროგრამა შესთავაზეთ?
გოჩა კვიტატიანი: მოვაწყეთ საინტერესო ექსკურსია საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში – სადაც სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია ჯვრის მონასტერმა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარმა, კახეთში – თელავში მეფე ერეკლეს სასახლე, ხოლო წინანდალში პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დავათვალიერეთ. დელეგატებმა ერთხმად აღნიშნეს საქართველოსა და მისი ხალხის, ჩვენი პროფკავშირელების გულისხმიერება და გულითადობა.
დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის.