მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ჯონი ჯანაშია: “სადაზღვევო კომპანიები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას“

1080645_4564668774169_1285864225_nდღეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საპრესკონფერენციო დარბაზში, მედიკოსთა პროფკავშირის წარმომადგენლების შეიკრიბნენ და საზოგადოებას სამედიცინო სადაზღევევო სფეროში და საერთოდ ქართულ მედიცინაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა გააცნეს. როგორც მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ჯონი ჯანაშია აცხადებს, უკვე რამდენიმე თვეა, სადაზღვევო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ვეღარ ასრულებს აღებულ ვალდებულებას და სამედიცინო კლინიკებს თანხებს ვეღარ ურიცხავენ. ამან შესაძლებელია ქართული ჯანდაცვის სისტემა კოლაფსამდე მიიყვანოს

ჯონი ჯანაშია: “როგორც მოგეხსენებათ ამა წლის თებერვლიდან ამოქმედდა მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. 1 ივლისიდან კი დაიწყო გეგმიური სტაციონარული მომსახურება, ორსულთა პატრონაჟი, უფასო მშობიარობა, ონკოლოგიურ ავადმყოფთა დახმარება. ყოველივე ამას წინ უსწრებდა მთავრობის N 165 დადგენილება, რომლის თანახმად ყველა პენსიონერი, ინვალიდი და ბავშვი იღებდა სამედიცინო დახმარებას 10%–იანი თანაგადახდით, გარდა ამისა სტუდენტები იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას 20%–იანი თანაგადახდით. ყოველივე ეს გახლავთ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებით, რადგანაც ამით სამკურნალო დაწესებულებების კარი გაიღო ქვეყნის მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილისათვის,  რომელთაც არანაირი სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონიათ. მკვეთრად გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა,  რითაც დღევანდელმა ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები და ოცნება აუსრულა ქვეყნის მოსახლეობას.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მედალს აქვს მეორე მხარე. ამ პროცესში კვლავაც ჩართული კერძო სადაზღვევო  კომპანიები ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე უდიდეს მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიან საქართველოს მედიცინის მუშაკები. უდიდეს პრობლემად რჩება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ სამკურნალო დაწესებულებებისადმი სამედიცინო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების ანაზღაურება. თქვენ ვერ დაგვისახელებთ ვერცერთ, ვიმეორებ  პრაქტიკულად ვერცერთ სამედიცინო ობიექტს, რომლის მიმართ კერძო სადაზღვევო კომპანიებს არ გააჩნიათ ფინანსური დავალიანება.

ყოველივე ამის შედეგად სახეზე გვაქვს მედპერსონალისადმი თვეობით გაუცემელი ხელფასები, სამკურნალო დაწესებულებების დავალიანებები აფთიაქებისადმი, საბიუჯეტო ორგანიზაციებისადმი დაგროვილი კომუნალური გადასახადი, რაც წარმოშობს ამა თუ იმ კლინიკის გაკოტრების და დახურვის საშიშროებას. სადაზღვევო კომპანიების ჩართულობამ ჯანდაცვის ორგანიზაციაში, მათ მიერ კლინიკების აშენებამ, შემდეგ ფლობამ, მთელი რიგი პროგრამების მონოპოლიზაციამ გამოიწვია ის, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიების უმეტესი ნაწილი ქართული მედიცინის ბატონ–პატრონად  თვლის თავს: მედიცინის მუშაკთა ხარჯზე არასოდეს უგვიანდებათ ხელფასები, რომელთა  რაოდენობა ხშირად რამდენიმე ათასი ლარია, (მაშინ როცა ხშირ შემთხვევაში ექიმთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალია). ფლობენ უმაღლესი კატეგორიის ფეშენებელურ ოფისებს, გადაადგილდებიან ბოლო კლასის ჯიპებით, ამავე დროს შეუძლიათ ბატონკაცურად აუკრძალონ მედიცინის მუშაკებს ის, რაც მათ კონსტიტუციის ძალით აქვთ მინიჭებული–– ანაზღაურებადი შვებულებები, არანორმირებული სამუშაო საათების გადახდა, პროფკავშირული ორგანიზაციების არსებობა მათ მიერ თათდადებულ დაწესებულებებში.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 165 დადგენილებიდან გამომდინარე, რაც ძალიან აწყობს სადაზღვევო კომპანიებს, პაციენტს ეზღუდება თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობა თავად შეარჩიოს კლინიკა და მკურნალი ექიმი,რაც თავისთავად გამორიცხავს ჯანსაღი  კონკურენციის შესაძლებლობას და მედიცინის პროგრესს  ქვეყანაში. მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაში შეტანილი ე.წ. კორექციის, რანჟირების და სხვადასხვა მეთოდებით საქართველოს მედიცინის მუშაკები მათხოვრებად და ყურმოჭრილ მონებად აქცია

ჩამოგითვლით რამდენიმე კლინიკას და სამკურნალო ორგანიზაციას რომელთა მიმართ სადაზღვევო კომპანიების დავალიანება ასე გამოიყურება:

  1. ქ.თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ––––– 400 000
  2. კლინიკა ,,გიდმედი“ –––    90 000
  3. ტრამვატოლოგიური კლინიკა ––– 1 400 000
  4. სეფსისის ცენტრი ––––– 300 000
  5. საპატრიარქოს კლინიკა ––– 620.000
  6. ზუგდიდის ლტოლვილთა პოლიკლინიკა –– 62.000
  7. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფი –– 1 080 000
  8. ბოხუას სახელობის ანგიოლოგიური ცენტრი –– 300 000
  9. პედიატრიის ინსტიტუტი –– 160 000
  10. ჩიჩუების ოფტალმოლოგიური კლინიკა ,,მზერა“––– 67 000
  11. ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფტალმიჯი“–––  130 000
  12. ქუთაისის საეკლესიო კლინიკა –– 462  000
  13. ღუდუშაურის სახ. საავადმყოფო ––– 2 000 000
  14. გადაუდებელი ნავროლოგიის კლინიკა –– 300  000
  15. დათო კობეშავიძის გინეკოლოგიური კლინიკა ,,იმედი“–– 253 000
  16. მარდალეიშვილის ონკოლოგიური ––– 800 000
  17. ჰოსპიტალური ქსელი ,,ადითი –– 900 000

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე მივმართავ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, სანამ ბოლომდე არ გაკოტრებულან საქართველოს სამკურნალო დაწესებულებები, სანამ საქართველოს ექიმებს შერჩათ ალტრუისტული უნარი თვეობით აუღებელი გასამჯელოს ფონზე უფასოდ მოემსახურონ პაციენტებს, სანამ ბოლომდე არ დასამარდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მათ ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტებით აიძულონ კერძო სადაზღვევო კომპანიები დროულად დაფარონ მათი დავალიანებები, შეზღუდონ მათი მანკიერი საქმიანობა და აიძულონ აკეთონ კონკრეტულად ის, რაც მათი საქმიანობის სფეროს არ სცილდება  და არ ეწინააღმდეგება ანტიმონოპოლიურ მივიწყებულ კანონს. ასევე შესაბამის ფინანსურ და სამართალდამცავ ორგანოებს შეისწავლონ სადაზღვევო კომპანიების საქმიანობა. გვერწმუნეთ ჩვენი ეს რადიკალური განცხადება განპირობებულია ქართველ მედიკოსთა უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. გავიმეორებ ჩვენს დევიზს––,,გადავარჩინოთ ქართველი ექიმები, რომ გადარჩეს საქართველო“!