საპენსიო რეფორმის კონცეფციის შესახებ იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს სოციალური პენსიის ზრდის მექანიზმის შემუშავებას (ინდექსაციას) და დამატებითი საპენსიო სისტემის კომპონენტის – კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დანერგვას.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ჭიჭინაძემ პრეზენტაციისას განაცხადა, რეფორმის ძირითადი ამოცანებია სოციალური პენსიის მსყიდველუნარიანობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, საპენსიო შემოსავლის თანაფარდობის ზრდა ხელფასთან მიმართებაში და სოციალური საპენსიო მოდელის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაა. მან შეხვედრაზე მიმოიხილა არსებული სოციალური საპენსიო სისტემა და ისაუბრა რეფორმის საჭიროებაზე. მან ასევე ისაუბრა რეფორმის ფარლებში გათვალისწინებული კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის საჭიროებაზე, კერძო დაგროვებითი საპენსიო აქტივების მართვასა და რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო ფისკალური ხარჯების შესახებ.
დღევანდელ შეხვედრაზე საპენსიო რეფორმის ალტერნატიული კონცეფცია წარმოადგინა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამაც. გიგი ჭანტურიძემ პროფკავშირების სქემაზე ისაუბრა და დეპუტატებმა ხანგრძლივად და დეტალურა იმსჯელეს წარმოდგენილი დოკუმენტების შესახებ. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა პროფკავშირების გაერთიანების თავმდჯომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა მიიღო.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ შემუშავებული საპენსიო სქემა 3 სვეტიანია. პირველი სვეტი წარმოადგენს საბზისო პენსიას და მთავრობის გეგმისგან განსხვავებით პროფკავშირების გაერთიანება ითხოვს მის ინდექსაციას საშუალო ხელფასის ზრდის ტემპის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს პანსიის მუდმივ ზრდას და ამ სვეტის ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნებას არსებულ დონეზე. პროფკავშირები ითხოვს, რომ მძიმე და საშშპირობებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებს, მიეცეთ პენსიაზე არანაკლებ 5 წლით ვადაზე ადრე გასვლის უფლება.
მეორე სვეტი წარმოადგენს სოლიდარობის პრინციპებზე აგებულ დაგროვებით სქემას. უნდა შეიქმნას სოლიდარობის ფონდი რომელიც უზრუნველყოფს დეკრეტული შვებულების, დროებითი შრომისუუნარობისა და დროებითი უმუშევრობის დროს შენატანების უწყვეტობას, რაც საბოლოოდ პენსიის მოცულობას უფრო სტაბილურს და პროგნოზირებადს გახდის. პროფესიული კავშირების გეგმის მიხედვით დასაქმებულებს ფონდში შენატანების გაკეთება არ მოუწევთ პირველი 5 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება პროფესიული კავშირების გეგმასა და მთავრობის გეგმას შორის არის ის, რომ ეკონომიკის სამინისრტოს სქემაში პენსია ამოწურვადია და მისი გაცემა შეწყდება დაგროვილი თანხის ამოწურვისთანავე, ხოლო პროფკავშირის სქემის მიხედვით პენსია გაიცემა საპენსიო ასაკის მიღწევიდან, მთელი სიცოცხლის მანძილზე. პროფკავშირების სქემის მიღების შემთხვევაში ხელფასის პენსიით ჩანაცვლების კოეფიციენტი 30 წლიწადში იქნება 50%, რაც 15%-ით აღემატება მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს.
სქემას უნდა ჰქონდეს ასევე მე-3 სვეტი, სადაც ჩართვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და შენატანების მოცულობა თავად უნდა განსაზღვროს დასაქმებულმა.
გაეროს ბავშვთა ფონდმა შეხვედრაზე წარმოადგინა ანგარიში „მიზნობრივი სოციალური დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში“. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კი მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ ისაუბრა.
საკითხების პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებლებმა დეპუტატების მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს. გაიმართა დისკუსია, რის შემდეგაც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა შეხვედრა. მისი თქმით, დღევანდელმა პრეზენტაციამ აჩვენა, რომ ამ თემაზე სამუშაო შეხვედრები კიდევ ბევრჯერ უნდა გაიმართოს, რამდენადაც სოციალური დაზღვევა და საპენსიო რეფომა არც თუ მარტივი თემებია, ბევრ კომპონენტს შეიცავს და ყველა დეტალი ყურადღებით არის განსახილველი, რათა საბოლოოდ ისეთი სისტემა შეიქმნას, რომ შესაძლებელი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა.
შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.