მიმდინარეობს საიტის განახლება

ხელფასი მხოლოდ მცირე ჯგუფს ეზრდება “საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდი სამარცხვინოა და ის უნდა შეიცვალოს”

 “საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდი სამარცხვინოა და ის უნდა შეიცვალოს”

 

გაზეთ რეზონანსის სტატია.

2016 წელს საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასი არ გაზრიათ – ამ მოსაზრებას სპეციალისტები მთავრობის განცხადებას უპირისპირებენ. მათი განმარტებით, ხელფასის რეალური მაჩვენებელი თავსმოხვეულ სტატისტიკას 50-60%-ით ჩამორჩება. ერთი მხრივ, მთავრობა ამტკიცებს, რომ შემოსავლები, ხელფასები და სამუშაო ადგილები გაზრდილია, მეორე მხრივ, ხალხი მასობრივად საწინააღმდეგოს ამბობს. საჯარო სექტორში დასაქმებული კმაყოფილი თანამშრომლების გარდა, ძნელია მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარი ანაზღაურების მატებას დაადასტურებს. რის მიხედვით და რა კრიტერიუმით მატულობს ქვეყანაში საშუალო ხელფასი, გაურკვეველია, როცა ირგვლივ ყველა სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე წუწუნებს. თუმცა, როგორც დეპუტატი აკაკი ზოიძე ირწმუნება, ეკონომიკაში წინსვლაა და როგორც საშუალო ხელფასი, ასევე სამუშაო ადგილებიც გაზრდილია. “ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლები გაზრდილია, მათ შორის, საშუალო ხელფასიც, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც გვინდოდა. საშუალო ხელფასმა ეკონომიკაში პირველად მიაღწია 1000 ლარს, სამუშაო ადგილების რაოდენობა კერძო სექტორში 56 000-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს იყო, მაგრამ ამით კმაყოფილი არ ვართ. ეს არ არის ის შედეგი, რომელიც წელში “გადატეხავდა” იმ პრობლემას, რასაც სიღარიბე და სტრუქტურული უმუშევრობა ჰქვია. ტენდენცია დადებითია, თუმცა არა საკმარისად სწრაფი. ასე რომ, ხელფასი და დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიღწეული ტემპით კმაყოფილი ვართ”, – განაცხადა ზოიძემ. თუკი ცესკოს თავმჯდომარისა და მის მსგავსთა ათიათასობით ლარის ხელფასებს და დანამატებს გავითვალისწინებთ და რიგითი მოქალაქეების მიზერულ ხელფასს შევადარებთ, საშუალო ხელფასის გაზრდა აღარ უნდა გვიკვირდეს. თუმცა, ეს არ არის რეალობა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს. გაერთიანებული პროფკავშირების გათვლით, საქართველოში მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, საშუალოდ, 450 ლარია, რაც ოფიციალურ სტატისტიკას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. “საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ოფიციალურად 930 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ამაში შედის საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანების ძალიან მაღალი ანაზღაურება და რიგითი მოქალაქეების მიზერული შრომის ანაზღაურება. ჩვენი გათვლით, მუშა-პერსონალის საშუალო ხელფასი 450 ლარია, რაც 55-60%-ით ჩამოუვარდება ოფიციალურ სტატისტიკას. მთავრობის თავმოწონება, რომ საშუალო ხელფასი გაზრდილია, არ არის სწორი. მიგვაჩნია, რომ მინიმალურისა და მაქსიმალურის შერწყმით საშუალო ხელფასის გამოთვლა, როცა კატასტროფული სხვაობა გვაქვს, სამარცხვინოა და მიდგომა უნდა შეიცვალოს”, – აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. მთავრობის მოსაზრებას ხელფასებთან დაკავშირებით ეკონომისტებიც ემიჯნებიან. ექსპერტი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის შრომის ანაზღაურება ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, არ გაზრდილა. “ჩვენი უბედურება ისაა, რომ გასაშუალებულ მაჩვენებელს გვთავაზობენ. არ შეიძლება, სახელმწიფო მოხელის ძალიან მაღალი ხელფასი და პრემია ქვედა რგოლის თანამშრომელთა ხელფასთან შეაჯამო. თუკი ეს სტატისტიკაა, მაშ, რეალობა რაღაა? აქ მთავარია სიტუაცია, რომელიც მთელ ქვეყანაშია და ესაა რეალურად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ მივაღწიეთ დეპრესიის წერტილს ეკონომიკაში. შემოსავლები არ იზრდება, თუ ვინმე თითო-ოროლა მაგალითს მაინც დამისახელებს, ეს უსათუოდ საჯარო სექტორის ჩინოვნიკი იქნება. ამიტომაა, რომ ხალხი საკუთარ ბიზნესსაც კი ტოვებს და საჯარო სექტორისკენ მიისწრაფვის. ხელფასის ზრდა არ ნიშნავს ოჯახის გაზრდილ შემოსავალს, რადგან ეს უკანასკნელი ინფლაციამ შთანთქა”, – აცხადებს აროშიძე და დასძენს, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და მოსახლეობას შემოსავლების მხრივ სერიოზული პრობლემა აქვს. “მმართველი გუნდის მხრიდან მტკიცება, რომ ხელფასი და სამუშაო ადგილები გაზრდილია, უხერხულია. შეიძლება მათთვის გაიზარდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა მასწავლებლებისთვის, ინჟინრების, კონსულტანტების და კერძო სექტორის ქვედა რგოლის თანამშრომლებისათვის. ასეთი ფაქტი რეალურად არ მოგვეპოვება”, – აღნიშნა აროშიძემ.

 

ავტორი მარი ჩიტაიარეზონანსი იანვ 2017 მინ ხელფ15676551_10154436293718073_4808296291721006898_o