სხვადასხვა სამსახური, თავისთავად, სხვადასხვა ანაზღაურებას გულისხმობს. ზოგიერთი თანამდებობა უფრო მაღალანაზღაურებადია. ანაზღაურების მოცულობას პროფესიის პრესტიჟულობაც განსაზღვრავს. ნაკლებად პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენლები მაღალი ხელფასის მოლოდინში არ უნდა იყვნენ.
როგორც წესი, ხელფასზე არავინ ლაპარაკობს. კერძო სტრუქტურებში დასაქმებულები მმართველების უშუალო მითითებით მალავენ კიდეც იმას, თუ რამდენს უხდიან. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კერძო სექტორში ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე საჯარო სექტორში. ამის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა სტაბილურობის უფრო მეტ გარანტიას იძლევა.
ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურება არ შეესაბამება შესრულებულ სამუშაოს. ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით მეტს იხდიან და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ანაზღაურება სამუშაოსთან შედარებით ძალიან მცირეა. შეგვიძლია მასწავლებლების მაგალითი მოვიყვანოთ. მათ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ საკუთარ თავზე აღებული, სამუშაოც საკმაოდ შრომატევადია, ანაზღაურება კი – მინიმალური. რომელიმე კერძო სამსახურში კი თანამშრომელს, შესაძლოა, ათასობით ლარი თითქმის არაფრის კეთებისთვის მისცენ.
როგორც წესი, იმას არავინ ამბობს, რომ დაუმსახურებლად ეძლევა მაღალი ხელფასი, დაბალ ანაზღაურებაზე კი ბევრი წუწუნებს. მათ შორის ისეთი აუცილებელი პროფესიის წარმომადგენლებიც არიან, როგორიცაა ექიმი, მასწავლებელი. მაღალი ხელფასი არც იმათ აქვთ, ვინც გარკვეული საქმის შესრულების სანაცვლოდ, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი საფრთხეში აგდებს.
მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ხელფასი საკმაოდ დაბალი აქვთ. მათი ანაზღაურების გაზრდაზე საუბარი უკვე რამდენიმე ხანია მიმდინარეობს. მასწავლებლები ხელფასს ჩატარებული გაკვეთილების მიხედვით იღებენ. საათების რაოდენობა კი ახალ რეფორმებთან ერთად მცირდება.
ოფისმენეჯერობა მასწავლებლობასთან შედარებით ნაკლებად საპასუხისმგებლო საქმიანობაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ პოზიციაზე ანაზღაურება გაცილებით მაღალია.
ბანკში მუშაობა დღესდღეობით საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება, ანაზღაურებაც შესაბამისია. ხშირ შემთხვევაში, ბანკში ახალმისულ თანამშრომელს არცთუ ბევრს უხდიან, მაგრამ გამოცდილებისა და სამუშაო სტაჟის ზრდასთან ერთად იზრდება ხელფასიც. კარგ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს რამდენიმე ათასი ლარიც კი ერიცხებათ.
“ბანკში მუშაობა ყოველთვის მინდოდა, ეკონომიკურზეც მხოლოდ ამის გამო ჩავაბარე. მუშაობა მალევე დავიწყე. თავიდან, რა თქმა უნდა, სტაჟიორი ვიყავი. პირდაპირ ფილიალის მენეჯერად არავის მივუღივარ და ამის ილუზია არც მქონდა. კარგად ვიცოდი, რა გზის გავლაც მომიწევდა.
უხელფასოდ, დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში ვიმუშავე, შემდეგ სარეზერვოში გადამიყვანეს. მოკლედ, სადაც დასჭირდებოდათ დამხმარე კადრი, იქ მიშვებდნენ. ხან შვებულებაში გასულ თანამშრომლებს ვცვლიდი და ხან კიდევ სასწავლებლად წასულებს. ანაზღაურება, რა თქმა უნდა, მქონდა.
ერთი წელი ასე ვიმუშავე და მერე ჩამსვეს შტატში. უკვე ორი წელია თანამშრომელი ვარ და ხელფასსაც თანდათანობით მიმატებენ. ამჟამად საკრედიტო ექსპერტი ვარ. 500 ლარიდან დაიწყო ჩემი ხელფასი და ახლა 1000 მაქვს. მალე ისევ მომიმატებენ და 1200 მექნება. დღევანდელ პირობებში, ეს საკმაოდ კარგი ხელფასია, თანაც ექსპერტის პოზიციაზე.
უფრო მაღალ პოზიციებზე უფრო მაღალი ანაზღაურებაცაა, მაგრამ ჯერჯერობით მე არავინ დამაწინაურებს, რადგან საკმარისი გამოცდილება არ მაქვს”, – გვითხრა ზურამ, რომელიც ერთ-ერთ ბანკში მუშაობს.
ხშირ შემთხვევაში,ანაზღაურება არ შეესაბამება შესრულებულ სამუშაოს. ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით მეტს იხდიან და არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ანაზღაურება სამუშაოსთან შედარებით ძალიან მცირეა. შეგვიძლია მასწავლებლების მაგალითი მოვიყვანოთ. მათ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ საკუთარ თავზე აღებული, სამუშაოც საკმაოდ შრომატევადია, ანაზღაურება კი – მინიმალური. რომელიმე კერძო სამსახურში კი თანამშრომელს, შესაძლოა, ათასობით ლარი თითქმის არაფრის კეთებისთვის მისცენ.