საქართველოში არსებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ჩვენი ქვეყნიდან წასვლის სურვილი არაერთ ადამიანს გაუჩდა. ეს ტენდენციები როგორც ირკვევა, შეუქცევადიც კი გახდა…
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოდან ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი განცხადება სედის. განცხადებების ავტორები უცხოეთში თავშესაფარს ითხოვენ.
იოჰან იდერი, ექსპერტი, საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელი: “წელს სექტემბრის ჩათვლით 3921 განცხადებაა შემოსული, 1100 განცხადებით მეტი წინა წელთან შედარებით. წლის ბოლომდე ეს რიცხვი ალბათ 9 ათასამდე ავა. 2008 წელს 7823 განცხადება გვქონდა, 2007 წელს 8422. სწორედ 2007 წელს იყო ყველაზე დიდი ციფრი, მაგრამ 2013 წელმა ამასაც გადააჭარბა. ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომელზედაც გამუდმებით რეკავენ და საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით კითხვებს გვისვამენ. მთავრობის ცვლილებით მიგრაციამ საქართველოდან არ დაიკლო, პირიქით, გაიზარდა კიდეც.”
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს ავსტრიაში ითხოვენ, შემდეგ მოდის საფრანგეთი, გერმანია და შვეიცარია.
წელს განსაკუთრებული დაინტერესებაა სლოვაკეთის მიმართ, რაც ადრე არ შეინიშნებოდა (ადრე უფრო ჩეხეთში ითხოვდნენ თავშესაფარს). გარდა ამისა, ცდილობენ მოხვდნენ იმ ქვეყნებში, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახანს მიიერთა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მანძილზე გერმანიაში წასვლის მსურველთა რიცხვმა 7%-ით მოიმატა, ამერიკაში 14%-ით, ინგლისში 12%-ით. თუმცა აღნიშნული საელჩოები კვლავ შეუვალები არიან და ვიზას მხოლოდ იმდენ კაცს აძლევენ, რამდენიც წინასწარ არის განსაზღვრული.
ყველაზე “აუღებლად“ ბრიტანეთის საელჩოს მიიჩნევენ. უცხოეთში სამუშაოდ წასვლის მსურველი ქართველების ცნობით, ბრიტანეთის საელჩო ყოველი 100 მსურველიდან, ვიზას მხოლოდ ერთს აძლევს.
ია თალაკვაძე პროფესიით თარჯიმანია. მისი მშობლები ამჟამად ინგლისში ცხოვრობენ. მათ ვიზა შვილს უკვე ორჯერ გამოუგზავნეს, მაგრამ საელჩო მის ინგლისში გამგზავრებაზე რატომღაც თავს იკავებს.
ია თალაკვაძე, 23 წლის: “საელჩოში მე და ბაბუაჩემმა ჩვენი ბინისა და მანქანის საბუთებიც წარვადგინეთ, რათა დარწმუნებულიყვნენ რომ საქართველოში დაბრუნებას ნამდვილად ვაპირებ, მაგრამ მაინც მეუბნებიან, თუკი შენი ერთ-ერთი მშობელი დაბრუნდება, მაშინ გაგიშვებთო. რა გარანტია მაქვს რომ ნამდვილად გამიშვებენ?!”
ბრიტანეთის საელჩოსთან იას გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი ვნახეთ, რომელთაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ. 65 წლის პენსიონერმა ნელი ქევხიშვილმა თქვა, რომ საელჩოს თანამშრომლები წასვლის მსურველებს აგდებულად ექცევიან.
ნელი ქევხიშვილი: “ჩემი ქალიშვილი 10 წელიწადია ინგლისში ცხოვრობს. ბოლო ორი წელია მისგან არაფერი მსმენია, არც დაურეკავს. საელჩოში რამდენჯერმე მივედი, რათა გამერკვია როგორ შემეძლო შვილი მეპოვა. მადლობა ღმერთს რამდენიმე გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელითაც ჩემი გაჭირვება გაიზიარეს, მაგრამ ზოგიერთი აქაური თანამშრომელი ისე გიყურებს, როგორც ვიღაც უღირსს და პასუხსაც გამადლის. ინგლისური ცუდად ვიცი და როდესაც დავილაპარაკებ, განსაკუთრებით მაშინ მიგდებენ მასხარად.”
ანალოგიური პრობლემები აქვთ გერმანიაში წასვლის მსურველებსაც. მიუხედავად იმისა, რომ “შენგენის” (გაერთიანებული ცენტრალური ევროპის) ქვეყნებიდან გერმანია ყველაზე სტუმართმოყვარედ ითვლება, ბუნდესქვეყანაში წასვლის მსურველები მაინც უამრავ სუბიექტურ პრობლემას აწყდებიან.
გერმანიამ, ბოლო ერთი წლის მანძილზე, მესამე სამყაროს ქვეყნების ლიდერების თხოვნით გერმანიაში უკანონოდ მცხოვრები ყველა უცხოელის მაქსიმალური კონტროლი და აღრიცხვა დაიწყო. თუმცა განსაკუთრებული შედეგი არც ამას მოუტანია.
გერმანიაში წასვლის მსურველთა დაახლოებით 60-70% მომვლელ გოგონებზე მოდის. აღნიშნული პროგრამით გერმანიაში ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 5 ათასზე მეტი ქართველი გოგონა გაემგზავრა. თუმცა ადვილი არც ამ ქვეყნის ვიზის მიღებაა. თეა ათუნიშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ინტერნეტით გამოქვეყნებული საკუთარი მონაცემებით გარმანული ოჯახების დაინტერესება ვერ მოახერხა.
თეა ათუნიშვილი, მხატვარი: “ვერასდროს წარმოვიდგენდი თუკი გერმანიაში წასვლას ვიფიქრებდი, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ესეც გადავწყვიტე. თუმცა რა გამოვიდა? ჩვენი პრეზიდენტი კი ამბობს ხოლმე, ევროპასა და მთელ მსოფლიოში უკვე სერიოზულად გვიყურებენ, ქართველები სხვათა თავში წამოსატრყმელები არ გავხდებითო, მაგრამ რა სახელზეა საუბარი, როცა ჩვენსავე ქვეყანაში ცინიკურად გვექცევიან”.
“მაშ ძმა ყოფილა ის შენი”
გერმანიაში გამგზავრება ბიჭებსაც არანაკლებ სურთ. თუმცა მათი გაშვების შანსი თითქმის ნულია, რადგან ევროპაში კარგად უწყიან ქართველი ბიჭების არცთუ საამაყო საქმიანობის შესახებ.
თუმცა, 23 წლის ახალგაზრდა პიანისტ ლაშა ერაძეს ევროპაში წასასვლელი ვიზა მხოლოდ იმიტომ არ ჩაურტყეს, რომ მისი მოგვარე, ვინმე ლევან ერაძე ევროპაში ცნობილი ყაჩაღი ყოფილა.
თამარ ცეცხლაძე, ლაშა ერაძის დედა: “მიზეზები ბევრნაირი გამიგია, მაგრამ ასეთი პირველად მოვისმინე. ის ქურდი და ყაჩაღი ჩვენი ნათესავი მაინც იყოს.. გეფიცებით, საერთოდ არც კი ვიცნობ, ვინ არის ის ჩემი ცოდვით სავსე.”
სხვა საელჩოებისგან განსხვავებით, ამერიკის საელჩოში დისციპლინას მეტი ყურადღება ექცევა. იქ ხალხს წერილობით ან სიტყვიერად მაინც უხსნიან, თუ რატომ არ მისცეს ვიზა. მაგრამ უცხოეთს მოწყურებული ქართველების შემოტევას ვერც ამერიკის საელჩო აუდის.
ამერიკაში წასვლის მსურველი ყველა ადამიანის ვინაობა და წარსული მკაცრად მოწმდება. თუმცა საქართველოს აშკარად გამოხატული პროდასავლური კურსის გათვალისწინებით, ამერიკაში წასვლა კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით აქედან უფრო იოლია.
როგორც ბოლოდროინდელი ვითარება ცხადყოფს, უცხოეთში წასვლის მსურველი ქართველების რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს. ამის ფონზე კი ჩვენი ოფტიმიზმი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, არარეალურია.