მიმდინარეობს საიტის განახლება

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლების აქცია გრძელდება. 3500 თანამშრომლიდან 1500 გაფიცულია.

მაღაროელები საწარმოს ადმინისტრაციას სრული ხელფასის დარიცხვას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ადმინისტრაციამ ხელფასი სრულად არ დაურიგა, მიზეზად კი გეგმის შეუსრულებლობა დაასახელა. მაღაროელები აცხადებენ, რომ გეგმა საწარმოს მხრიდან დაუდევრობის გამო ვერ შეასრულეს.

აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდასაც ითხოვენ და საწარმოს ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.გაფიცულები სამუშაო პიროებების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ. მათი თქმით, მაღაროში არ არსებობს ჰიგიენის პირობები, ხოლო ტექნიკა მოძველებული და მწყობრიდან გამოსულია.

მაღაროელთა მოთხოვნებს საწარმოს ადმინისტრაცია გამოეხმაურა. საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაკა კვარაცხელიას თქმით, მაღაროელების ხელფასის დაკლება გეგმის შეუსრულებლობის გამო მოხდა. გეგმის შეუსრულებლობა კი როგორც კვარაცხელია ამბობს, რიგ შემთხვევაში მაღაროელების, რიგ შემთხვევაში კი საწარმოს მიზეზით მოხდა. რაც შეეხება ბრალდებას,  სამუშაო პირობების არარსებობის შესახებ, კვარაცხელიას თქმით,  საწარმოს პრიორიტეტი გადაიარაღებაა, რისთვისაც ახალი ტექნიკის შემოყვანა ეტაპობრივად ხდება. chiatura