მიმდინარეობს საიტის განახლება

წერილი პრემიერს

საქართველოს პრემიერ მინისტრს,

საქართველოს საოციალური პარტნიორობის

სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2017 წლის 15 აგვისტოდან, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლები, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებთან ერთად, ვმართავთ შიმშილობის აქციას საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც გამოიწვია საქართველოს რკინიგზის  ადმინისტრაციასა და საქართველოს რკინიგზის კახეთის რეგიონის დეფექტოსკოპიის თანამშრომლებს (ვლადიმერ ბახლიშვილი, უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი, აკაკი ჭარელაშვილი) შორის წარმოშობოლმა კოლექტიურმა შრომითმა უთანხმოებამ.

 

კოლექტიური შრომითი უთანხმოების წარმოშობის საფუძვლები მდგომარეობს შემდეგში:

 

2017 წლის 25 ივლისს საქართველოს რკინიგზის ,,კახეთის რეგიონის“ დეფექტოსკოპიის თანამშრომლები: ვლადიმერ ბახლიშვილი, უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი, აკაკი ჭარელაშვილი, დაიბარეს ქ. თბილისში, საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოში, სადაც განუცხადეს, რომ ხელი ექნებოდათ მოსაწერი ახალ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც მათ სამუშაო ადგილს უბრალოდ შეეცვლებოდა დასახელება, რის შედეგადაც დაექვემდებარებოდნენ ,,სამხეთ-აღმოსავლეთ“ რეგიონს.

 

2017 წლის პირველ  აგვისტოს ზემოაღნიშნული პირები კვლავ დაიბარა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  და უთხრეს, რომ მათი სამუშაო არის უკვე ,,სამხრეთ-აღმოსავლეთ“ რეგიონი, რაც გულისხმობს მარნეულში მუშაობას და თუ შრომითი კონტრაქტის ამ ცვლილებას ხელს არ მოაწერდნენ განთავისუფლებული იქნებოდნენ სამუშაოდან.

 

ვლადიმერ ბახლიშვილი, უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელაშვილი, საკუთარ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ გურჯაანის რაიონში და უკვე დიდი ხანია მუშაობენ საქართველოს რკინიგზის ,,კახეთის რეგიონის“ დეფექტოსკოპიის თანამშრომლებად, არიან ოჯახის ერთადერთი მარჩენლები და მათთვის სამუშაო ადგილის 100-150 კმ-ით შეცვლა , მითუმეტეს საცხოვრებლის და ტრანსპორტირების  უზრუნვეყოფის ან სათანადო სახსრების გამოყოფის გარეშე, შეუძლებელს ხდის მათ მიერ მუშაობის გაგრძელებას.

 

მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მათ ყოველივე ზემოაღნიშნულის თაობაზე  წერილობით აცნობეს  სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს მამუკა ბახტაძეს და სთხოვეს, გათვალისწინებულიყო დასაქმებულთა თხოვნა და არ შეცვლოდათ სამუშაოს გეოგრაფიული მდებარეობა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა განუსაზღვრელი ვადით დადეულ შრომით კონტრაქტებშიხელსეკრულებებში  შესულიყო შრომის არსებითი პირობების ამგვარი ცვლილება.

 

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მათ მოუვიდათ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ისინი არ გააგრძელებენ მუშაობას მარნეულში მათ შეუწყდებათ შრომითი ურთიერთობა. საგულისხმოა, რომ წერილში არაფერია ნახსენები სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში გადასვლის შემდეგ, შრომის როგორი პირობებით იქნებოდნენ უზრუნველყოფილნი ვლადიმერ ბახლიშვილი, უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელაშვილი, უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ თუ არა ისინი გურჯაანიდან მარნეულში ტრანსპორტირების, საცხოვრებელი ადგილისა და კვების ხარჯებით. ექნებოდათ თუ არა რაიმე სახის სამივლინებო დანამატი შრომის ანაზღაურებაზე და ა.შ.

 

საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კოდექსის მე–11 მუხლის  მე–2 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულის შრომის არსებითი პირობების ცვლილებას აუცილებლად ჭირდება დასაქმებულის თანხმობა, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას კი არც უცდია დასაქმებულებთან, ან მათ ოფიციალურ წარმომადგენელთან – რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან რაიმე ტიპის მოლაპარაკება ეწარმოებინა.

 

ვლადიმერ ბახლიშვილმა და აკაკი ჭარელაშვილმა ვერ გაუძლეს კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მათ მიმართ გამოყენებულ ურთიერთობის ფორმას, რომელიც შეიცავდა შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის მუქარას და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დათანხმდნენ შრომის არსებითი პირობების შეცვლას, ხოლო უჩა ხვთისიაშვილმა და ვახტანგ ცისკარიშვილმა, მას შემდეგ რაც ამოიწურა კომპანიასთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების ყველანაირი შანსი, გადაწყვიტეს, რომ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა პროტესტის ერთ–ერთი ფორმით, შიმშილობის აქციით მოეხდინათ და 2017 წლის 15 აგვისტოდან გამოაცხადეს შიმშილობის დაწყება სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ვახტანგ ცისკარიშვილისა და უჩა ხვთისიაშვილის ოჯახის წევრებზე დაიწყო ძლიერი ზეწოლის განხორციელება. მათ ოჯახებში მიდიოდნენ ჩვენთვის უცნობი პირები და აიძულებდნენ ოჯახის წევრებს, რომ გავლენა მოეხდინათ მოშიმშილეების გადაწყვეტილებაზე და შეეწყვიტათ შიმშილობა. როგორც მოშიმშილეები ამბობენ, მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა შეიცავდა მუქარისშემცველ ღია ტექსტებს. ამ ყველაფრის შედეგად ვახტანგ წიქარიშვილმაც შეწყვიტა შიმშილობა და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი საერთოდ უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე.

 

ყოველივე ამის შემდეგ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციამ, კერძოდ კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ნანა კლარჯეიშვილმა საზოგადოებას განუცხადეს, რომ: ,,რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომლებთან არანაირი პრობლემა არ შექმნილა, შიმშილობს მხოლოდ ერთი რკინიგზელი, რომელიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მიერ არის მართული.

 

რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, მისი ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერებისა და მოშიმშილე უჩა ხვთისიაშვილის მიმართ ცილისმწამებლური და დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები დღესაც გრძელდება, რასაც კიდევ უფრო ჩიხში შეყავს კოლექტიური შრომითი დავა. სწორედ ამიტომ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ლიდერები – ვიტალი გიორგაძე, ილია ლეჟავა, თენგიზ დვალიშვილი, პაატა ნინუა, დავით ვაშაკიძე, მერაბ თარგამაძე, ნიკოლოზ ხმალაძე, ვაჟა ძიძიგური, გიორგი მიქავა, ზაზა ანანიძე, გია ჯანჯალია, გელა გოგელია, მიხეილ ურიდია და გოჩა რუხაძე 2017 წლის 17 აგვისტოდან შეუერთდნენ შიმშილობის აქციას. რამდენიმე დღეში მოშიმშილე ვაჟა ძიძიგურს, დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების გააქტიურების გამო, სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალმა შიმშლობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიაბეტური კომა გარდაუვალი იქნებოდა. ამჟამად ვაჟა ძიძიგური აღარ შიმშილობს, თუმცა მოშიმშილეებთან ერთად მჯდომარე აქციას აგრძელებს.

 

შიმშილობის აქციის მონაწილეებმა, იმისთვის, რათა თავი დაეცვათ კლიმატური პირობების გარეგანი საფრთხეებისგან, რკინიგზის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც არ არის არც საავტომობილო და არც საფეხმავლო გზის სავალი ნაწილი, არ არის ხელოვნურად მოწყობილი გაზონი ან მუნიციპალური სამსახურების დაქვემდებერაბეში მყოფი რაიმე სახის ურბანული დეკორაცია, გადაწყვიტეს დაედგათ მცირე ზომის კარავი, თუმცა აქციაზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ეს უფლება შეუზღუდეს ყოველგვარი დასაბუთების და ახსნა-განმარტების გარეშე, რის შემდეგაც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა სარჩელი, პოლიციის თანამშრომელთა, კარვის დადგმის აკრძალვასთან დაკავშირებული ქმედების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით.

 

იმის მაგივრად, რომ სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობა დაუყოვნებლივ დაეწყო, 17 აგვისტოს მიღებული სარჩელზე 21 აგვისტოს მხარეს  ჩააბარეს განჩინება,  სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი, ხარვეზის დადგენის შესახებ, საბოლოოდ კი პროცესი მხოლოდ 24 აგვისტოს შედგა. სასამართლომ პოლიციელთა ქმედება კარვის დადგმის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონიერად სცნო, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია.

 

სასამართლოს გაუგებარი და ჩვენი აზრით მიკერძოებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მოშიმშილეებმა გადაწყვიტეს შესულიყვნენ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ცენტრალური ოფისის ფოიეში, ანუ იმ ადგილას, სადაც არის საკმაოდ დიდი სივრცე მოქალაქეების სამოძრაოდ, სადაც არ დგას გამშვები ტურნიკეტები, სადამდე შესვლაც საშვის გარეშეა შესაძლებელი და იქ გაეგრძელებინათ შიმშილობის აქცია, თუმცა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ამას მოჰყვა არაპროპორციული,  უხეში ძალის გამოყენება მოშიმშილეების და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. პოლიციელთა მხრიდან ადგილი ქონდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. მოშიმშილეთა დარბევის პროცესში პოლიციელებთან ერთად ჩართულები იყვნენ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირებიც.

 

პოლიციელთა მხრიდან მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეთა დარბევის პროცესში დაკავებული და საპატიმროში გადაყვანილი იქნა 10  ადამიანი, რომლთა  მიმართაც  პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ღირსების შემლახველ მოპყრობას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ სახალხო დამცველმა, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, პოლიციელთა ქმედება უკანონოდ შეაფასეს, რადგან მათი შეფასებით სახეზე გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონით მინიჭებული უფლების უკანონო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

აღსანისნავია, რომ აღნისნული აქციის შემდეგ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს არ გვეძლევა უფლება, შევიდეთ ჩვენსავე ოფისში, რომელიც განლაგებულია რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობაში, რაც წარმოადგენლს როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.

 

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის მთავარი ოფისიდან გამოსულმა სამმა პირმა, სცადა მოშიმშილე უჩა ხვთისიაშვილის შიმშილობის ლოკაციიდან გატყუება და როდესაც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მათი ვინაობით, შეურამცხყოფელი ტექსტებით სცადეს შიმშილობის აქციის მონაწილეების მწყობრიდან გამოყვანა. პასუხად, მოშიმშილეებმა იქვე მდგარ საპატრულო ეკიპაჟს დაუძახეს, რომელმაც პროვოკაციის მომწყობი სამი უცნობი პირი გაარიდა ტერიტორიას. უჩა ხვთისიაშვილის აღწერით ეს სამი პირი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს მის გატყუებას შიმშილობის ტერიტორიიდან, ასევე ამბობს, რომ ეს სამი პირი ოჯახზე, კონკრეტულად კი უჩა ხვთისიაშვილის სიძეზე ანხორციელებს ზეწოლას – ურეკავენ მობილურ ტელეფონზე და აიძულებენ, რომ რაიმე სახით უჩა ხვთისიაშვილზე იმოქმედოს და შიმშილობა შეაწყვეტინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემების შექმნით ემუქრებიან. ამ პირების ვინაობის გამჟღავნება მოვთხოვეთ რკინიგზის დეპარტამენტის შენობის დაცვის სამსახურს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გამშვები ტურნიკეტის გადამკვეთი ყველა ადამიანის სახელ და გვარს დაცვის თანამშრომელი ჟურნალში აფიქსირებს, გვითხრეს რომ არ იციან იმ სამი პირის ვინაობა. მათი ვინაობა არ გაგვიმხილა არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, არადა დავინახეთ, რომ პატრულმა მათი პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები შეამოწმა, როდესაც მათი ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდა.

 

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო და არის ცილისმწამებლური და მადისკრედიტებელი სატელევიზიო განცხადებების გავრცელებით და ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოს მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელი გარემო, მაქსიმალურად ცდილობს მოშიმშილე რკინიგზელებისა და სოციალური პარტნიორის დისკრედიტაციას.

 

კომპანიის წარმომადგენლები, დაჩი ცაგურია და კოკა გუნცაძე, მთავარ აქცენტებს აკეთებენ იმაზე, რომ შიმშილობს მხოლოდ ერთი მოქმედი რკინიგზელი და დანარჩენებს თითქოს არანაირი კავშირი არ აქვთ რკინიგზასთან. ხოლო ის ერთი რკინიგზელი, საუბარია უჩა ხვთისიაშვილზე, შიმშილობს იმიტომ, რომ თითქოს მას ეს დაავალა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, ხოლო რაში დაჭირდა ეს ყოველივე ირაკლი პეტრიაშვილს, ხსნიან იმით, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარეს უნდა, რომ კვლავ აირჩიონ პროფკავშირის ხელმძღვანელად და რკინიგზაში ხმაური თითქოსდა მას ჭირდება პროფკავშირული ლიდერის რეიტინგის ასამაღლებლად. ზოგიერთ განცხადებაში დაჩი ცაგურია და კოკა გუნცაძე ამბობენ, რომ შიმშილობის აქცია ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო მანევრია და მაქსიმალურად ცდილობენ რკინიგზელთა ძალიან გულწრფელი და მხოლოდ შრომით-სამართლებრივი პრობლემებით გამოწვეული პროტესტი პოლიტიკური კონტექსტით დაამახინჯონ.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ სიცრუეზე, სიყალბეზე, ცილისწამებაზე და დემაგოგიაზე დამყარებული საინფორმაციო კამპანიის აგორება საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში აუცილებლად გამოიწვევს უარყოფით შედეგებს საქართველოსთვის და ქვეყნისთვის ამ არასასურველი პერსპექტივით გამოწვეულ შედეგებს კიდევ უფრო დაამძიმებს შემდეგი ორი გარემოება: სს ,,საქართველოს რკინიგზა“ გახლავთ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანია, ხოლო ირაკლი პეტრიაშვილი კი პროფესიულ კავშირთა საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტია. როგორც ჩანს რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაჩი ცაგურია და კოკა გუნცაძე ვერც კი აცნობიერებენ, რომ წარმოადგენენ რა სახელმწიფო კომპანიას, მათ მიერ წამოწყებული ანტიპროფკავშირული კამპანია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღქმული იქნება როგორც სახელმწიფოს მიერ საქართველოს პროფკავშირისა და მისი ლიდერის მიმართ წარმოებული დევნა და იძულება.

 

სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს დღემდე დაუსაბუთებლად, უკანონოდ უზღუდავს საკუთარი ოფისით სარგებლობის საშუალებას, რომელიც სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის შენობაში მდებარეობს.

 

ყოველივე ზემოთხსენებული ცხადჰყოფს, რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ საკუთარ თანამშრომლებთან და სოციალურ პარტნიორებთან კონსტრუქციული სოციალური დიალოგის წარმართვის ელემენტარული უნარები, მაგრამ საგანგაშო უფრო ის არის, რომ არ გააჩნიათ არც სურვილი და უფრო მეტიც, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც კიდევ უფრო სპობს სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დამყარებული სოციალური დიალოგის პერსპექტივას და შესაძლებლობებს, მაგალითად: აგვისტოს დასაწყისში, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი ვასილ ხორავა ესტუმრა რკინიგზის სამტრედიის განყოფილებას და მუშებს მზისგან დამცავი ქუდები გადასცა, თუმცა იმ რკინიგზელებს, რომლებიც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები იყვნენ უთხრა – ,,იქიდან გამომდინარე, რომ ყველასთვის ქუდის საყიდელი თანხები კომპანიას არ გააჩნია, ქუდები მხოლოდ მათ მიეცემათ, ვინც მეორე პროფკავშირის წევრები არიან“-ო. (რკინიგზაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის გარდა ფუნქციონირებს ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი პროფკავშირი).

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო

 

სს ,,საქართველოს რკინიგზა“-ში სოციალური დიალოგის პრობლემა არსებობდა, არსებობს და ალბათ მუდმივად  იარსებებს, რადგან კომპანიის იმ ჯგუფს, რომლებიც კომპანიას მართავენ, არ გააჩნია ამის არც სურვილი და არც ცოდნა, მათ დაარღვიეს ყველა შეთანხმება, რომელიც რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან დღემდე აქვთ დადებული და 2012 წელს, როდესაც მოხერხდა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თქვენთან შეხვედრის ორგანიზება, მაშინ თქვენც კი შეამჩნიეთ, რომ არსებული პრობლემები არანორმალური კომუნიკაციის მიზეზით არის გამოწვეული და გაეცით შესაბამისი დავალება, რომ დასაქმებულებთან კომუნიკაციისა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ხარისხი გაუმჯობესებულიყო.

 

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, ისევე როგორც ყოველთვის, ეხლაც მზად არის, შრომით-სამართლებრივი საკითხების ირგვლივ წარმოშობილი კოლექტიური შრომითი დავის დარეგულირების მიზნით, პროფკავშირის წევრთა ლეგიტიმური წარმომადგენლის სტატუსით, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში, რომლის ფორმატიც აუცილებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურის მიერ და მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა წარიმართოს სახელმწიფოს უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის ჩართულობით, წინააღმდეგ შემთხვევაში სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებები არაეფექტური და არაფრის მომცემი იქნება.

 

გთხოვთ, შეისწავლოთ ყოველივე ზემოაღნიშნული  და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.

 

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს შიმშილობის მე-15 დღეა და მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება, გთხოვთ უზრუნველყოთ პროცესის ოპერატულობა, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე მოულოდნელი ტრაგიკული მოვლენა.

 

პატივისცემით,

თავმჯდომარე

 

ვიტალი გიორგაძე