გაზეთ “რეზონანსი”-ს სტატია
შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ქვეყანაში კვლავ ქაოსია. ამის გამო, უამრავი ადამიანი იღებს საწარმოო ტრავმას. მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ყველაზე სახიფათო პროფესიებს შორის მშენებლობა პირველ ადგილს იკავებს. კვლევების მიხედვით იქ ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. სპეციალისტები და დასაქმებულები შრომის კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც, თავის მხრივ, შსს-ს მონაცემებს ეყრდნობა, რომ 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა. “სულ მცირე, 2-3 დღეში ერთხელ ხდება სავალალო შემთხვევა, როდესაც სამუშაო ადგილებზე ადამიანები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან. მხოლოდ უკიდურესად ცოტა ფაქტს აშუქებს მედია და შესაბამისად, საზოგადოების თვალთახედვის მიღმაც ბევრი რამ რჩება”, – აღნიშნულია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროა. გაერთიანებულიპროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის, გოჩა ალექსანდრიას თქმით, შრომის უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში მართლაც უმძიმესი ვითარებაა. პროფესიებში ყველაზე სახიფათოდ მშენებლობა მიიჩნევა. ალექსანდრიას აზრით, 2016 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები უფრო მაღალი იქნება. “2015 წლის მონაცემების მიხედვით, საწარმოო ტრავმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 123-ია. აქედან 14 ადამიანია გარდაცვლილი (8 სამშენებლო ობიეტებზე). რეალურად მძიმე მდგომარეობაა. სამწუხაროდ, მშენებლობა ლიდერობს გარდაცვალებულთა და დაშავებულთა კუთხით. გარდაცვლილი ადამიანების 55-60% მოდის სწორედ სამშენებლო სექტორზე. 2015 წლიდან დღემდე მდგომარეობა ნამდვილად არ გამოსწორებულა, პირიქით, წელს გაცილებით რთული ვითარებაა, რაც მიმდინარე დინამიკასაც ემჩნევა. სავალალო სტატისტიკას დაადსტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, რომელსაც წლის ბოლოს ვიხილავთ. ზოგადად სამარცხვინო ფაქტია ის, რომ შსს აგროვებს ამ მონაცემებს და არა შრომის ინსპექცია, როგორც ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება. ამ კვლევას აუცილებლად უნდა ემატებოდეს მივლინების დროს დაშავებულების რაოდენობა, როდგან ესეც ითვლება პროფესიულ შემხვევად”, – განუცხადა “რეზონანსს” ალექსანდრიამ. არსებული მდგომარების მოგვარების ვალდებულებას, ალექსანდრია ზედახედველობის სამსახურს აკისრებს. რამდენადაც მოვალეობის შესრულებას სახელმწიფო უწყებები თავს არიდებენ, შედეგად მოქალაქეები იღუპებიან. “იმისათვის, რომ ვითარება შედარებით დასტაბილურდეს და უმიზეზოდ არ იხოცებოდეს ხალხი, საჭიროა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს, თბილისის ზედამხედველობისა და სხვა ქალაქების, რაიონების მუნიციპალურ სამსახურებს. რაც შეეხება შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, მას აქვს პირდაპირი ვალდებულება სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მხრივ, რასაც არ აკეთებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ უცხო პირთაგან მხოლოდ სამშენებლო ობიექტების გარე პერიმეტრის დაცვა და სამშენებლო მასალების განთავსება ევალებათ. დანარჩენ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ჩვენ მათ მივმართეთ წერილობით და მივიღეთ პასუხი, რომ მართლაც ვალდებულნი არიან დაიცვან სხვადასხვა ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოება. ინსპექტირების დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 46 სამშენებლო კომპანია დააჯარიმეეს, თუმცა რეალობა სულ სხვაა. თუკი ეს ასეა, რატომ იზრდება გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი? ამაზე ყველამ უნდა მოვთხოვოთ პასუხი”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრიას ალექსანდრიამ.პროფკავშირებში ყურადღებას ამახვილებენ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების შემოღების თაობაზეც, რომელსაც 2014 წელს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა, მაგრამ მისი აღსრულება დღემდე ვერ ხერხდება. “შრომის უსაფრთოება განზრახ იგნორირებულია და ყურადღებას არ აქცევენ. აქ არის ორი ძირითადი მიზეზი. პირველ რიგში, პრობლემას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავ. როგორც მმართველ, ასევე ძირითად ოპოზიციურ პარტიას არანაირი ხედვა და სტრატეგია არ აქვს შრომითი სფეროს მიმართულებით. ამას ადასტურებს სექტემბერში ჩატარებული კვლევაც, რომელმაც გამოიკვლია 9 ძირითადი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უხსენებია შრომის უფლებები ან მისი უსაფრთხოები ნორმები. ამიტომ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც არ უნდა გვქონდეს მოლოდინი იმისა, რომ ამ საქმეს ყურადღებას მიაქცევენ და რამეს შეცვლიან ხალხის სასიკეთოდ. მეორე ასპექტია ის, რომ თვითონ ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა, როგორც პარლამენტი, ისე მთავრობა, დაკომპლექტებულია ბიზნეს ლიდერებით. ისინი დღესაც აქტიურად მართავენ თავიანთ ბიზნესს. ისინი საკურთ ინტერესებს ლობირებენ და ამიტომ არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს შრომის ინსპექციის ასამოქმედებლად და დღემდე არ გვაქვს მიღებული კანონი. ასევე მინდა შევეხო საკითხს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წამოიჭრა. საუბარია 2017 წელს ახალი სამშენებლო კოდექსის ამოქმედებაზე. იგი აღუსრულებელი დარჩება, თუკი შრომის ინსპექციას არ მიეცა ფართო უფლებამოსილება”, – დასძინა ალექსანდრიამ.