საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია
საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემად ისევ და ისევ დასაქმება და საშუალო ხელფასია. ამას უკვე მთავრობის დიდმოხელეებიც დაუფარავად აღიარებენ. მაგალითად, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში რეალურად, ხელფასს სამუშაო ძალის დაახლოებით 35% იღებს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემის მოგვარების თაობაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა აღიარა, რომ დასაქმება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და იქვე არასასიამოვნო სტატისტიკა მოიყვანა.
“ოფიციალურად, საქართველოს მოსახლეობის 15% უმუშევარია. მე უფრო უარესსაც გეტყვით: ქალაქის მოსახლეობის 26% უმუშევარია და სოფლად ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, მაგრამ თვითდასქმებულთა ხარჯზე, ანუ რეალურად თუ ვიტყვით, ხელფასს იღებს სამუშაო ძალის, დაახლოებით, 35%.
ერთ-ერთი მიზანი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაისახა, ეს არის ის, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური უნდა იყოს, ანუ უნდა მოიცავდეს ყველას და მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პირობების გაუმჯობესება და ეს მიღწეულ უნდა იქნას არა მხოლოდ სოციალური დახმარებებით, არამედ იმით, რომ შეიქმნას გარემო, რომელიც დასაქმებას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა მინისტრმა.
“ჩვენ საკმაოდ სერიოზული, ამბიციური პროექტები გვაქვს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში, რამაც თავისთავად ცხადია, უმუშევრობის შემცირება უნდა გამოიწვიოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ პრობლემის დარეგულირებისკენ მივდივართ”, – აღნიშა ხადურმა.
ერთი მხრივ რთული მდგომარეობაა დასაქმების თვალსაზრისით, მაგრამ სახარბიელო ვითარებაში არც დასაქმებულები არიან, რადგან შრომის ანაზღაურება დაბალია, შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ უმჯობესდება.
სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველოში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი ქვეყანაში ნომინალური მშპ-ს ზრდას უსწრებდა ორჯერ და ცალკეული წლების მიხედვით, ორ-ნახევარჯერაც. ზრდა საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ თუ ხელფასტევადობის ჩვენს მაჩვენებელს ევროპისას შევადარებთ, ის საკმაოდ დაბალია. მაგალითად, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტია. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კი 40 პროცენტს აღემატება.
“აქ პრობლემაა არა ის, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ხელფასების შემდგომი ზრდის რესურსი, არამედ ის, რომ ხელფასის საშუალო სიდიდის ზრდას არ მოჰყოლია დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. ქვეყანაში ძალზე მცირეა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა. მაგალითად, ამერიკასთან შედარებით ჩვენთან ყოველ 1000 ადამიანზე დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 3-ჯერ დაბალია. შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს კეთილდღეობაზე და მთავარი უკვე არა საშუალო ხელფასია, არამედ ის თუ რამდენია დასაქმებული. თუ 9-სართულიან კორპუსში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მისი ხელფასი რომ გავანაწილოთ კორპუსის მაცხოვრებლებზე, ის ძალიან მცირე გამოვა, ამიტომ, სჯობს, თითო სართულზე თითოს მაინც ჰქონდეს ხელფასი”, – ამბობს სოსო არჩვაძე.
არც ისე დიდი ხნის წინ ვებპორტალმა “ვედომოსტიმ” დსთ-ის ქვეყნებსა და საქართველოში საშუალო ხელფასები გამოიკვლია, რომელიც ოფიციალური მონაცემებს ეყრდნობა. მათი ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების კუთხით რუსეთი ლიდერობს, მოსახლეობა საქართველოსთან შედარებით ორჯერ მეტ ხელფასს იღებს (ქართულ ვალუტაზე გადაანგარიშებით 1 თვეში 1500 ლარს). მეორე ადგილზე ყაზახეთია (1 თვეში 1200 ლარით), მესამეზე ბელორუსია (1 თვეში საშუალოდ 1000 ლარი).
მეზობელ აზერბაიჯანში 1 თვის საშუალო ხელფასი 885 ლარია, მეხუთე ადგილზე მყოფ საქართველოში კი, შრომის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 770 ლარს შეადგენს. ჩვენ ჩამოგვრჩება უკრაინა, სომხეთი და მოლდოვა.
აღსანიშნავია, რომ ხელფასების ყველაზე სწრაფი ზრდა (წლიური 38,5%) ბელორუსში დაფიქსირდა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ქვეყანაში მაღალი ინფლაციის შედეგია.