მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

“ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ!”

1 მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელსაც RMG Copper-ის და RMG Gold-ის 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად ეწრებოდნენ: ათი რუსთაველი ქიმიკოსი საწარმო ,,აზოტი“-დან, ათი რუსთაველი მეტალურგი შპს ,,რუსთავის ფოლადიდან“, ასევე ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ჰერკულესის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის 30 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სამსახურიდან განთავისუფლდა 180-ზე მეტი დასაქმებული.

კომპანია აცხადებს, რომ ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გამო ამცირებს საწარმოო სიმძლავრეებს, თუმცა როგორც მინიმუმ კომპანიას რეორგანიზაციის, კადრების ოპტიმიზაციის და დასაქმებულთა გარკვეული კატეგორიის შემცირების გეგმა წინასწარ უნდა შეემუშავებინა, სადაც სამუშაოზე დარჩენისა და შემცირების კრიტერიუმები მკაფიოდ იქნებოდა განსაზღვრული. გარდა ამისა, ჯერ კიდევ 23 იანვარს, როდესაც შედგა ადმინისტრაციისა და დასაქმებულთა წარმომადგენლობის ბოლო შეხვედრა, ადმინისტრაციას არც პირდაპირ და არც ირიბად არ უთქვამს მსგავსი მოლოდინის შესახებ, შესაბამისად, გამორიცხულია, რომ 5-6 დღის განმავლობაში, ან რეალიზაციის საერთაშორისო ბაზარზე, ან ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს წრეებში, საბანკო-საფინანსო სისტემაში და ასე შემდეგ, მომხდარიყო ისეთი უარყოფითი ძვრები, რომ კომპანიამ 180-ზემეტი ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს და თან განახორციელოს კიდეც.

კომპანიის ადმინისტრაციამ მხოლოდ ერთი კრიტერიუმი გამოიყენა – მან სამსახურიდან საგაფიცვო კომიტეტის წევრები და უკანასკნელი რამდენიმეთვიანი საპროტესტო მოვლენების ორგანიზატორები და მონაწილეები მოიცილა თავიდან.

საპროტესტო აქციის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საკითხი სახელფასო თემა გახლდათ… საქმე იმაშია, რომ 2006 წლიდან ამ საწარმოში არ მომხდარა შრომის ანაზღაურების მინიმალური ინდექსაციაც კი. პირიქით, 2008 წლის ომის დროს, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ხელფასებმა 20%-ით დაიკლო. თუმცა კრიზისის გავლის შემდეგ ძველ ნიშნულს არ დაბრუნებია. ამას დაემატა 2008 წლის შემდეგ დღემდე მომხდარი ინფლაცია და ფასების ზრდა. საბოლოო ჯამში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდამ დღემდე – 44% შეადგინა.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი – 2012 წლის ბოლოს გაიმართა დასაქმებულთა კოლექტივის წარმომადგენლების და ადმინისტრაციის შეხვედრა, რომელზეც ადმინისტრაციამ ვარაუდი გამოთქვა, რომ 2013 წელი კარგი წელი იქნებოდა ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით და 2013 წლის ბოლოს შესაძლებელი იქნებოდა ხელფასების ზრდის საკითხებზე ემსჯელათ მხარეებს.
კომპანიის ადმინისტრაციამ კი გამოაცხადა კრიზისის დაწყება და 180-ზე მეტი ადამიანი გაუშვა სამსახურიდან.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2013 წელი მართლაც რომ წარმატებული ყოფილა კომპანიისთვის, სპილენძის კონცენტრატების ექსპორტით 2013 წელს ქვეყანაში შემოსული თანხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიისთვის 2013 წელი უფრო წარმატებული იყო ვიდრე წინა 5-6 წელი.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მასშტაბური გაფიცვის დაწყებამდე თითქმის ერთი კვირაა დარჩენილი და მოუწოდებენ კომპანიის ადმინისტრაციას, რომ მდგომარეობას ჩიხში ნუ შეიყვანენ, უმჯობესი იქნება თუ ამ რამდენიმე დღეს უფრო რაციონალურად გამოიყენებენ და ხელს შეუწყობენ ღირსეული სოციალური დიალოგის დამკვიდრებას.

,,ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე“ – განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა