მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სამოქმედო გეგმა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების

2017-2021 წწ.-ის სამოქმედო პროგრამა

2012 წლის შემდეგ შრომის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა პროფკავშირული მოძრაობის განვითარებისათვის უკეთესი პირობები შექმნა. მიუხედავად არსებული პროგრესისა, კვლავ საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება სოციალური პოლიტიკისა და შრომის კანონმდებლობის კუთხით, როგორიცაა- დასაქმების აქტიური თუ პასიური პოლიტიკის ინტენსიფიკაცია; მინიმალური ხელფასისა და უმუშევრობის შემწეობის შესახებ კანონების მიღება; ქალთა შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესება; ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობი და შრომითი უფლებების დამცავი კანონმდებლობის შექმნა. პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა; შრომის ინსპექციისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარების უფლებამოსილების მიცემა; საპენსიო რეფორმის საზოგადოებისთვის მისაღები- სოლიდარულ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის სახით გატარება და დამკვიდრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური პარტნიორობის სრული მასშტაბით ამოქმედება, რისთვისაც მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომელიც ახლო წარსულში შეიქმნა და ამ დრომდე სრულყოფილად არ ამუშავებულა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისათვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში აღიარებული შრომის თუ სოციალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში, რაც თავისმხრივ გააუმჯობესებს, როგორც დასაქმებულების, ისე თითოეული მოქალაქის მდგომარეობას. პროფკავშირებისთვის ასევე  მნიშვნელოვანი მიზანია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევა და ახალგაზრდების დაინტერესება პროფკავშირულ მოძრაობაში გაერთიანებით იზრუნონ საკუთარ მომავალზე, ოჯახების კეთილდღეობაზე. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიზნად ისახავს წევრთა რაოდენობის 10%-ით ზრდას და თავის საქმიანობაში განსაზღვრავს შემდეგ პრიორიტეტებს: ორგანიზაციული განმტკიცება შრომის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, წევრი დარგობრივი პროფკავშირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გაერთიანების ფარგლებში სხვადასხვა პროფილის ცენტრალიზებული სამსახურების და სტრუქტურების გაძლიერება, მათ შორის შემდეგი მიმართულებებით:
  • ახალი წევრების მოზიდვა/ორგანაიზინგი;
  • იურიდიული კონსულტირება და ადვოკატირება;
  • სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი და პროფკავშირების პოზიციებისა და წინადადებების ლობირება. მათ შორის- მინიმალური ხელფასის, საპენსიო რეფორმის, შრომის ბაზრის პოლიტიკის, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასქმებულთათვის სოციალურ-შრომითი შეღავათების დაწესება საკანონმდელო დონეზე.
  • კოლექტიურ შრომით დავებში კვალიფიციური მოლაპარაკებები;
  • პროფკავშირების შრომის ტექნიკური და სამართლებრივი ინსპექტირება.
  • შრომის სახელმწიფო ინსპექციის გაძლიერების და სრულყოფის ლობირება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ხელისუფლების ორგანოებში მშრომელთა ინტერესების ლობირება;
  • პროფკავშირების სოლიდარობის ფონდის შექმნა;
ორგანაიზინგი: პროფკავშირული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, პროფკავშირების გაერთიანება გააძლიერებს მუშაობას ორგანაიზინგის მიმართულებით.  გაერთიანება დახმარებას გაუწევს დარგობრივ ორგანიზაციებს ახალი ორგანაიზერების მომზადებაში და არსებული ორგანაიზერების კვალიფიკაციის რეგულარულად ამაღლებაში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში  გაერთიანების წევრთა რაოდენობის ზრდის მიზნობრივი მაჩვენებელი იქნება 10%.   სოციალური, საგადასახადო და დასაქმების პოლიტიკა ქვეყანაში არსებული სოციალური და დასაქმებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფკავშირების აქტიურობა შემდეგი მიმართულებებით:
  • ღირსეული მინიმალური ხელფასის მიღებასთან დაკავშირებული საქმიანობის გაგრძელება:
  • მინიმალური ხელფასის საკითხის კიდევ უფრო მძაფრად დაყენება და განხილვა სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე;
  • აღნიშნული საკითხის ლობირების ინტენსიფიკაცია საზოგადოებაში პრესისა თუ სხვა საშუალებებით.
  • საპენსიო სისტემის რეფორმირების პროცესში პროფკავშირების გაერთიანების აქტიური ჩართულობით, ამ სისტემაში სოლიდარობის ელემენტების გათვალისწინების მიმართულებით მუშაობა. მათ შორის:
  • სისტემის პროფკავშირების მიერ შემუშავებული ვარიანტის მიხედვით რეფორმირების ლობირება;
  • რეფორმის პროცესში ჩართულობის მიღწევა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გამოყენებით.
  • დასაქმების აქტიური პოლიტიკა. ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამებსა და ღონისძიებების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება; შრომის ბაზრის ფორმირების პროცესში მონაწილეობა.  ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის კვლევა და პროფკავშირების წინადადებების ლობირება;
  • უმუშევრობის შემწეობის კანონმდებლობაზე მუშაობის გაძლიერება;
  • მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში დასაქმებულთათვის სოციალური და საგადასახადო შეღავათების დაწესების ლობირება. ამ მიმართულებით პარლამენტში პროფკავშირების მიერ უკვე შეტანილი შემდეგი კანონპროექტების ადვოკატირება და დამატებით სხვა პროექტების შემუშავება:
  • მეშახტეთა და მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ;
– მეშახტეთა და მაღაროელებისათვის საპენსიო ასაკის 55 წლამდე შემცირების შესახებ.
  • ახალგაზრდების ღირსეული დასაქმებისკენ მიმართული კამპანიის წარმოება. მათი დასაქმების მიზნით მოხალისეთა ჯგუფების შექმნა და განათლების შესაბამისად მათი ჩართვა სხვადასხვა მოკლევადიან პროექტებში, დასაქმებულთა უფლებების დაცვის, პროფკავშირული საქმიანობის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების და ორგანაიზინგის მიმართულებით;
  • არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ფორმალურ სექტორში გადასვლის წამახალისებელი პოლიტიკის გატარება და ამ ადამიანების პორფკავშირებში გაწევრიანება;
  • კოლექტური ხელშეკრულებების დადებისას ინფლაციის მიხედვით ხელფასის ავტომატური ინდექსაციის პრინციპის დანერგვა.
ინდიკატორები:
  1. მინიმალური ხელფასის ზრდა კერძო სექტორში.
  2. საპენსიო რეფორმაში პროფკავშირების მიერ შეთავაზებული ვერსიიდან გათვალისწინებული პუნქტების რაოდენობა.
  3. დასაქმების პოლიტიკაში პროფკავშირების მიერ წამოყენებული წინადადებების გათვალისწინებით დასაქმებულთა რაოდენობა.
  4. უმუშევრობის შემწეობის შემოღების განხილვა სოციალურ პარტნიორებთან.
  5. მაღაროელთა და მეშახტეთათვის საგადასახადო/სოციალური შეღავათების დაწესება.
  6. ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება.
შრომის კანონმდებლობის რეფორმის გაგრძელება
  • კანონპროექტების და კანონქვემდებარე ნორმების პროექტების შემუშავება და ინიცირება შრომის კოდექსსა და სხვა თანმდევ საკანონმდებლო ბაზაში შემდგომი ცვლილებების შეტანის მიზნით მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის და დასაქმებულთათვის შრომითი გარანტიების გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
  • ქალთა უფლებები;
  • მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლის უფლებები;
  • დისკრიმინაციის აღმოფხვრა სამუშაო ადგილებზე;
  • ახალგაზრდების დასაქმება და შრომითიი უფლებები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომითი უფლებები;
  • გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარკებების უფლების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოება;
  • შრომის ზედამხედველობის ეფექტური  ორგანოს შექმნის საკითხი;
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არარატიფიცირებული კონვენციების რატიფიცირებაზე მუშაობა;
  • დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა კონსულტაციებისა და სასამართლო წარმომადგენლობის გზით;
  • დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება სემინარების, ტრენინგებისა და სხვა საინფორმაციო კამპანიების გზით;
ინდიკატორები:
  1. სასამართლოში წარმატებით დასრულებული შრომითი დავების წილი სარჩელების საერთო რაოდენობაში.
  2. ქალთა, ახალგაზრდების და შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.
  3. საქართველოს მიერ შრომის სფეროს საკითხებთან დაკავშირებული, რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების რაოდენობა.
შრომის უსაფრთხოების დაცვა
  • საკანონმდებლო ინიციატივები. მათ შორს შრომის ინსპექციის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანა.
  • შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესების მიზნით, საწარმოებსა და ორგანიზაციებში პრევენციული ღონისძიებების გატარება.
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებში წევრ ორგანიზაციებსა და საწარმოებში დასაქმებულებისთვის სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება.
  • სამართლებრივი დახმარების გაწევა საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხებში.
  • შრომის უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების „ტექნიკური რეგლამენტების“ შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება.
ინდიკატორები:
  1. „შრომის ინსპექციის“ დებულების დახვეწა და ამ ორგანოს სანქცირების უფლებით აღჭურვა.
  2. საწარმოო უბედური შემთხვევების რაოდენობის შემცირება.
ახალგაზრდული პოლიტიკა პროფესიული კავშირების ახალგაზრდული კომიტეტის გაძლიერებისა  და პროფკავშირების საქმიანობის ხელშეწყობისათვის მომდევნო ოთხი წლის  პრიორიტეტებად განსაზღვრული  ძირითადი   სამუშაო მიმართულებები:
  • დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს პროფკავშირების გაერთიანების პოლიტიკას ახალგაზრდებთან მიმართებაში;
  • მშრომელთა და განსაკუთრებით ახალგაზრდების, ორგანიზების ხელშეწყობა სხვადასხვა დარგებში;
  • დასაქმებულების, სტუდენტებისა და მოხალისე აქტივისტების ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა და გაძლიერება;
  • პროფკავშირების გაერთიანებაში შემავალი დარგების წევრი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საერთო პროფკავშირულ საქმიანობაში;
  • დასაქმებულებისათვის მნიშვნელოვანი თემატიკის ლობირების ორგანიზება სხვადასხვა დონეზე ახალგაზრდების ჩართულობით. საინფორმაციო კამპანიების წარმოება უსაფრთხო შრომის, მშრომელთა ორგანიზებისა და თანასწორი საზოგადოებრივი წესრიგის აქტუალიზებისათვის;
  • ახალგაზრდა დასაქმებულების და სტუდენტების ცნობიერების ამაღლება. (სჯარო ლექციები, კონფერენციები, საჯარო დისკუსიები, სემინარები და ტრეინინგები);
  • მრავალშვილიანი ახალგაზრდა ოჯახების წარმოჩინება და მათთვის სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება;
  • პროფესიული კავშირების   გაერთიანებაში   შემავალი   დარგების საქმიანობაში   ახალგაზრდების   მხრიდან   დახმარება;
  • პროფკავშირების ახალგაზრდული კომიტეტის გაძლიერება რეგიონალური მასშტაბით;
  • კოლეგიალურ პროფორგანოებში ახალგაზრდებისათვის კვოტის გაზრდა;
  • დარგობრივ პროფესიულ კავშირებსა და გაერთიანების ახალგაზრდულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ინდიკატორები:
  1. პროფკავშირების გაერთიანებაში ახალგაზრდული კომიტეტის როლის ზრდა.
  2. პროფკავშირების წევრთა შორის ახალგაზრდა დასაქმებულების წილის ზრდა საერთო რაოდენობაში.
გენდერული თანასწორობის დამკვიდრება; ქალთა უფლებები
  • ეროვნულ კანონმდებლობაში, სქესობრივ ნიადაგზე ქალთა დისკრიმინაცის წინააღმდეგ ბრძოლა; ეროვნულ დონეზე და სექტორულად, ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობის შემცირება.
  • კანონმდებლობაში საჯარო და კერძო სექტორების მიხედვით, დეკრეტულ შვებულებაში მყოფთა დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
  • წევრი ორგანიზაციებისთვის დახმარების გაწევა გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შემუშავებაში.
  • გაერთიანების ქალთა ქსელის გაფართოება და გაძლიერება.
  • მიზნობრივი პროექტების განხორციელება გენდერული კუთხით.
  • არჩევით პროფკავშირულ ორგანოებში ქალთა სავალდებულო კვოტის დაწესება.
  • პროფკავშირულ ღონისძიებებში ქალთა მონაწილეობისათვის სავალდებულო კვოტის დაწესება.
ბავშვთა შრომა გაერთიანება საკუთარ ძალისხმევას მიმართავს ბავშვთა შრომის შემცირების მიმართულებით, კერძოდ მის წევრებსა და საზოგადოებაში ლობირებას გაუწევს: – ბავშვთა შრომის აკრძალვას, როგორც რეგისტრირებულ ორგანიზაციებში, ისე საოჯახო მეურნეობებში; – ბავშვებში განათლების დონის ზრდას და სკოლის მიტოვების შემცირებისკენ მიმართულ პოლიტიკას;- ქვეყანაში ბავშვთა შრომის შემცირებისათვის საჭირო ქმედითი მექანიზმების დანერგვას. საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოში შრომის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების, უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობების შექმნის, მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, აგრეთვე პროფკავშირულ ინსტიტუტებთან თანაშრომლობის გაღმავებისა და საერთაშორისო სოლიდარობის მოპოვების მიზნით, გაერთიანება გააგრძელებს:
  • აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო შრომით ინსტიტუტებთან და პროფკავშირულ ორგანიზაციებთან;
  • საერთაშორისო შრომითი ინსტიტუტების და დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირებას ქვეყნის შიგნით შრომის სტანდარტების გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით;
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების ლობირებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე;
  • თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებას და შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების განხორციელებას;
  • მონაწილეობას საერთაშორისო კამპანიებში, რაც ინიცირებული იქნება პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის და მათი საერთო პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს მიერ, ისევე როგორც მათი აფილირებული რეგიონალური და ეროვნული პროფგაერთიანებების მიერ;
  • პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის დახმარებით გააგრძელებს შრომითი და პროფკავშირული უფლებების დარღვევების გასაჩივრებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგის, აგრეთვე ევროკავშირსა და აშშ-სთან GSP-ის სისტემის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მშრომელთა ინტერესების დაცვას საქართველოში;
  • საქმიანობას წარმატებული პროფკავშირული საერთაშორისო პრაქტიკის, ექსპეტული და მეცნიერული ცოდნის მოზიდვას საქართველოს პროფკავშირების პოტენციალის შემდგომი ამაღლების მიზნით.
ინდიკატორები:
  1. საქართველოს სახელმწიფოს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და შრომის სფეროში სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება.
  2. საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა საქართველოში შრომის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.
სამოქალაქო საზოგადოება და პროფკავშირი გაერთიანება გააძლიერებს ძალისხმევას პროფკავშირული მოძრაობის როლის ამაღლებისათვის და სამოქალაქო სოლიდარობის მიღწევისთვის  საზოგადოებაში, რისთვისაც:
  • სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გამოყენებით განაგრძობს შრომისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ევროპული სტანდარტების ლობირებას;
  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ადგილობრივ მრჩეველთა ჯგუფის გამოყენებით, გააგრძელებს ევროკავშირთან ვაჭრობის განვითარების პარალელურად საქართველოში არსებული შრომითი და სოციალური სტანდარტების გაუმჯობესების ლობირებას;
  • განაგრძობს ურთიერთობას ტრადიციულ პარტნიორებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ფარგლებში;
  • განაგრძობს განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის დარგობრივ საბჭოებში მონაწილეობის გზით პროფესიული განათლების პროგრამების სრულყოფაზე მუშაობას;
  • ადამიანის უფლებების სფეროში (როგორც შრომითი ისე სხვა ფუნდამენტური სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების დაცვისა და დამკვიდრებისათვის) განახორციელებს სხვადასხვა მიზნობრივ პროექტებსა და ინიციატივებს, როგორც ინდივიდუალურად ისე სამოქალაქო სექტორში პარტნიორებთან ერთად;
  • აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე კანონის უზენაესობის პრინციპების, დემოკრატიის, საჯაროობისა და მომსახურების ხარისხის შეფასების და ამ საკითხებზე საზოგადოებრივი დისკუსიის ინიცირების მიმართულებით;
  • მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო სექტორის პარტნიორებთან დასაქმებულთა ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი კოალიციების შექმნაში.
საზოგადოებასთან ურთიერთობა პროფკავშირული მოძრაობის იმიჯის მნიშვნელობიდან გამომდინარე:
  • გაერთიანება გააძლიერებს მუშაობას პრესისა და მასმედიის ყველა საშუალებასთან;
  • პროფკავშირის წევრებსა და საზოგადოებას რეგულარულად შესთავაზებს სიახლეებს გაერთიანების ვებგვერდის და სოციალური ქსელის საშუალებით;
  • ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირის წევრების ინფორმირებისა და მათთან ურთიერთკავშირის გასააქტიურებლად გაერთიანება განაგრძობს პროფწევრთა მონაცემთა ბაზის სრულყოფას მათთან ოპერატიული წვდომის გასაადვილებლად;
  • პრესკონფერენციებისა და მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის საშუალებით რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას სიახლეებს შრომის სფეროში არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე;
  • მას-მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულად გამართავს სწავლება-სემინარებს პროფკავშირების საქმიანობისა და პროფკავშირულ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების შესახებ მათი უკეთ ინფორმირების მიზნით.
ინდიკატორები:
  1. პროფკავშირების ცნობადობის გაზრდა და საზოგადოებრივი იმიჯის ამაღლება.
სოლიდარობის ფონდი პროფკავშირების გაერთიანება შექმნის სოლიდარობის ფონდს, რომელიც დააფინანსებს პროფკავშირული საჭიროებებიდან გამომდინარე გარკვეულ განსაკუთრებულ შემთხვევებს, მათ შორისგაფიცვას, პროფკავშირულ ორგანიზაციებზე მიყენებულ განსაკუთრებული ზიანს და სხვა. სოლიდარობის ფონდის შექმნაზე, მისი დაფინანსების წყაროებზე და ფონდის განკარგვის წესებზე იმუშავებს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კომისია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს გაერთიანების გამგეობა. პროგრამის შეფასების საერთო ინდიკატორები:
  1. პროფკავშირების წევრთა რაოდენობის  ზრდა (მიზნობრივი მაჩვენებელი 10%).
  2. იმ დასაქმებულების რაოდენობის ზრდა, რომლებზეც ვრცელდება კოლექტიური ხელშეკრულებები.
  3. პროფკავშირების სახელითა თუ ლობირებით ქვეყანაში მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების რაოდენობა.
  4. შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შრომის ბაზრის ინსტიტუტების გაძლიერება და ეფექტური საქმიანობა.