მიმდინარეობს საიტის განახლება

წესდება

საქართველოს პროფესიული
კავშირების გაერთიანების წესდება

   თბილისი                                                                                                                                                                                     2021  წელი  7  ოქტომბერი
                                                                                                                 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (შემდგომში – გაერთიანება) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
  2. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წარმოადგენს პროფესიული კავშირების (ასოციაციების), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერთიანებების, (ავტონომიური რესპუბლიკების), ნებაყოფლობით გაერთიანებას, მათი საერთო ინტერესების, მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობის პრინციპების საფუძველზე.
  3. გაერთიანება დაფუძნებულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დამფუძნებელი ყრილობის მიერ 1992 წლის 18 დეკემბერს და წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის უფლებამონაცვლეს (სამართალმემკვიდრეს).
  4. გაერთიანება თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
  5. გაერთიანებას აქვს თავისი სიმბოლოები (დროშა, ემბლემა, ვიმპელი, სამკერდე ნიშანი, ჰიმნი), პროფესიული კავშირის წევრობის მოწმობა, მრგვალი ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.
  6. გაერთიანება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, მეწარმეთა (დამსაქმებელთა) გაერთიანებების (ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ორგანიზაციებისაგან.
  7. გაერთიანება უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ორგანიზაციები, ფილიალები (წარმომადგენლობები) როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის აქტივებს საქართველოს კანონმდებლობისა და გაერთიანების მიზნების შესაბამისად, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
  8. გაერთიანების იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი #1\43.

 

მუხლი 2. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპები

  1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
    1.1. გაერთიანებისა და გაერთიანების წევრთა ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა;
    1.2. წევრ ორგანიზაციათა თანასწორუფლებიანობა, დამოუკიდებლობა, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთთანამშრომლობა;
    1.3. ხელმძღვანელობის კოლეგიალობა;
    1.4. გადაწყვეტილებების საჯაროობა და გამჭვირვალობა;
    1.5. ურთიერთინფორმირება;
    1.6. ხელმძღვანელ ორგანოთა არჩევითობა და ანგარიშვალდებულება წევრი ორგანიზაციების პროფკავშირის წევრთა წინაშე;
    1.7. უმაღლესი ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულება;
    1.8. დემოკრატიული პრინციპების დაცვა, უმცირესობის აზრის პატივისცემა;
    1.9. სოლიდარობა საერთო მიზნების მისაღწევად.

მუხლი 3. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

  1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
    1.1. საწესდებო მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
    1.2. დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მოქმედების კოორდინაცია;
    1.3. საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებით პროფესიული კავშირებისთვის მინიჭებული უფლებებისა და გარანტიების რეალიზება;
    1.4. სოციალურად სამართლიანი ეკონომიკური რეფორმებისა და სოციალური პარტნიორობის სისტემის დამკვიდრებისთვის ზრუნვა;
    1.5. საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარება და კონსოლიდაცია. გაერთიანების წევრთა რიგების გაფართოება და განმტკიცება;
    1.6. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა;
    1.7. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების დახმარება. საინფორმაციო, მეთოდური, პროფკავშირული კადრების მომზადება, სწავლება, საუკეთესო გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, კულტურულ საგანმანათლებლო, საგამომცემლო საქმიანობის წარმოება;
    1.8. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და რატიფიცირების ინიცირება. შსო კონვენციებისა და რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი;
    1.9. ყველა დონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობა. მათ შორის, დამკვირვებლის სტატუსით;
    1.10. საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან, სოციალურ საკითხებზე მომუშავე ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მუხლი 4. გაერთიანების მიზნები და ამოცანები

  1. გაერთიანება აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და მოქმედებს საერთო მიზნებიდან გამომდინარე.
  2. გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები იცავენ დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ სამართლებრივ და პროფესიულ ინტერესებს.
  3. გაერთიანების მიზნებია:
    3.1 ხელი შეუწყოს:
    ა)  ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს;
    ბ) სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
    გ) საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და გაძლიერებას;
    დ) ევროინტეგრაციას;
    ე) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას;
    ვ) პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას;
    ზ) შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას;
    თ) ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
    ი) გენდერული თანასწორობის დაცვას;
    კ) ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.
    3.2 წარმოადგინოს დასაქმებულთა ინტერესები:
    ა) ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
    ბ) სოციალური, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის, დასაქმების, შრომის ბაზრის განვითარების, ფასებისა და სამომხმარებლო ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
    გ) საზოგადოებრივი სტრუქტურების ფორმირებისას;
    დ) შრომის, სოციალური, სამართლებრივი და სხვა კანონმდებლობის შემუშავებისას;
    ე) განათლებისა და კულტურის პოლიტიკაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას.
    3.3 მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში არსებული პრობლემების, დასაქმებულთა ინტერესების შემზღუდველი პირობებისა და მათი გამოსწორების მდგომარეობის შესახებ.
  4. გაერთიანების ამოცანებია:
    4.1 ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების, მათ შორის, გაფიცვის უფლების, სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის დაცვისა და პროფკავშირების თავისუფალი საქმიანობისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
    4.2 საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების წარმომადგენლობების მეშვეობით პროფკავშირის წევრებისთვის უწყვეტი სწავლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
    4.3 იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების შექმნის გზით  დაინტერესებული პროფკავშირის წევრებისთვის შრომითი უფლებების დაცვა;
    4.4 პროფკავშირის წევრთა წარმომადგენლობა ყველა მესამე პირთან მიმართებაში და მათი უფლებების დაცვა;
    4.5 სოციალური დიალოგის წარმოება საქართველოს მთავრობასა და დამსაქმებელთა გაერთიანებებთან, კოლექტიური მოლაპარაკებების პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;
    4.6 შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების შესახებ ზოგადი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;
    4.7 პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მოგვარება გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი” მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით;
    4.8. გაერთიანების აქტივების მიზნობრივი გამოყენება, განკარგვა, ინვესტიციების მოზიდვა და კოორდინირება;
    4.9. დასაქმებულთა საგადასახდო (საშემოსავლო) გადასახადების, სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონდებისა და კომპანიების მართვაში მონაწილეობა, პროფკავშირების სოციალური პროგრამების – დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების, დასვენებისა და გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება;
    4.10. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაბამისად, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური სამართლებრივი უფლებებისა და პროფესიული ინტერესების დასაცავად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება და ჩატარება, სოლიდარობის, საგაფიცვო ფონდებისა და შტაბების შექმნა;
    4.11. ქვეყანაში ეკოლოგიური უსაფრთხოების, ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმების, შემწეობისა და კომპენსაციების განსაზღვრაში აქტიური მონაწილეობის მიღება. შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება.

 

მუხლი 5. გაერთიანების წევრად შესვლა, გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლა

  1. გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს პროფესიული კავშირი (ასოციაცია), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერთიანება (ავტონომიური რესპუბლიკის), რომელიც შექმნილია ,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 და #98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს, იწონებს (ეთანხმება) გაერთიანების მიზნებს, ამოცანებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ცნობს ამ წესდებას და იღებს მას სავალდებულოდ შესასრულებლად.
  2. წევრად შესვლის მსურველი ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს გაერთიანების გამგეობას, რომელსაც თან ერთვის მსურველი ორგანიზაციის წევრთა უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
  3. გაერთიანების წევრად მიღების ან გაერთიანების შემადგენლობიდან წევრის გასვლის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.
  4. გაერთიანების გამგეობა, განცხადების მიღების შემდეგ, ქმნის დროებით კომისიას, რომელიც წევრ ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და მსურველი ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, დასკვნას წარუდგენს გამგეობას.
  5. გაერთიანების გამგეობა ვალდებულია მსურველი ორგანიზაციის წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის საკითხი გადაწყვიტოს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 თვის ვადაში, წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
  6. წევრი ორგანიზაციის განცხადება და მისი უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, გაერთიანების გამგეობის მიერ განხილულ უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
  7. წევრი ორგანიზაციის განცხადებას, გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, თან ერთვის გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნა, გასვლის მსურველი წევრი ორგანიზაციის მიერ საწევრო ანარიცხების გადახდის საწესდებო ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.
  8. საწევრო დავალიანების არსებობის მიუხედავად, გაერთიანების შემადგენლობიდან გასული პროფესიული კავშირის გაერთიანების წევრად განმეორებით მიღების შესახებ განცხადების განხილვისას, გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია ხელახლა გაწევრიანების მსურველი ორგანიზაციისათვის განსაზღვროს სავალდებულო სახდელის ფორმა.
  9. მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადის ათვლა იწყება მხოლოდ წინამდებარე წესდებით განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ან გაერთიანების მიერ განსაზღვრული სახდელის შესრულების შემდეგ.
  10. ორგანიზაცია გაერთიანების წევრად მიღებულად (გაერთიანების შემადგენლობიდან გასულად) ითვლება გაერთიანების გამგეობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
  11. გაერთიანების შემადგენლობიდან გასულ ორგანიზაციას უწყდება გაერთიანების წინაშე წინამდებარე წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისა.
  12. გაერთიანების წევრი ორგანიზაცია იმავდროულად არ შეიძლება იყოს საქართველოში მოქმედი სხვა პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანების ან ასოციაციის წევრი.

მუხლი 6. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ძირითადი უფლებები

  1. გაერთიანების წევრ ორგანიზაციას უფლება აქვს:
    1.1. წარმოადგინოს გაერთიანებაში პროფკავშირული ორგანიზაციებისა და პროფკავშირის წევრთა ინტერესები;
    1.2. აირჩიოს და წარადგინოს დელეგატები და თავისი წარმომადგენლები გაერთიანების ყრილობასა და გაერთიანების უმაღლეს, ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით და მაკონტროლებელ ორგანოებში, ვადამდე გაიწვიოს და შეცვალოს ისინი თავისი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
    1.3. წარადგინოს კანდიდატურები გაერთიანების გამგეობის შემადგენლობაში შესაყვანად მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით;
    1.4. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების ხელმძღვანელი, კოლეგიური და წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობაში;
    1.5. მიმართოს გაერთიანებას:
    ა) პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი განმარტებების, სამართლებრივი მხარდაჭერის, კონსულტაციებისა და ინფორმაციების მიღების მიზნით;
    ბ) საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან კონტაქტების დამყარების საკითხებზე;
    გ) გამოიყენოს გაერთიანების შესაძლებლობები პროფკავშირული კადრების მომზადებისა და სწავლებისათვის, ისარგებლოს მის ხელთ არსებული მეთოდური და სასწავლო ლიტერატურით.
    1.6. წინამდებარე წესდების შესაბამისად, შეიტანოს საკითხები გაერთიანების უმაღლეს, ხელმძღვანელ წარმომადგენლობით და მაკონტროლებელ ორგანოებში განსახილველად;
    1.7. ისარგებლოს გაერთიანების ქონებით და მონაწილეობა მიიღოს მის მართვასა და განკვარგვაში;
    1.8. გაერთიანების მიერ წინამდებარე წესდებით აღიარებულია და გარანტირებულია წევრი ორგანიზაციების შიდა საქმიანობის ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა;

 

მუხლი 7. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ძირითადი ვალდებულებები

  1. გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ვალდებულია:
    1.1. დაიცვას და შეასრულოს გაერთიანების წესდება და უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების დადგენილებები;
    1.2. გაითვალისწინოს და საქმიანობაში ასახოს გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების რეკომენდაციები;
    1.3. წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო შენატანები (ანარიცხები);
    1.4. უზრუნველყოს მის მიერ არჩეული დელეგატების დასწრება გაერთიანების ყრილობაზე;
    1.5. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ საერთო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგეგმილ მასობრივ ღონისძიებებსა და საპროტესტო აქციებში, გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების, აგრეთვე, სხვა დროებითი კომისიების მუშაობაში;
    1.6. არ დაუშვას ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს გაერთიანებასა და მის წევრ ორგანიზაციებს;
    1.7. მიაწოდოს გაერთიანებას ინფორმაცია საკუთარ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების, პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული დადგენილებების, უმაღლესი ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობაში ცვლილებებისა და საწევრო შენატანების (ანარიცხების) აკრეფის მდგომარეობის შესახებ;
    1.8. ყოველი წლის 1 მარტამდე წარადგინოს სტატისტიკური ანგარიშები დადგენილი ფორმებისა და ვადების შესაბამისად;
    1.9. გაუფრთხილდეს და პატივი სცეს პროფკავშირული მოძრაობის ინტერესებს, არ დაუშვას პროფკავშირების იმიჯისა და ავტორიტეტის შელახვა, იზრუნოს პროფკავშირული მოძრაობის განვითარებისა და განმტკიცებისთვის.

მუხლი 8. გაერთიანების ვალდებულებები

  1. გაერთიანება წევრი ორგანიზაციების წინაშე ვალდებულია:
    1.1. ხელი შეუწყოს მათთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული და გარანტირებული უფლებების დაცვას;
    1.2. წარმოადგინოს ისინი სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე მათი უფლებებისა და გარანტიების უკეთ რეალიზების მიზნით, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის საკითხებში;
    1.3. არ განახორციელოს ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს წევრი ორგანიზაციების ორგანიზაციულ მთლიანობას;
    1.4 ჩამოაყალიბოს პროფკავშირული საქმიანობისთვის აუცილებელი ცენტრალური სამსახურები (საორგანიზაციო, იურიდიული, ანალიტიკური, საერთაშორისო, შრომის დაცვის და სხვა.), რომლებიც წევრ ორგანიზაციებს გაუწევს დახმარებას პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა სფეროში წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად;
    1.5. აღმოუჩინოს თანადგომა და ქმედითი მხარდაჭერა სოციალურ პარტნიორებთან დიალოგის წარმოებაში;
    1.6. აღმოუჩინოს მხარდაჭერა პროფკავშირული კადრებისა და აქტივის სწავლებასა და გადამზადებაში.

მუხლი 9. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა

  1. გაერთიანების წევრ ორგანიზაციას, გაერთიანების გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩამოერთვას ხმის უფლება და შეეზღუდოს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მუშაობაში მონაწილეობა შემდეგი გარემოებების არსებობისას:
    1.1. გაერთიანების წესდების მოთხოვნების, ყრილობის და გამგეობის დადგენილებების შეუსრულებლობა;
    1.2. საწევრო შენატანების (ანარიცხების) 3 თვეზე მეტი ხნით გადაუხდელობა.
  2. წევრ ორგანიზაციას, საწევრო შენატანების (ანარიცხების) 6 თვეზე მეტი ხნით გადაუხდელობის შემთხვევაში, დაერიცხება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე დავალიანების ჯამური თანხის 2 %-ის ოდენობით.
  3. წევრი ორგანიზაცია, გაერთიანების გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გაირიცხოს გაერთიანების შემადგენლობიდან, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
    3.1. 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საწევრო დავალიანების არსებობა;
    3.2. გაერთიანების წესდების საწინააღმდეგო ქმედება;
    3.3. პროფკავშირების იმიჯის, ავტორიტეტისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი მოქმედება.
  4. გაერთიანების მიერ წევრი ორგანიზაციის მიმართ ზემოქმედების ზომის გამოყენებამდე, გამგეობის შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია ყოველმხრივ შეისწავლოს საკითხი და მისი გამომწვევი მიზეზები, ასევე, წევრი ორგანიზაციებისგან მიიღოს რეკომენდაციები და გაიაროს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.
  5. წევრ ორგანიზაციას, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ზემოქმედების ზომა, უფლება აქვს – გადაწყვეტილების მიღებამდე წარადგინოს შუამდგომლობა და დაასაბუთოს მისი პოზიცია უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.
  6. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს ზემოქმედების ზომის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების ბათილობას.

მუხლი 10. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევრო შენატანები (ანარიცხები)

  1. გაერთიანების მიერ საწესდებო მოვალეობათა სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წევრი ორგანიზაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, იხდის ყოველთვიურ ფულად საწევრო შენატანს (ანარიცხს).
  2. საწევრო შენატანების (ანარიცხების) დროული და სრული მოცულობით გადახდა წარმოადგენს წევრი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას გაერთიანების წინაშე.
  3. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრ ორგანიზაციაში თვის განმავლობაში აკრეფილი საწევრო-ანარიცხების მთლიანი ოდენობის (100%) არანაკლებ 5 პროცენტისა.
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანების საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში თვის განმავლობაში შესული (ჩარიცხული) მთლიანი ოდენობის (100 %) 5 პროცენტით, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებისა და ცხინვალის პროფესიული კავშირების ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოში თვის განმავლობაში შესული (ჩარიცხული) მთლიანი ოდენობის (100%) 2 პროცენტით.

მუხლი 11. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი და მაკონტროლებელი ორგანოები

  1. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოებია:
    1.1. გაერთიანების ყრილობა;
    1.2. ყრილობებს შორის მუშაობის პერიოდში, ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების გამგეობა.
  2. გაერთიანების უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია.

მუხლი 12. გაერთიანების ყრილობა

  1. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების ყრილობა.
  2. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ, მე-4 საანგარიშო წლის ოქტომბრის თვეში.
    22 პრიმა ყრილობა, როგორც წესი, ტარდება ფიზიკურად, თუმცა ფორსმაჟორული/დაუძლეველი ძალის გარემოებებისა და სხვა ტიპის აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ნაწილის ან სრულად დისტანციურ რეჟიმში ჩატარება გამგეობის  გადაწყვეტილებით.
  3. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებს, დემოკრატიული პრინციპებისა და გენდერული ბალანსის დაცვით, ირჩევენ გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოები წინამდებარე წესდებით დადგენილი კვოტის მიხედვით:
გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევროს გადამხდელ პროფ.წევრთა რიცხოვნობაგაერთიანების ყრილობის დელეგატთა რიცხოვნობა
500-მდე4
501-დან 1500-მდე7
1501-დან 4000-მდე11
4001-დან 8000 მდე15
8001-დან 15000-მდე16
15 000-ზე ზევით16+1 დელეგატი ყოველ 5 ათას საწევროს გადამხდელ წევრზე.
  1. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევროს გადამხდელ პროფკავშირის წევრთა რიცხოვნობა დგინდება გაერთიანების გამგეობის მიერ, გაერთიანების წლიური სტატისტიკური ანგარიშით დამტკიცებული წევრთა რაოდენობიდან საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
  2. გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია ყრილობამდე ექვსი თვით ადრე განსაზღვროს წევრ ორგანიზაციებში გაერთიანების ყრილობის დელეგატთა არჩევნების დაწყებისა და დამთავრების ვადები, ამ შემთხვევაში წევრ ორგანიზაციებში ყრილობის დელეგატთა არჩევნები მთავრდება ყრილობამდე ერთი თვით ადრე.
  3. გაერთიანების ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლობა გაერთიანების ყრილობაზე განისაზღვრება თითოეულისთვის თითო წევრით საარჩევნო ხმის უფლებით.
  4. გაერთიანების ყრილობის მოწვევის, ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ დადგენილებას იღებს გაერთიანების გამგეობა ყრილობამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
  5. გაერთიანების ყრილობის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გაერთიანების ყველა წევრ ორგანიზაციას, ყრილობამდე ორი კვირით ადრე.
  6. გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, თუ მას ესწრება დელეგატთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.
  7. ყრილობა დადგენილებებს იღებს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
  8. გაერთიანების ყრილობებს შორის პერიოდში ფუნქციონირებს გაერთიანების გამგეობა და მის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიები, რომელნიც უფლებამოსილი არიან განსახილველად მიიღონ და გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგინონ განსახილველი საკითხების პროექტები.
  9. კომისიაში საკითხის ინიცირების უფლება აქვთ:
    12.1. წევრ ორგანიზაციებს;
    12.2. საკონტროლო-სარევიზიო კომისიას;
    12.3. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს სამხარეო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში;
    12.4. მრჩეველთა საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;
    12.5. გაერთიანების ყრილობის დადგენილება მიიღება ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, ხოლო დადგენილება წესდების შეცვლის თაობაზე – 2/3 უმრავლესობით.
  10. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობით ავტომატურად არიან მორიგი ყრილობის დელეგატები.
  11. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა:
    14.1. ისმენს გაერთიანების გამგეობის ანგარიშს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, განიხილავს და შეფასებას აძლევს გაერთიანების გამგეობის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ მუშაობას;
    14.2. ისმენს, განიხილავს და ამტკიცებს გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშს;
    14.3. განსაზღვრავს ერთიანი პროფკავშირული მოქმედების პროგრამას მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო პერიოდისთვის;
    14.4. იღებს გაერთიანების წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
    14.5. განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტიკას;
    14.6. ქმნის გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
    14.7. ამტკიცებს დებულებებს: გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის, გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების, გაერთიანების რწმუნებულის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელ კომისიის ინსტრუქციას პროფკავშირული ორგანოების არჩევნების შესახებ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
    14.8. განსაზღვრავს კენჭისყრის ჩატარების ფორმას (ღია, ფარული);
    14.9. ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარეს (ფარული კენჭისყრით);
    14.10. გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით, ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებს;
    14.11. იხილავს წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ გამგეობის შემადგენლობაში დელეგირებულ წევრთა უფლებამოსილების საკითხს და ამტკიცებს მათ პერსონალურად გაერთიანების თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების შემადგენლობით;
    14.12. ამტკიცებს გაერთიანების ყრილობის და გამგეობის მუშაობის რეგლამენტებს;
    14.13.დელეგატთა წარმომადგენლობის მიერ შერჩეული კანდიდატურებიდან, ირჩევს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს.
  12. გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას გაერთიანების გამგეობის დადგენილებით:
    15.1.გაერთიანების გამგეობის ინიციატივით;
    15.2. გაერთიანების იმ წევრი ორგანიზაციების ერთი მესამედის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების დადგენილებების საფუძველზე, რომელთა პროფკავშირის წევრთა ჯამური რაოდენობა აღემატება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების პროფკავშირის წევრთა 33%-ს;
    15.3. გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას აქვს იგივე უფლებამოსილებები, რაც მორიგ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას;
    15.4.გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია გაერთიანების თავმჯდომარეს, გაერთიანების მიზნების ან წესდების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში, დელეგატთა სიითი შემადგენლობის 2\3-ის უმრავლესობით, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება და აირჩიოს ახალი თავმჯდომარე დარჩენილი ვადით.

მუხლი 13. გაერთიანების გამგეობა

  1. გაერთიანების გამგეობა წარმოადგენს გაერთიანების ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც გაერთიანების ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს გაერთიანების საქმიანობას.
  2. გაერთიანების გამგეობის შემადგენლობას 4 წლის ვადით ამტკიცებს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა:
    2.1  გამგეობა, როგორც წესი, ტარდება ფიზიკურად, თუმცა ფორსმაჟორული/დაუძლეველი ძალის გარემოებებისა და სხვა ტიპის აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებელია მისი ნაწილის ან სრულად დისტანციურ რეჟიმში ჩატარება გამგეობის გადაწყვეტილებით.
  3. გაერთიანების გამგეობა ფორმირდება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ, პროფესიული კავშირის თავმჯდომარის და მისი მუდმივი შემცვლელი პირის (გამგეობის წევრის სრული უფლებით) პირდაპირი დელეგირების წესით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან გაერთი-ანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
  4. გაერთიანების გამგეობა ანაგრიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე.
  5. გაერთიანების გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას საწესდებო ვალდებულებების განსახორციელებელ საკითხებზე, რომლებიც არ შედის ყრილობის კომპეტენციაში და ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყვეტას.
  6. საანგარიშო-საარჩევნო პერიოდში, გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობის წევრის წარმომდგენ ორგანოს უფლება აქვს გამგეობის შემადგენლობაში წარმოადგინოს ახალი წევრი. ამ შემთხვევაში, ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხს ამტკიცებს გაერთიანების გამგეობა.
  7. გაერთიანების წევრ ორგანიზაციებსა და რეგიონულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ჰყავთ თითო წარმომადგენელი გაერთიანების გამგეობაში.
  8. გაერთიანების გამგეობის წევრი ან მისი მუდმივი შემცვლელი პირი არ შეიძლება იყოს იმავდროულად გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი.
  9. გაერთიანების გამგეობის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.
  10. გაერთიანების გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ერთისა ყოველ სამ თვეში გაერთიანების თავმჯდომარის მოწვევით;
  11. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
    ა)გაერთიანების თავმჯდომარის ინიციატივით;
    ბ) გამგეობის წევრთა 1\3-ის მოთხოვნის საფუძველზე.
  12. გამგეობის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის ყველა წევრს ეცნობება მოწვევამდე არაუგვიანეს სამი დღისა.
  13. გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
  14. გაერთიანების გამგეობის სხდომების მუშაობაში თითო წევრით, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობენ გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
  15. გაერთიანების გამგეობის დადგენილება მიიღება სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო გაერთიანების წევრად მიღების (გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის) და უძრავი ქონების განკარგვის შესახებ დადგენილება სიითი შემადგენლობის 2/3 –ის უმრავლესობით.
  16. აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში (ფორსმაჟორი, დაუძლეველი ძალის გარემოება), როდესაც შეუძლებელი ხდება კომისიის სხდომის ჩატარება ფიზიკური დასწრებით, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს საკითხები განიხილოს დისტანციური მუშაობის რეჟიმში, ან კომისიის წევრებთან შეთანხმებით/ შეკითხვის წესით/.
    გაერთიანების გამგეობა:
    16.1. წარმართავს გაერთიანების საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ყრილობის დადგენილებების, სამოქმედო პროგრამის, გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად;
    16.2. კოორდინაციას უწევს გაერთიანების საქმიანობას ყრილობებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე;
    16.3. ფლობს, მართავს და განკარგავს გაერთიანების საკუთრებას;
    16.4. განსაზღვრავს ყრილობის მოწვევის თარიღს, ადგილსა და დღის წესრიგს;
    16.5. ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, ისმენს მათი მუშაობის ანგარიშებს, ხელს უწყობს გაერთიანებასთან არსებულ ქალთა, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას;
    16.6. თავმჯდომარის წარდგინებით, გამგეობის ერთ-ერთ წევრს ავალებს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შესრულებას;
    16.7. იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმის, იურიდიული პირების, წარმომადგენლობების დაფუძნების შესახებ და გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს;
    16.8. გაერთიანების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრავს წევრი ორგანიზაციების მიერ დამატებითი შენატანების ოდენობას;
    16.9. იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული წევრი ორგანიზაციის საწევრო შენატანებთან (ანარიცხებთან) დაკავშირებით;
    16.10. საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის შესახებ;
    16.11. გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტო-რიულ ერთეულებში;
    16.12. აწესებს საქართველოს პროფესიული კავშირის წევრის მოწმობის (ბილეთის) ერთიან ნიმუშს, ამტკიცებს გაერთიანების სიმბოლოებს;
    16.13. განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტიკას;
    16.14. იხილავს და ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტს;
    16.15. ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს წინამდებარე წესდების შესაბამისად.

    

მუხლი 14. თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

  1. გაერთიანების თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს ყრილობის დელეგატთაგან ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით.
  2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეები თანამდებობრივად არიან გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები საზოგადოებრივ საწყისებზე.
  3. გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს გაერთიანების თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის განკარგულებით – ერთ-ერთი მოადგილე.
  4. გაერთიანების თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.
  5. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები იმავდროულად არიან გაერთიანების გამგეობის წევრები.
  6. პირადი განცხადებით გაერთიანების თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, გამგეობა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიწვიოს რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელიც ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
  7. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების საქმიანობის ცალკეულ, ძირითად მიმართულებებს და ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების თავმჯდომარის წინაშე. ფუნქციების განაწილებას თავმჯდომარის მოადგილეებს შორის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს გაერთიანების გამგეობა.
  8. პირადი განცხადების საფუძველზე ან წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, გაერთიანების გამგეობის დადგენილებით შეიძლება გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. თავმჯდომარის მოადგილისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან აღდგენის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა სხდომის მუშაობაში მონაწილე გამგეობის წევრთა ხმების 2/3-ით.
  9. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების პრაქტიკულ საქმიანობას და ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის წინაშე.
  10. გაერთიანების თავმჯდომარე:
    10.1. ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრულებას;
    10.2. წარმოადგენს გაერთიანებას და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, დამსაქმებელთა (მეწარმეთა) კავშირებში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებში;
    10.3. იწვევს და თავმჯდომარეობს გაერთიანების გამგეობის სხდომებს და ხელმძღვანელობს მათ მომზადებას;
    10.4. ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობის მუშაობას;
    10.5. გაერთიანების სახელით მონაწილეობს მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში, სხდომების, თათბირების, სემინარების, კონფერენციების მუშაობაში და საწესდებო მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში;
    10.6. ამტკიცებს გაერთიანების საშტატო განრიგს, აწარმოებს კადრების შერჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს), გამოსცემს განკარგულებებს;
    10.7. ხელს აწერს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებებს, შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, წერილებს, განცხადებებს, მიმართვებს, კორესპონდენციებს, საფინანსო და სხვა დოკუმენტებს;
    10.8. ახორციელებს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მიერ დასახულ სხვა ღონისძიებებს.

მუხლი 15. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია

  1. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიას 7 წევრის შემადგენლობით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის ვადით.
  2. ყრილობის დელეგატთა წარმომადგენლობა შეარჩევს გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ასარჩევ კანდიდატურებს და წარუდგენს ყრილობას კენჭისყრისთვის.
  3. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრულების, გაერთიანების საკუთრების გამოყენების, ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვაზე, წევრი ორგანიზაცების მიერ გაერთიანებაში საწევრო შენატანების (ანარიცხების) გადახდის მდგომარეობაზე.
  4. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია გადახდილი საწევრო შენატანების (ანარიცხების) საფუძველზე ახორციელებს წევრი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშის მონიტორინგს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს გაერთიანების გამგეობას.
  5. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობიდან, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის უფლებამოსილების ვადით.
  6. გაერთიანების საკონტროლო – სარევიზიო კომისია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის წინაშე და მოქმედებს ყრილობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

მუხლი 16. გაერთიანების სამდივნო

  1. გაერთიანების სამდივნო იქმნება გაერთიანების ხელმძღვანელთა კოლეგიალობის, მათი საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით.
  2. გაერთიანების სამდივნოს შემადგენლობაში შედიან გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
  3. გაერთიანების სამდივნო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.

 

მუხლი 17. გაერთიანების სტრუქტურული ერთეულები

  1. გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს გაერთიანების წარმომადგენლობები ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში პროფკავშირული საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და კოორდინაციის მიზნით, სამხარეო (რეგიონული) კონფერენციების მიერ არჩეული რწმუნებულების კანდიდატურებს ამტკიცებს გაერთიანების გამგეობა.
  3. გაერთიანების რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავის მუშაობას წარმართავს წინამდებარე წესდებისა და ყრილობის მიერ დამტკიცებული დებულების ”სამხარეო ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების რწმუნებულის შესახებ” შესაბამისად.

მუხლი 18. გაერთიანების საკუთრება და ფულადი სახსრები

  1. გაერთიანება ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ქონებას, ფულად სახსრებს და იყენებს მას თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად.
  2. გაერთიანების საკუთრება და ფულადი სახსრები დაცულია კანონმდებლობით, ერთიანი და განუყოფელია.
  3. გაერთიანების ფულადი სახსრები იქმნება წევრი ორგანიზაციების საწევრო შენატანების (ანარიცხების), ნებაყოფლობითი შემოწირულობებისა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.
  4. წინამდებარე წესდებით წევრ ორგანიზაციებს გარანტირებული აქვს გაერთიანების საკუთრებით სარგებლობის უფლება.
  5. გაერთიანების არაწევრი პროფესიული კავშირებისთვის გაერთიანების ქონებით სარგებლობის უფლების საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.

მუხლი 19. გაერთიანების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  1. გაერთიანების რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება გაერთიანების ყრილობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. გაერთიანების ლიკვიდაცია ხორციელდება:
    2.1. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებით;
    2.2 კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში;
  3. გაერთიანების ყრილობის დადგენილება გაერთიანების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მიიღება ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის ხმათა 2/3-ით;
  4. გაერთიანების ლიკვიდაციას ახორცილებს გაერთიანების გამგეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  5. გაერთიანების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება განაწილდება კანონით დადგენილი წესით.

ყრილობის თავმჯდომარე

რაისა ლიპარტელიანი

 

ყრილობის მდივანი

მირანდა მანდარია