ისევე როგორც საქართველოს პროფკავშირები, სახალხო დამცველიც შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ინსტიტუციის შექმნას ითხოვს, რომელიც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებას გააკონტროლებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, 28 იანვარს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მოპოვებული ნახშირის ტრანსპორტირებისას მაღაროს უფროსის მოადგილის ტარიელ ქასრაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
“2007 წლიდან საწარმოებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს არარსებობის გამო ფატალური შედეგებისა და დაზიანების კატასტროფულად მზარდი ტენდენციაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 2010-2011 წლის სტატისტიკა, რომელიც საწარმოო უბედური შემთხვევების პიკი იყო”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს სამუშაო შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო 102, გარდაცვლილთა რაოდენობა – 42. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობაა 137, გარდაცვლილთა რაოდენობა – 54. სამწუხაროდ, ეს შემაშფოთებელი ტენდენცია დღემდე გრძელდება.
ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, შემაშფოთებელი მონაცემების გამო საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლის 2 ივლისის რეკომენდაციით საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიწყონ ინიცირება შრომის უფლების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, №81 კონვენციის, №129 კონვენციის, №155 კონვენციისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის რატიფიცირება.
სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, შრომის ინსპექცია) შექმნასაც ითვალისწინებდა. “რაც უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, დასაქმებულებს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას” – აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი.
საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუმცა აუცილებელია მაქსიმალურად სწრაფად დაიგეგმოს და გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.