მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომის უსაფრთხოება ქვეყნის ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება

შრომის უსაფრთხო პირობების არარსებობის და საწარმოო ტრავმების გამო ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში 135 ადამიანი გარდაიცვალა, 587 კი დაშავდა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსგან „სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას“ მოითხოვს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების მიზნით სამუშაოები უკვე დაიწყო.

საქართველოს პროფკავშირების იურისტების შეფასებით, სამუშაოს შესრულების დროს ადამიანთა გარდაცვალების და დაშავების გახშირებული შემთხვევები შრომითი უფლებების მოშლილი რეგულაციებით არის განპირობებული: “საქართველოს ორგანულ კანონში – “შრომის კოდექსში“ 2006 წელს ცვლილება შევიდა და შრომის ინსპექციის სამსახური გაუქმდა. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუშაოს შესრულების დროს ადამიანთა გარდაცვალების და დაშავების ფაქტები სწორედ 2006 წლიდან მატულობს.

2006 წლამდე არსებული შრომის ინსპექციის სამსახური ეფექტიანი ორგანო ნამდვილად არ იყო. მაგრამ, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ საწარმოებში ადამიანთა სიკვდილიანობის და დაშავების გაზრდილი მონაცემები დიდწილად სწორედ შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს არარსებობით არის გამოწვეული.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ჟორჟოლიანი eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამინისტრომ საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრასა და შრომითი უფლებების რეგულაციების მოწესრიგებაზე მუშაობა უკვე დაიწყო:

“ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საკანონმდებლო რეგულაციებზე ევროკავშირის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. „შრომის კოდექსში“ შევა ცვლილება და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სამსახური შეიქმნება. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ხელშეწყობის ევროპული დირექტივის შესრულებისთვის მკაცრი ვადა არ არის დაწესებული. ჩვენი ვარაუდით, ცვლილება ძალაში 2015 წელს შევა“.

2013 წლის 4 ივლისიდან საქართველოს შრომის ახალი კოდექსი აქვს. დასაქმებულთა დიდ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ახალი „შრომის კოდექსი“ ხელს შეუწყობდა ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების კულტურის დამკვიდრებას და დამსაქმებლის ინტერესის პარალელურად მათ ინტერესსაც დაიცავდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით საქართველოში თითქმის არაფერი შეცვლილა. „შრომის კოდექსით“ დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. თუმცა, არსად არის მითითებული, რა სანქცია შეიძლება დაეკისროს დამსაქმებელს მისი დარღვევისთვის.

საწარმოებში უსაფრთხო შრომის პირობების გაკონტროლების უფლება ამჟამად მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს. ამ სამსახურის კომპეტენცია ძალიან შეზღუდულია. ის მონიტორინგს მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე ახორციელებს და მისი კონტროლის არეალში საწარმოთა დიდი ნაწილი საერთოდ არ შედის. მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია, მაგალითად, “ჯორჯიან მანგანეზის“ მაღარო ჭიათურაში. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლება აქვს, საწარმოში სიცოცხლისთვის საშიში გარემოს აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია დააჯარიმოს, ან მას საქმიანობა შეუჩეროს.

როდესაც ისეთ მომგებიან საწარმოს, როგორიც “ჯორჯიან მანგანეზია“, ადამიანების გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარით  აჯარიმებ, ბუნებრივია, ამას არ ექნება არანაირი ეფექტი. საწარმოს საქმიანობის შეჩერების მეთოდს სააგენტო საერთოდ არ იყენებს. შესაბამისად, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო თავისი ლიმიტირებული კომპეტენციით და საწარმოებთან ლოიალური მიდგომით  ეფექტიანი სამსახური ნამდვილად არ არის.

შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს შექმნის რეკომენდაციით ხელისუფლებას გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გარდა, სახალხო დამცველმაც მიმართა. რეკომენდაციაში მითითებულია, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირების კუთხით, როგორიცაა ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლი (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება).

პროფკავშირწბისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს სამუშაოს შესრულების დროს დაშავდა 137 მუშა, 54 კი – გარდაიცვალა. 2012 წელს დაშავდა 289 ადამიანი, გარდაიცვალა  – 48, ხოლო 2013 წელს დაშავდა 161 და დაიღუპა 33 ადამიანი.inspeqcia