შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მხოლოდ შარშან სამუშაო ადგილზე 1 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3 000 000-ზე მეტმა კი ისეთი დაზიანება მიიღო, რომ სამუდამოდ დაინვალიდდა. შრომა და სამუშაო ადგილი დღეს ნამდვილად არის ქცეული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უდიდესი რისკის შემცველ „ფრონტად“. ამ „ფრონტზე“ ადამიანური დანაკარგები კი შვიდნიშნა რიცხვით აღინიშნება.
თითქოს შრომა – ადამიანის საქმიანობა მიმართული განვითარებაზე, ბუნების მიერ ბოძებული რესურსების სულიერ, გონიერ და მატერიალურ სიკეთეებად გარდაქმნაზე არ უნდა იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დამყენებელი, მაგრამ უკვე ათასწლეულებია, რაც შრომა ადამიანისთვის დიდი რისკია. ადამიანი შეიძლება ადმინისტრაციული ან ეკონომიკური იძულების გამო შრომობდეს, შეიძლება შრომა მისთვის შინაგანი მოთხოვნილებაც იყოს, მაგრამ უმთავარესი საკითხია – თავად შრომის პროცესი არ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამანადგურებელი.
შრომის საზოგადოებრივი განაწილების ფორმების მიხედვით შრომა შეიძლება იყოს: რთული და მარტივი, გონებრივი და ფიზიკური, მონოტონური და შემოქმედებითი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს რომ ის არ იყოს ადამიანისთვის საზიანო.
მარტივი ჭეშმარიტებაა – შრომის ეკონომიკური მნიშვნელობა შრომის პროდუქტში ვლინდება, რომ შრომა თავის თავში სამ ნაწილს მოიცავს: ცოცხალი შრომა, შრომის იარაღები და ნედლეული, რომ მათი გაერთიანებით მშრომელი საჭირო პროდუქტს ამზადებს, მაგრამ ეს იარაღები და ნედლეული ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის სახიფათო არ უნდა იყოს.
ისტორიული პროცესმა ადამიანის შრომას სულ უფრო და უფრო რთული ფორმები შესძინა. ადამიანმა სულ უფრო და უფრო განსხვავებული ოპერაციების განხორციელება იწყო, გარდაიქმნა შრომის იარაღები, გაიზარდა შრომის ობიექტი- ნედლეულის სახეობები, შრომა უფრო შემოქმედებითი გაახდა, გამოჩნდა ახალი იდეები, მოწინავე ტექნოლოგიები, ახალი სახეობის პროდუქტები, მასალები, ენერგია. დღეს შრომა ხასიათდება როგორც ინტელექტუალური ძალისხმევის არნახული გზა. გონებრივი შრომა აბსოლიტურად წამყვან პოზოციაზე გავიდა და ეს სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის პირდაპირი შედეგია. სოციალური პასუხისმგებლობა კი მოითხოვს ეს ყოველივე, განსაკუთრებით კი სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია ადამიანის შრომის უსაფრთხოების სამსახურში იდგეს.
შრომის ფენომენის შესწავლისას გამოიკვეთა რომ მისი ძირითადი კატეგორიებია: შრომის შინაარსი და ხასიათი. შრომის შინაარსი თავის თავში მოიცავს: შრომის სირთულეს, მუშაკის პროფესიულ მზაობას, მუშაკის დამოუკიდებლად შრომის ხარისხს. შრომის ხასიათი კი მისი სირთულის ხარისხზეა დამოკიდებული. ერთია მეწარმის შრომა, რომელიც თავადაა დამსაქმებელი და მეორეა დასაქმებულის ან დასაქმებულთა – ინდივიდუალური და კოლექტიური შრომა.
მეწარმის როგორც დამსაქმებლის შრომა დასაქმებულის შრომისაგან იმით განსხვავდება, რომ როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე მისი განხორციელების დროს მეწარმის შრომა დასაქმებულის შრომასთან შედარებით დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხით სარგებლობს. შრომის შედეგები მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელების კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მეწარმის დამოუკიდებლობა, თავად მატერიალური ან არამატერიალური პროდუქტის შექმნაში უმთავრესია დასაქმებულის – მშრომელი ადამიანის შრომა. შესაბამისად შრომის დროს დასაქმებულის დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, მისი შრომის უსაფრთხოება უმაღლესი ხარისხით უნდა იყოს აღბეჭდილი.
ნებისმიერი ქვეყნის შრომითი პოტენციალი დამოკიდებულია სოციალურ-ფსიქოლოგიურ, დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ მახასიათებლებზე. ეს მახასიათებლები კი თავის თავში უსაფრთხოების ფაქტორზეა დამოკიდებული. ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შრომითი პოტენციალის უზრუნველყოფის ტოლია.
ნათელია რომ ნებისმიერი შრომა ეფექტური უნდა იყოს. შრომის ეფექტურობა კი დამოკიდებულია დახარჯულ შრომით რესურსზე და დროზე, შესრულების ხარისხზე. ნაკლები მატერიალური და ფინანსური ხარჯებით მაქსიმალური შრომითი შედეგის მიღება ამ შრომის ეფექტურობაზე მიუთითებს. ფინანსურ საკითხში განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ფაქტორია შრომის ანაზღაურების მოცულობა. ამ ყოველივეს კი კვლა კრავს სამუშაო ადგილის უსაფრთხოება, რადგან იქ სადაც არის უსაფრთხოება იქ არის ზუსტადაც ეფექტურობაც.
ისეთი ფაქტორები როგორცაა შრომითი პოტენციალი, შრომის ეფქტურობა და სტიმული შრომისადმიც კი, მაინც თავს იყრის შრომის უსაფრთხოების საკითხთან. უსაფრთხო შრომა ეს არის პირობების მთელი კომპლექსი, რომელმაც მუშაკი უნდა დაიცვას გარემომცველი არეალის, ტექნოლოგიებისა და სახიფათო მასალების მხრიდან მის წინააღმდეგ მომდინარე პოტენციურის საშიშროებებისაგან.
ეფექტური შრომის მოთხოვნის პირობებში სამართლიანია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის დამსაქმებლის (ადმინისტრაციის) მოვალეობად განსაზღვრა,რადგან ეს დამსაქმებელის (ადმინისტრაციის) პრეროგატიავაა დასაქმებულის შრომის ორგანიზება. ამ მოვალეობის სრულფასოვანი განხორციელებისთვის კი აუცილებელია: კანონით აღჭურვილი შრომის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანო, ამ პროცესში სრულფასოვნად ჩართული სამოქალაქო სექტორით, კანონით ზუსტად დადგენილი სპეციალური ნორმები, რომლებიც უცილობლად უნდა მოიცავდნენ დასაქმებულის სოციალურ დაზღვევასაც და სოციალურ დაცვასაც.
დღეს პრესაში ხშირად ვკითხულობთ მშრალ ინფორმაციას: სამუშაო ადგილზე სატვირთო ლიფტის მოწყვეტის შედეგად 2 მუშა დაიღუპა ,ხოლო კიდევ ორმა მძიმე დაზიანება მიიღო; ქვიშის მომპოვებელ კარიერზე მუშას 4 ტონა ქვიშა დააყარეს თავზე; მრავალსართულიან მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა; შახტაში აირის გაჟონვამ აალება გამოიწვია ,რამაც 4 მუშას მძიმე დამწვრობა მიაღებინა და ა.შ. სამწუხაროა მაგრამ ასეთი ფაქტები ნორმაა და არა გამონაკლისი, რადგან საქართველო დღეს ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შრომის უსაფრთხოების ინსპექცია არ გააჩნია.
თითოეული მშრომელისთვის უაღრესად საყურადღებო ფაქტია,რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თითქმის ორი ასეული კონვენციიდან საქართველოს სადღეისოდ სულ რაღაც 16 კონვენცია აქვს რატიფიციერებული. ამ საუკუნეში მათი რატიფიკაციის პროცესი პრაქტიკულად შეწყვეტილია. ასევე დიდი ხანია რაც არ ხდება ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) სრულად რატიფიცირება. სამუშაო ადგილებზე შექმნილი საგანგაშო ვითარება განსაკუთრებულდ აუცილებელს ხდის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N 81 „შრომის ინსპექციის შესახებ“, N129 „სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ და N155 „შრომის უსაფრთხოებისა დაჰიგიენის შესახებ“ კონვენციების რატიფიცირების საკითხს. ასევე ნათელია რომ საქართველოს ევროპის კავშირთან ასოციერებას არა მხოლოდ პოლიტიკური განზომილება გააჩნია. ასოცირებას სოციალური განზომილებაც აქვს და ევროპასთან დაახლოება ვერ მოხდება ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) მესამე მუხლის „უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება „ რატიფიცირების ასეთი დიდი დროით დაყოვნების პირობებში. შრომის უსაფრთხოება ევროპული შრომითი სტანდარტების ორგანული ნაწილია.
დღეს თითოეულმა დასაქმებულმა და დასაქმების მაძიებელმა ნათლად უნდა გააცნობიეროს დემპინგური შრომა, დაუცველი, იაფფასიანი შრომა არაა მისი ჭეშმარიტი სოციალური ინტერესი, მისი პირადი მატერიალური კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა. ეკონომიკური ეფექტურობის ამოცანას ის კი არ წყვეტს , რომ ადამიანი ნებისმიერ პირობებში იყოს სამუშაო ძალა, რომ შრომის პროცესში მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ნადგურდებოდეს, არამედ პირიქით მისი შრომა უნდა იყოს უსაფრთხო. მშრომელთათვის მთავარი და გადამწყვეტი ამოცანაა დაძლიონ სამუშაო ძალის არა სახარბიელო მდგომარეობა, ორგანიზებულად და კოორდინირებულად, პროფკავშირად დარაზმულებმა მიაღწიონ საკუთარი სამუშაო ადგილების გარანტირებულ უსაფრთხოებას.
ადამიანის შრომა ამ სამყაროსავით ძველია, მაგრამ შრომის ფენომენის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი მხოლოდ კაპიტალიზმის გარიჟრაჟზე ჩაეყარა. უილიამ პეტტი (1623-1687 წლები), ადამ სმითი (1723-1790 წლები), ჟაკ ტიურგო (1727-1781 წლები) ის პირველი გზამკვლევები იყვნენ, ვინც შრომის პროცესის, მისი პროდუქტიულობის, ანაზღაურებისა და მათ შორის სამუშაო ადგილის უსაფრთხოების საკითხების მეცნიერული შესწავლა და თეორიული განზოგადოება განახორციელეს. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შრომის შსახებ მეცნიერების ფორმირება ხორციელდებოდა, როგორც ემპირიული მონაცემების ასევე ეკონომიკური თეორიების,მათემატიკის სტატიკის,ადამიანთა ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის შესწავლისას მიღებული ცოდნის საფუძველზე. სოციოლოგია, სამართალი, განსაკუთრებით შრომითი სამართლი, ტექნოლოგია და წარმოების ორგანიზაცია ასევე გახდა შრომის შესახებ მეცნიერების ფუნდამენტი. დღეს როგორც არასდროს შრომის შესახებ მეცნიერებას ჰუმანისტური მიდგომა ესაჭიროება, რათა თითოეული მშრომელის შემოქმედებითი შესაძლებლობა იყოს თავისუფალი, მათი შრომა იყოს უსაფრთხო ეს კი საზოაგადოებას განვითარების ახალ გზას გაუხსნის. ეკონომიკური წარმატების საფუძველი არის მხოლოდ ღირსეული და უსაფრთხო შრომა, დაცული მშრომელი.