ქვეყანაში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. ამისთვის მთავრობამ „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა. სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელშიც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და გარდა, კიდევ რამდნიმე უწყების წარმომადგნლებს აერთიანებს, მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია „კომერსანტთან” აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფში ასევე შევლენ სოციალური პარტნიორები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, დამსაქმებელთა ასოციაცია, გაერთიანებული პროფკავშირები, ეკნოომიკის სამინისტრო და შრომის, მედიცინისა და ჰიგიენის ინსტიტუტი.
როგორც ჯგერენაია აცხადებს, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება მოამზადოს შრომის ინსპექციისთვის კადრები, მოახდენს მათ მომზადება-გადამზადებას. ასევე მოხდება საკანონმდებლო ინიციატივების და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა.
საქართველოს მთავრობის მიერ შრომის პირობების მონიტორინგს სკეპტიკურად უყურებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია. მისი თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული “შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა” არ შეესაბამება არც საერთაშორისო სტანდარტებს და არც საზოგადოების მოთხოვნებს.
ალექსანდრია აცხადებს, რომ მთავრობა შრომის ინსპექციის ჩანაცვლებას აღნიშნული პროგრამით ცდილობს. მისი შეფასებით, სტრუქტურა უნდა გავდეს შრომის ინსპექციას და უნდა ამომწმებდეს არა ნებაყოფლობით საფუძველზე, არამედ მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის და რომელ კომპანიასაც ჩათვლის.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პროგრამის ამოცანას წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა, ასევე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება-გადასინჯვა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან დამსაქმებლები, რომლებმაც ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ წერილობითი თანხმობა განაცხადეს და დასაქმებულები, რომლებიც ამ დამსაქმებლებთან მუშაობენ.
მონიტორინგის განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია საქმიანობის სიდიდეზე, თუმცა ერთ ობიექტზე არა უმეტეს 7 სამუშაო დღით არის განსაზღვრული. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის გახანგრძლივება მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით არის შესაძლებელი. სამუშაო ჯგუფის მიერ დამსაქმებელს 5 სამუშაო დღით ადრე გაეგზავნება წერილობითი შეტყობინება მონიტორინგის დაწყების თარიღის შესახებ.
მონიტორინგის განხორციელების, რიგითობის და ვადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში, სამინისტროების წარმომადგენლების გარდა, შევლენ სოციალური პარტნიორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარით განისაზღვრა და საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, ,,შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების” პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაიფარება.
პროგრამის შესრულების ერთ-ერთი ინდიკატორი, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაა. აღნიშნული პროგრამა შრომის ინსპექციის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.