საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი განცხადებას ავრცელებს. პროფკავშირები მოითხოვენ “შრომის კოდექსში” ცვლილებების მეორე ეტაპის დაჩქარებას. მათი აზრით, შრომის კოდექსში ერთი წლის წინ შეტანილი ცვლილებები ქალთა შრომითი უფლებების დაცვის თაობაზე საკმარისი არ არის. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
“ქალებს არ აქვთ გარანტია, რომ ორსულობის და ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურს შეინარჩუნებენ“, – ასე იწყება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის განცხადება, რომელიც 24 სექტემბერს გავრცელდა და რომლითაც პროფკავშირების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მეორე ეტაპის დაჩქარება.
თუკი ქრონოლოგიურად მივყვებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თითქმის ერთი წლის წინ, საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა დეკრეტული შვებულების დღეების რაოდენობა და დეკრეტული ანაზღაურება. უფრო ზუსტად კი, ნაცვლად 477 დღისა, ბავშვის მოსავლელად შვებულება 730 კალენდარულ დღემდე ავიდა. აქედან ანაზღაურებადი შვებულება, ნაცვლად 126 დღისა, 183 კალენდარული დღით განისაზღვრა. რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, შვებულების პერიოდზე გასაცემი თანხის ოდენობა არა უმეტეს 1000 ლარს შეადგენს. ამასთან, კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება დამატებით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.
თუმცა ქალთა შრომითი უფლებების დამცველებისათვის შრომის კოდექსში შეტანილი ეს ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეთერ მათურელი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტის მოადგილე, ამბობს, რომ სამსახურში აყვანისას ორსულობა კვლავაც შემაფერხებელ გარემოებად რჩება და ორსულებსა და მრავალშვილიანებს პრაქტიკულად არ ეძლევათ სამსახურებრივი წინსვლის პერსპექტივა. ეთერ მათურელი შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების პირველ ეტაპს ეხმაურება და ცვლილებების მეორე ეტაპის დაწყებას მოითხოვს:
“აიკრძალა ფეხმძიმე დასაქმებული ქალის გათავისუფლება სამსახურიდან, მაგრამ შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს დეკრეტული შვებულებიდან გამოსული ქალის დაცვის მექანიზმს. შრომის კოდექსი არ კრძალავს, რომ არ შეიძლება ამ ქალის სამსახურიდან გათავისუფლება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია, რომ არ შეიძლება მოხელე ქალის გათავისუფლება, თუ მას ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი. გვინდა, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდეს შრომის კოდექსში“, – ამბობს ეთერ მათურელი.
და კიდევ ერთი: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მოითხოვს, რომ საქართველომ მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიცირება დედობის დაცვის შესახებ. მათი აზრით, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ქალთა შრომითი უფლებების მდგომარეობის რეალური გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
წყარო: რადიო “თავისუფლება“ http://www.radiotavisupleba.ge/content/kalebi-shromis-kodeksze/26604298.html