საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის ეკონომიკის მსგავსად მეტწილად უცხოური კაპიტალის იმპორტზე დამოკიდებულია. ამგვარმა რეალობამ ადგილობრივი შრომითი რესურსების სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვა ეკონომიკური ცხოვრების საკვანძო საკითხი გახადა. ამ საკითხში გადაიჯაჭვა ადამიანური ფაქტორის რეგულირების ყველა საკითხი.
მართალია ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტს უკვე რატიფიცირებული აქვს, მაგრამ სოციალური და შრომითი სტანდარტები საქართველოში ნამდვილად არ არის ევროპული.
2005 წელს საქართველოს პარლამენტმა ევროპის სოციალური ქარტიის ზოგიერთი მუხლისა და პუნქტის რატიფიცირება განახორციელა, მაგრამ ამის შემდეგ ეს პროცესი საერთოდ დამუხრუჭდა. ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად უნდა მოხდეს ევროპის სოციალური ქარტიის ისეთი დებულებების რატიფიცირება, როგორიცაა: უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობები, პროფესიული ორიენტაცია, ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვა, ხანდაზმულთა სოციალური დაცვა, დაცვა დასაქმების შეწყვეტისას, დამსაქმებლის გაკოტრებისას მუშაკთა მოთხოვნების შესრულება, შრომით დაწესებულებებში მუშაკთა წარმომადგენლების მიერ დაცვის განხორციელება და მათთვის მინიჭებული შეღავათები, უფლება საცხოვრებელ ადგილზე. დაუყოვნებლივ უნდა რატიფიცირდეს ევროპის სოციალური ქარტიის ისეთი მუხლები, როგორიც არის: მუხლი 8 – ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვის უფლება, განსაკუთრებით მისი პირველი პუნქტი, რის შემდეგ ბავშვის დაბადების დროს დროს დასაქმებულ ქალბატონების ანაზღაურებადი შვებულება იქნება არა 183 დღე არამედ სულ მცირე 196 დღე. რატიფიცირებულ უნდა იქნეს ევროპის სოციალური ქარტიის მე-17-ე მუხლი, რომელიც ეხება ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლებას. განსაკუთრებით მისი პუნქტი 2. ბავშვებისა და ახალგაზრდების უზრუნველყოფა უფასო დაწყებითი და საშუალო განათლებით, ასევე მათ მიერ სასკოლო მეცადინეობების რეგულარული დასწრება.
დამტკიცებული ფაქტია რომ დემპინგური სოციალური და შრომითი სტანდარტები გზას უხსნის არაფორმალურ შრომას, თვითნებობას – ეს კი ნამდვილად არ არის ევროპისთვის მისაღები რეალობა.
გლობალიზაციის პირობებში უცხოურ კაპიტალის ინვესტიციები პირველ რიგში უნდა წარიმართოს ჩვენი ქვეყნის ადამიანურ ფაქტორში, ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპის სოციალური ქარტიის სრულად რატიფიცირება. ამ პროცესის დამუხრუჭება მხოლოდ ზრდის საქართველოს შრომის ბაზარის პოლარიზაციას. დემპინგური სოციალური და შრომითი სტანდარტები ადგილობრივ შრომით რესურსს აიძულებს იყოს მიზერული შრომის ანაზღაურების იმედად, ეს იწვევს ადგილობრივ მუშაკთა მასობრივ დეკვალიფიკაციას, მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების შეუქცევად დაქვეითებას. ეს კი თავის მხრივ ნამდვილად ქმნის დამაბრკოლებელ ბარიერს საქართველოსა და ევროპას შორის. დროა. მხოლოდ ევროპულ სოციალური და შრომითი სტანდარტებზე გადასვლა არის ევროპული მიმართულებით საქართველოს სვლის მყარი გარანტია. ევროპული სტანდარტების ამოქმედებით სოციალური პასუხისმგებლობა, დიალოგი და პარტნიორობის ჩვენს ქვეყანაში ნორმად დამკვიდრება.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 25 მაისს მიღებული საქართველოს ორგანულ კანონს „შრომის კოდექსს“ საქართველოს პროფკავშირები, საზოგადოებრივი გაერთიანებები და უფლებადამცველები მკაცრად აკრიტიკებდნენ. 2013 წელს მაისში საქართველოს მთავრობის წარდგენის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა „შრომის კოდექსში“. გასულმა ორმა წელმა კარგად გამოაჩინა ამ შესწორებების შეზღუდული ხასიათი. საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ დღეს საფუძვლიან გარდაქმნას საჭიროებს.
საქართველოს „შრომის კოდექსი“-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის სამუშაო დროის ხანგრძლივობის საკითხი. თითქოს კოდექსი აცხადებს რომ სამუშაო დრო კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს, მაგრამ იქვე დატოვებულია ფრიად სახიფათო ღარი, რომელიც სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის სამუშაო დროდ კვირაში 48 საათს ადგენს. ასეთი ნორმის შემოღებამ მთელ რიგი დამსაქმებლებს საშუალება მისცა ბევრი დასაქმებულისთვის დღესაც სანატრელი გაეხდა 8 საათიანი სამუშაო დღე. დღეს 21-ე საუკუნეა და დროა ქვეყნის „შრომის კოდექსში“ ერთმნიშვნელოვნად დადგინდეს, რომ სამუშაო კვირის ხანგრძლივობა საქართველოში არ აღემატება 40 საათს.
საქართველოს „შრომის კოდექსი“-ს ნაკლია ნორმა, რომლის მიხედვით ღამით მუშაობად განიხილება დროის მონაკვეთი 22 საათიდან 6 საათამდე, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ზუსტი იქნებოდა იგი განსაზღვრულიყო 20 საათიდან 8 საათამდე.
„შრომის კოდექს“-ში ზუსტად უნდა განიმარტოს შრომისა და დასვენების დრო და უნდა მოხდეს მათი ზუსტი გამიჯვნა.
დროა რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირები დეპარტამენტს რეალური მაკონტროლებელი უფლებამოსილებები უნდა გაუჩნდეს და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, თავის მუშაობაში სოციალური პარტნიორობის პრინციპის შესაბამისად პროფკავშირების თანამონაწილეობას უზრუნველყოს.
საქართველოს „შრომის კოდექსი“-ს 37-ე მუხლის პუნქტი „ო“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად სრულიად აბსტრაქტულ რაღაც სხვა ობიექტური გარემოებას განიხილავს. ეს პუნქტი „შრომის კოდექს“-ში უცილობლად გასაუქმებელია, რადგან პუნქტი „ო“ დამსაქმებელს იმპერატიულად ანიჭებს დასაქმებულისადმი ვოლუნტარიზმისა და სუბიექტივიზმის გამოჩენის თავისუფლებას.
მართებული იქნებოდა რომ „შრომის კოდექსი“-ს მე-12-ე თავი იმგვარად შეცვლილიყო, რომ შრომითი დავები და უთანხმოებები განეხილა სათანადო ნორმით ფორმირებულ შრომით სასამართლოებს, სადაც იმოღვაწევებდენ შრომითი სამართლის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
საქართველოს „შრომის კოდექსი“ გაფიცვებისა და ლოკაუტის დროს დამსაქმებელს არ ავალდებულებს მისცეს დასაქმებულს ანაზღაურება. ეს ნორმა სრულიად უსამართლოა მაშინ როცა გაფიცვა ან ლოკაუტი კანონის ზუსტი დაცვით ხორციელდება. ასეთი ნორმა როგორც დასაქმებულებში, ასევე დამსაქმებლებში სამართლებრივი გაურკვევლობისა და დაუცველობის განცდას ქმნის და ხელს უწყობს კანონის შეუსაბამო გაფიცვების ან ლოკაუტების სტიქიურ ორგანიზებას.
„შრომის კოდექსი“-ს მიერ აღიარებულია საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო – სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, მაგრამ იგი წელს ხოლოდ ერთჯერ თუ შეიკრიბა სრული შემადგენლობით, ისიც მხოლოდ ზოგად საკითხებზე. ამ ორგანოს მიმართ საქართველოს მთავრობისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების მხრიდან სრულიად გულგრილი დამოკიდებულება შეიძლება იმით აიხსნას, რომ კომისიის უფლებამოსილებები სათანადოდ არ არის გარანტირებული „შრომის კოდექს“-ში. სამართლებრივ ცვლილებებს შეუძლია სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობა რეგულარული გახადოს. სამმხრივი კომისიის წევრი სოციალური პარტნიორებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით შესაძლებელი გახდება ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც რეალურად დაახლოვებდა საქართველოს შრომით კანონმდებლობას, ქვეყნის შრომის ბაზარს ევროპულ სოციალურ-შრომით სტანდარტებთან.
საქართველოს „შრომის კოდექსი“ რეალურ გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ 1999 წელს დადგენილი ღირსეული შრომის სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი პროფკავშირების პირდაპირი მონაწილეობით ღირსეული შრომითი სტანდარტების შესაბამისად უნდა გარდაქმნას საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“, რათა იგი გახდეს სოციალური და ჰუმანური, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის საქართველოს ეკონომიკას.
დავით არაბიძე