შრომის ინსპექციის მსგავსი ორგანოს შექმნის პარალელურად მთავრობა შრომითი პირობების მონიტორნიგის სახელმწიფო პროგრამას აამოქმედებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მოწყობისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, პროგრამა ითვალისწინებს საწარმოების შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით შემოწმებას.
პაატა ჟორჟოლიანის თქმით, პროგრამის პროექტი უკვე არსებობს, რაც აგვისტოს ბოლომდე დამტკიცდება, სახელწმიფო პროგრამა კი უკვე ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ცნობილია, რომ პროგრამა სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას არ ითვალისწინებს და მას რეკომენდაციების ხასიათი ექნება. რაც შეეხება შრომის ინსპექციის მსგავსი ორგანოს შექმნას, რომელმაც საწარმოებში არსებულ უსაფრთხო შრომის პირობებს უნდა გაუწიოს მონიტორინგი, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორგანო 2015 წლისთვის უნდა შეიქმნას.
შრომის კანონის იმპლემენტაციისტვის ამერიკის შრომის დეპარტმანეტმა უკვე გამოყო 2 მილიონი დოლარის დაფინანსება და პროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და დღეისთვის ქვეყანაში მხოლოდ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანო არსებობს.
საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრ 182 ქვეყანას შორის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შრომის ინსპექციის ან სხვაგვარი, მსგავსი ფუნქციების მქონე სამსახური არ არსებობს.
როგორც იცით, წინა მთავრობის მიერ გაუქმებული შრომის ინსპექციის ამოქმედებას საქართველოს პროფკავშირები წლების მანძილზე ითხოვენ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ასევე აქტიურად იყო ჩართული შრომის ინსპექტორების შერჩევა–გადამზადების პროცესშიც.