მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთხოება უმთავრესია!

თანამედროვე და დატვირთული წარმოებისა და მომსახურების ეპოქაში დიდ მნიშვნელობას იძენს შრომის უსაფრთხოება და შრომის ბაზრის ნორმები, რომელთა შერსრულების ხარისხიც პირდაპირ გავლენას ახდენს ყოველ დასაქმებულსა და საბოლოო ჯამში, ქვეყნის საერთო პროგრესზე. მნიშვნელოვანია დაბალანსებული და ეფექტური შრომითი რეგულაციების შემუშავება და მათი პრაქტიკაში განხორციელება.

ქვეყნების, რეგიონებისა და კულტურების მიხედვით შრომითი უფლებებისა და ნორმების დაცვა განსხვავებულია. დასავლურ ეკონომიკასა და საზოგადოებაში ამ ფენომენისადმი საკმაოდ ოპტიმალური, შეიძლება ითქვას, დღევანდელ მსოფლიოში, საუკეთესო მიდგომა არსებობს. შემუშავებული და პრაქტიკაში განხორციელებულია ერთიანი წესები და ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, შრომის ანაზღაურებისა და სხვა ინტერესების და დამსაქმებლის ხარჯების ოპტიმიზაციის, მოგების მიღების, ხარისხიანი სამუშაოს და სხვა ინტერესების დაბალანსებას. ყოველივე ეს რამდენიმე ფაქტორს შეიძლება ეფუძნებოდეს, ესენია:

• კულტურა და ზოგადი შეხედულებები შრომის, ადამიანის, საზოგადოებრივი ვალდებულებების თუ სხვა უფლება ვალდებულებებისადმი, რომლებიც ცალკე განხილვის თემაა და ამ სტატიაში მათზე არ ვისაუბრებთ;
• დახვეწილი, დაბალანსებული კანონმდებლობა და რეგულაციების სისტემა;
• სახელმწიფოს ზომიერი, საჭირო ჩართულობა შრომის ბაზრის კონტროლში;
• თავისუფალი ეკონომიკური გარემო.
ცხადია, ჩვენი მსჯელობა არ გამორიცხავს სხვა ფაქტორების არსებობას, მაგრამ დავუშვათ, რომ ზემოთ ნახსენები გარემოებები განაპირობებს ოპტიმალურ შრომის ბაზარს და განვიხილოთ, ზოგადად როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი შრომის ბაზრის რეგულირებაში.

შრომის ბაზარი, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (და ზოგჯერ არა ასეთებშიც კი) არარეგულირებადი ეკონომიკური სფეროა და მათ კონტროლში სახელმწიფო შემოიფარგლება შრომითი პირობების შემოღებითა და მათი ზედამხედველობით, რაც გულისხმობს შრომის კოდექსის მიღებას და მისი პირობების შესულების მონიტორინგს.

შრომის კოდექსი ერთ-ერთი ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტია, რომლითაც განისაზღვრება შემდეგი საკითხები:
• შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები ანუ როდიდან შეუძლია მოქალაქეს მუშაობის დაწყება, როგორ უნად გაფორმდეს შრომითი ურთიერთობა და როგორ უნდა შეწყდეს ის;
• შრომითი უსაფრთხოებისა და შრომის ხანგრძლივობის ზოგადი და სპეციალურ ნორმები, მაგალითად რამდენსაათიანია სამუშაო კვირა ან როგორი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ზოგადი პირობები;
• შრომითი ურთიერთობის მხარეების უფლებამოსილებები, მაგალითად ხელფასისა და პრემიის გაცემის, შვებულებისა და დეკრეტის მიცემის, მივლინების და გაცდენის და სხვა მსგავსი საკითხები;
• შრომითი დავების გადაწყვეტის გზები ანუ ინდივიდუალური ანდა კოლექტიური შრომითი დავის შემთხვევაში რა გზებს სთავაზობს სახელმწიფო მხარეებს, მაგალითად არბიტრაჟებს, სასამართლოს, რომელიმე აღმასრულებელ ორგანოს თუ უბრალოდ მოლაპარაკებას;
• გაფიცვისა და ლოკაუტის საკითხები;
• სხვა, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხები.

ამ საკითხების განსაზღვრის შემდეგ საჭირო ხდება მათი შესრულების კონტროლი. საქართველოში, ცხადია, მოქმედებს შრომის კოდექსი, რომლის საბოლოო რედაქციაც 2013-2014 წლებში მომზადდა და დამტკიცდა. როგორც მას უწოდებენ, ესაა კოდექსი, რომელიც არც დამსაქმებლებს მოსწონთ სრულად და არც დასაქმებულებს და როგორც იუსტიციის სამინისტრო, რეფორმის ავტორი, ამბობს, ეს კარგის მანიშნებელია. თუმცა ჩვენ არ შევეხებით კოდექსის მუხლებსა თუ მის მიერ დადგენილი ნორმების სისწორეს, ობიექტურობასა თუ ოპტიმალურობას, რადგან ამაზე უკვე ბევრი მსჯელობა მოვისმინეთ. მთავარია განვიხილოთ, თუ როგორ სრულდება ეს ნორმები რეალურად, რა მექანიზმები გვაქვს ჩვენ და რა უკეთესი მოიპოვება მსოფლიოში, რომ დაცული იყოს ყოველი დასაქმებულის სამსახურეობრივი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

სახელმწიფოს ერთადერთი საშუალებაა ზედამხედველობა გაუწიოს ამ ნორმების შესრულებას რაიმე ორგანოს მეშვეობით. უახლოეს წარსულში არსებობდა სპეციალური უწყება-შრომის ინსპექცია, რომელიც ამ საქმიანობას ახორციელებდა, თუმცა ალბათ მარტივი მისახვედრია, თუ როგორ და რა პრინციპებზე დაყრდნობით ფუნქციონირებდა ის. ვარდების რევოლუციიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს ორგანო გაუქმდა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ფაქტიურად აღარ დარჩა უწყება, რომელიც ზოგად შრომით პოლიტიკას მაინც შეიმუშავებდა, არ არის საუბარი შრომითი პირობების დაცვაზე. მაგრამ აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია მსგავსი ტიპის ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც კონტროლს უწევენ შრომის უსაფრთხოებას. მაგალითად ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და მრავალ სხვა სახელმწიფოში არსებობს სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე მსგავსი პროფილის ორგანო.

ამ ორგანოთა ძირითადი ფუნქცია ერთია: განახორციელონ ზედამხედველობა, ინსპექტირება, შემოწმება შრომით ობიექტებზე და დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, ან თვითონ დააკისრონ დამრღვევს სასჯელი ან სასამართლოში წარადგინონ შესაბამისი სარჩელი.

როგორც ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, მაგალითად საყდრისის მომუშავეთა პროტესტი, მეშახტეთა სამუშაო პირობები, სამსახურიდან გათავისუფლების ბუნდოვანებით მოცული ფაქტები, რომ საჭიროა მსგავსი ტიპის, მხოლოდ დემოკრატიული და გამჭვრივალე უწება, ჩვენთანაც არსებობდეს.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ამ ორგანოს, დავუშვათ ბიუროს, ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება, საჭიროა მისი ახალგაზრდა, განათლებული და თავისუფალი კადრებით დაკომპლექტება, მისი ფუნქციებისა და უფლებების, როგორც მაკონტროლებლის, მკაფიოდ განსაზღვრა და შესაბამისი მაკონტროლებლის შერჩევა თავად ამ ორგანოსათვის. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება რეალური საშუალება განვავითაროთ ჩვენი შრომის ბაზარი, შემდგომ კი ეკონომიკა.sromis usafrtxoeba