შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა ინიცირებული, შრომით მიგრაციას ორი მიმართულებით არეგულირებს – კანონი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან სამუშოდ საზღვარგარეთ გადიან და იმ ადამიანებს, ვინც უცხოეთიდან საქართველოში დასასაქმებლად შემოდის.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროეტს კანონად აქცევს, საქართველოს პირველად ექნება მიგრაციის შესახებ კანონი. მთავრობა აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების შესრულებაა. საკმარისია თუ არა კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები ტრეფიკინგის საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად?
იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან საზღვარგარეთ დასაქმების მიზით გადიან, საკმაოდ დიდია. 2013 წელს “სამოქალაქო განვითარების სააგენტომ” ევროკავშირის დაფინანსებით კვლევა – “ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს” – ჩაატარა. ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 14%-ს ჰყავს ახლო ნათესავი ან ოჯახის წევრი სამუშაოდ უცხოეთში წასული. მიმღებ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს რუსეთი იკავებს (47%), ხოლო მეორე და მესამე ადგილზე თურქეთი (21%) და საბერძნეთია (18%).
ამავე კვლევის თანახმად, მიგრანტთა უმრავლესობას, რომელიც მიდის სამუშაოდ სხვა ქვეყანაში, არა აქვს დაგეგმილი თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულება მოუწევს იქ. გამოკითხულთა სამი მეოთხედის პასუხების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში წამსვლელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა პროფესიით იმუშავებენ.
შრომითი მიგრაცია პირდაპირ უკავშირდება არალეგალურ მიგრაციას და, შესაბამისად, ტრეფიკინგს. იმისათვის, რომ ტრეფიკინგის რისკი მინიმუმამდე დავიდეს, კანონპროექტის თანახმად, კომპანიას ან ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულება უჩნდება ამის შესახებ მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ორგანოში დაარეგისტრიროს.
კანონპროექტის თანახმად, შუამავალი კომპანია ვალდებულია არამხოლოდ დაარეგისტრიროს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე, ვალდებულია შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება დადოს უშუალოდ უცხოელ დამსაქმებელთან, თუმცა ეს მაინც არაა საკმარისი მთავარი მიზნის, ტრეფიკინგის თავიდან ასაცილებლად.
მიგრაციის შესახებ კანონპროექტმა უკვე გაიარა საკომიტეტო განხილვა პარლამენტმა იგი 20 თებერვლამდე უნდა დაამტკიცოს საკანონმდებლო ორგანომ.