მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომითი მიგრაცია და საქართველო

გლობალიზაციამ შრომითი მიგრაციის, შრომითი მიგრანტების უდიდესი ნაკადები წარმოშვა. მსოფლიოში განვითარებული პროცესები აჩვენებს რომ, 2016 წლის ბოლოსთვის ქვეყნის გარეთ ლეგალურად დასაქმებულ მოქალაქეთ რიცხვი, 150 მილიონს მიაღწევს. შრომითი მიგრანტების მიერ თავისი მოქალაქეობის ქვეყნებში გადაგზავნილი ფულადი თანხის მოცულობა კი 500 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს.
შრომითი მიგრაცია უკავშირდება ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის სოციალური დაცვა და ეკონომიკური განვითარების დინამიკა, შრომითი სტანდარტები და დასაქმების პოლიტიკა, დემოგრაფიული ვითარება, ტრეფიკინგი და შრომითი ექსპლოატაცია. შრომითი მიგრაცია წარმგზავნი და მიმღები ქვეყნების მიერ სამართლიან და სამართლებრივ საფუძველზე უნდა წარიმართებოდეს, რათა ხელი შეეწყოს ღირსეულ დასაქმებას, უმუშევართა რიცხვის შემცირებასა და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის დაძლევას.
ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საქართველოში უაღრესად მაღალია შრომითი მიგრაციის მაჩვენებელი. 2010 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა №314 დადგენილებით შექმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომლის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება №59 „მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“. ამ დადგენილების შესაბამისად მთავრობა 2013-2015 წლებში ახორციელებდა მიგრაციის სტრატეგიას. ამ საკითხს ყურადრება მიაპყრო ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომაც. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული)“ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული მე-2 ნაწილის მე-19 მუხლის თოთხმეტივე პუნქტის დებულებების რატიფიცირება, ასევე განახორციელა გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №88-ე კონვენციის „დასაქმების სამსახურის ორგანიზების შესახებ“ და №181 კონვენციის „დასაქმების კერძო სააგენტოების შესახებ“ რატიფიცირება, მაგრამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ დღემდე რატიფიცირებული არაა გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ძირითადი კონვენციები, ქვეყანაში მიღებულია კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“. საქართველოს ასევე მიღებული აქვს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია რომ უცხოელთა შრომითი საქმიანობა საქართველოში რეგულირდება კანონმდებლობით. საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ კრძალავს დისკრიმინაციას შრომით ურთიერთობებში, თუმც ამ საკითხს იგი ინდივიდუალურად არ არეგულირებს.
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას შრომით მიგრაციასა და შრომით მიგრანტებთან დაკავშირებით მიღებული აქვს მთელი რიგი დოკუმენტებისა, როგორიც არის 1949 წლის №97 კონვენცია „დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ“, 1975 წლის №143 კონვენცია «მიგრანტ მუშაკებთან დაკავშირებით“ და იმავე წელს მიღებული დამატებითი რეკომენდაციები ამავე კონვენციასთან. ზუსტად ეს კონვენციები არ აქვს რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტს.
გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1998 წელს მიღებულ დეკლარაციაში „სამუშაო ადგილებზე ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების შესახებ“ ნათლად არის აღნიშნული რომ სხვებთან ერთად მტკიცედ უნდა დაცულ იქნეს შრომითი მიგრანტების ღირსება და უფლებები. ამავეს ემსახურება გაეროს მიერ ჯერ კიდევ 1990 წლის 18 დეკემბერს მიღებული საერთაშორისო კონვენცია „შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ“ . 18 დეკემბერი მიღებულია, როგორც შრომითი მიგრანტების საერთაშორისო დღე.
საქართველოსთვის შრომითი მიგრაციის მოდელების მიმოხილვისას მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების დეტალური გაანალიზება. დიდი მიგრაციული პროცესებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თუ როგორ იქნება განსაზღვრული შრომით მიგრანტთა კატეგორია, საჭირო დოკუმენტების ნუსხა, პროცედურები, დასაქმების წინაპირობები, შრომითი ხელშეკრულებების ფორმები, საინფორმაციო ვალდებულებები, ოჯახის საკითხი, სოციალური დაცვა, უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, შრომითი მიგრაციის სამართლებრივ რეგულირებაზე კონტროლი. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს რომ საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზის გარეშე ამ საკითხის სამართლიანი და სამართლებრივი რეგულირება შეუძლებელია. შრომითი მიგრაციის საკითხი უცილებლად ითხოვს პრევენციის, რეაგირების, პასუხისმგებლობისა და გამოსწორების ეფექტური მექანიზმების შემუშავებას.
საქართველოში შრომითი მიგრაციის, შრომითი მიგრანტების საკითხი წარმატებით შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ სოციალურ პარტნიორთა (მთავრობა, დამსაქმებლები, პროფკავშირები) პარიტეტული დიალოგისა და მათ შორის კეთილსინდისიერი სოციალური პარტნიორობის საფუძველზე.