მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომითი დავების გადაწყვეტა

შრომითი დავა, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური საბაზრო ეკონომიკის თანმდევი ელემენტია და მას კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური შედეგები აქვს. ეს შედეგები რომ დამანგრეველი არ იყოს ეკონომიკისათვის საჭიროა სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგისა და პარტნიორობის პრინციპით ხელმძღვანელობა. სოციალურ პარტნიორებს  შეუძლიათ აწარმოონ ერთობლივი ობიექტური მონიტორინგი სოციალურ-შრომით გარემოზე, რათა შრომითი დავები უკვე საწყის სტადიაზე გამოვლნდნენ. უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით სოციალური პარტნიორებისთვის შესაძლებელი იქნება რეალურ დროში აქტუალური და საიმედო ინფორმაციის მიღება მოსალოდნელ ან დაწყებულ შრომით დავებზე. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, რათა საზოგადოება დროულად იყოს ინფორმირებული მოსალოდნელი მოვლენების თაობაზე, რომ სწრაფადად დაწყებული სოციალური დიალოგით შესაძლებელი გახდეს გონივრული კომპრომისული შეთანხმების მიღწევა.

შრომითი დავების სამართლიანი მოგვარება მეცნიერულად გამართულ მედიაციასა და შრომითი დავის კვალიფიციურ კონფლიქტოლოგებს მოითხოვს. ამ პრობლემის გადაჭრის მიმართულებით წინ გადაგმული ნაბიჯი იქნებოდა საქართველოს უნივერსიტეტებში, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე შრომითი დავების მედიაციისა და კონფლიქტოლოგიის სასწავლო პროგრამების ამოქმედება. ეს პროგრამა ქვეყანას მისცემს შრომითი დავების მედიაციისა და კონფლიქტების ცივილიზებული მოგვარების ინსტრუმენტს.

შრომითი დავა ინდივიდუალური თუ კოლექტიური არაა პროფკავშირის კაპრიზი. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი არის სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა, სოციალური დიალოგის წარმოება. სოციალურ პარტნიორებს სრული შესაძლებლობა აქვთ გონივრული კომპრომისით მიაღწიონ ეკონომიკურად ეფექტურ და სოციალურად  პროგრესულ შეთანხმებას და არ მისცენ შრომით დავას ფართო მასშტაბიან სოციალურ-შრომით კონფლიქტში გადაზრდის საშუალება.

შრომითი სამართალი, სოციალური და შრომითი ურთიერთობები, კოლექტიური მოლაპარაკებები და შეთანხმებები ცოდნას საჭიროებს და სათანადოდ დაგეგმილი და ორგანიზებული სემინარები და ტრენინგები ფართო შესაძლებლობას მისცემს სოციალურ პარტნიორებს შრომითი დავები, იქნება ეს ინდივიდუალური, თუ კოლექტიური სწრაფად და ეფექტურად გადაწყვიტონ.

შრომითი დავა არაა რთული პრობლემა თუ მის გადასაწყვეტად სოციალური პასუხისმგებლობის, დიალოგისა და პარტნიორობის პრინციპს ირჩევენ.

დავით  არაბიძე