მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომა უსაფრთხოდ – მწვავე პრობლემა საქართველოში

საქართველოში  უსაფრთხო შრომა კვლავ მწვავე პრობლემაა. ქვეყნის კანონთა შორის დღემდე არ არის კანონი „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს რომ ამ საკითხში აუცილებელია ახალი და პროგრესული ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, რადგან სხვა მხრივ შეუძლებელი იქნება საქმუშაო ადგილებზე ტრავმატიზმისა და ფატალური შედეგების ზრდის შეჩერება. საქართველოს დაბალანსებული სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისთვის აუცილებელია რომ მშრომელებს ჰქონდეთ სამართლებრივად და ტექნიკურად უსაფრთხო, ჰიგიენურად სუფთა და დაცული სამუშაო ადგილები.

დღეს შრომის საკითხების პუბლიცისტიკაში მწვავე დისკუსიის საგანია სამუშაო ადგილზე  „აბსოლიტური უსაფრთხოებისა“ და სამუშაო ადგილზე „მისაღები რისკის“ საკითხები. ეს არაა მხოლოდ დოქტრინიორთა თეორიული კამათი, საქმე ეხება ეკონომიკაში მშრომელი ადამიანის ადგილსა და მნიშვნელობას, თავად ეკონომიკის მომავალს.

„აბსოლიტური უსაფრთხოების“ დოქტრინის მიხედვით სამეცნიერო-ტექნიკური,ორგანიზაციული, სამედიცინო და სამართლებრივი ზომებით  დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი სამუშაო ადგილებზე აბსოლუტური უსაფრთხოების მიღწევა. „მისაღები რისკის“ დოქტრინა კი გულისხმობს რომ პროფესიული რისკი სამუშაო ადგილზე უნდა გაგებულ იქნეს, როგორც იმგვარი ნეგატიური შედეგის სავარაუდო დადგომა, რომელსაც არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა მუშაკის ჯანმრთელობისთვის, ან როგორც ისეთი სარგებელის მომტანი ამ მუშაკისათვის ან მთელი საზოგადოებისთვის, რომ შესაძლებელია ამ  პროფესიულ რისკზე წასვლა. ამ დოქტრინების მიერ რისკის ცნება  განისაზღვრება, როგორც სამუშაო პროცესისას მუშაკზე საწარმოო გარემოს, მანქანებისა და დანადგარების ფაქტორების იმგვარი ერთობლივი ზემოქმედება, რომელმაც მასზე სავარაუდოდ შეიძლება გარკვეული უარყოფითი ეფექტი მოახდინოს.

თეორიული აზრის განვითარებისთვის დოქტრინები აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ასეთი თეორიული დისპუტებით შემოფარგვლა არ გამოიწვევს სამუშაო ადგილებზე პროფესიული რისკების შემცირებას მუშაკთათვის. საქართველოს ეკონომიკაში რისკის სფეროს განეკუთვნება: ტექნიკაც, ტექნოლოგიებიც, წარმოების სახეობებიც, შრომის ორგანიზაციაც, მუშაკთა პროფესიული მომზადებაც და  შრომის უსაფრთოებისთვის საჭირო პროფილაქტიკური  ზომებიც. ნათელია რომ საქართველოსთვის სამუშაო ადგილზე  „აბსოლიტური უსაფრთხოება“ ან „მისაღები რისკი“ მხოლოდ თეორიული დისპუტის საკითხი არ არის, საქართველოში დასაქმებულებს სისტემურ საფუძველზე ორგანიზებული სოციალური დაცვა ესაჭიროებათ, რომელმაც უნდა მოიცვას ისეთი საკითხები როგორიც არის: შეფასება, პროფილაქტიკა, მკურნალობა, რებილიტაცია და კომპენსაცია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, როგორც სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფი. დეპარტამენტის ფუნქციებად განისაზღვრა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო  ზედამხედველობის  განხორციელება:

ა) სამუშაო პირობების შესაბამისობაზე შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან; ტექნიკური რეგლამენტებისა და შრომის უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვასა და ფუნქციონირებაზე;  სამუშაო ადგილებზე წარმოების პროცესის უსაფრთხოების  წესების დაცვაზე;  დამსაქმებლის მიერ შრომისა და ჯანმრთელობის  უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაზე; გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი სანქცირების მექანიზმის გამოყენება;

ბ) შრომის კანონმდებლობის დაცვაზე;

გ) ორგანიზაციაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევასა და აღრიცხვაზე;

დ) იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციული ზომების მიღება;

ე) დისკრიმინაციული შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, აღრიცხვა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა;

ზ) შრომითი ურთიერთობების, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში დაინტერესებული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესახებ კონსულტირების წარმოება;

თ)  შრომის  კანონმდებლობის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი დარღვევებისა და საწარმოო ტრავმების  გამომწვევი მიზეზების ანალიზი, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით  მინიჭებული  უფლებამოსილების   ფარგლებში განცხადებების, წერილების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობებად განისაზღვრა:

ა) შესაბამისი საკანონმდებლო აქტით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ინსპექტირება რისკის ანალიზისა ან შესაბამისი მომართვის საფუძველზე;

ბ) შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისათვის შესაბამისი წერილობითი რეკომენდაციის მიცემა;

გ) შესაბამისი საკანონმდებლო კანონით მინიჭებული კომპეტენციის შესაბამისად, ინსპექტირების მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;

დ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წინაშე იმ ტექნოლოგიურ პროცესებში ან ჩარხების, საწარმოო მანქანების და სხვა მოწყობილობების კონსტრუქციებში ცვლილებების შეტანის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც ვერ პასუხობენ  შრომის უსაფრთხოების დაცვის  ნორმებს;

ე) ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით ან ზეპირი ხელშეკრულებით  გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის ღონისძიებათა შესრულების ხელშეწყობა;

ვ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური და თემატური ანალიზი;

ზ) დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება მოქმედი შრომითი კანონმდებლობის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების დაცვაზე;

თ) შესაბამისი ღონისძიებების გატარება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით;

ი) შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოფხვრის ხელშეწყობა;

კ) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოებისადმი არსებული პირობების ინსპექტირების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება/სრულყოფა;

ლ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;

მ) კომერციული ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც დეპარტამენტისთვის  ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის/სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

  1. ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საჭიროებისამებრ, განხორციელდება სოციალური პარტნიორების ჩართულობითა და მონაწილეობით.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები ნათლად აჩვენებენ თუ რა დიდი მოცულობის სამუშაო აქვს გასაწევი საქართველოს სახელმწიფოს, რათა ქვეყანაში შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმატიულ-სამართლებრივი რეგულირება ცივილიზებული სახელმწიფოსთვის შესაფერის დონემდე აამაღლდეს.

საქართველოს დისბალანსირებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან  გამომდინარე მშრომელები უაღრესად  მძიმე ვითარებაში ცხოვრობენ და შრომობენ. სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის დასაძლევად კი ერთადერთი მართებული გზა არსებობს სვლა სოციალური პასუხისმგებლობისკენ. ამ მიმართულებით ცვლილებების მოცულობა და და ტემპები უნდა მკვეთრად გაიზარდოს, რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე მდგარ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს.

სადღეისოდ კი შრომის უსაფრთხოების პრობლემა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. ქარხნები და ფაბრიკები, მშენებლობები, შახტები და მაღაროები  საქართველოს დასაქმებულთათვის უაღრესად დიდი  ხიფათის შემცველ  ადგილებად. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას მშრომელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად თანაბარი მნიშვნელობის პრიორიტეტულ ამოცანებად განსაზღვრული აქვს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და კომპანიებში შრომის როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური უსაფრთხოების ყოვლისმომცველი და უწყვეტი კონტროლის განხორციელება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ეგიდით.  პროფკავშირების მიზანია შეიქმნას შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების მართვის ისეთი მექამიზმი, სადაც სოციალური პარტნიორები – მთავრობა, დამსაქმებლები და პროფკავშირები სამმხრივად გადაინაწილებენ პასუხისმგებლობას.

სოციალურ პარტნიორობაზე დამყარებულ სისტემას ნამდვილად შეუძლია უზრუნველყოს ადეკვატური წახალისებაც და ადეკვატური პასუხისმგებლობაც, ყველა დონეზე შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოებაზე საკონტროლო-სამონიტორინგო ფუნქციების უწყვეტობა.

„აბსოლიტური უსაფრთხოებისა“ და „მისაღები რისკის“ დოქტრინების ჭიდილი ნათელად აჩვენებს რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შრომისას საფრთხის ქვეშ არის, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია სიცოცხლის უფლებას ადამიანის უზენაეს უფლებად აღიარებს და ეს უფლება დაცულ უნდა იქნეს იქ, სადაც ადამიანი ავლენს მისი შემოქმედებითი ნიჭის ნაყოფიერ გამოხატვას – სამუშაო ადგილზე. უსაფრთხო შრომა საჯარო და კერძო სექტორის პროფკავშირებთან პარიტეტული თანამშრომლობით რეალურად მიღწევადია.

 

დავით  არაბიძე