მიმდინარეობს საიტის განახლება

შნაპსების თაობა

3 რაც არ უნდა ვეცადოთ, წინა საუკუნის 90-იანი  წლები ჩვენი ცხოვრებიდან არასოდეს გაქრება, რამეთუ გვინდა თუ არ გვინდა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ისეთი იყო როგორიც იყო. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ…

ამ წლებს თავისი ესთეტიკა აქვს, უცნაურობებითა და მრავალმხრივობით გაჯერებული.

გაიხსენეთ ფრაზა: ”ეს მეორე არხია, მე სერგი გვარჯალაძე ვარ!”, ხმა სერიალ ”სანტა ბარბარას” მორიგი სერიის დამთავრებისას – ჯერონ დოპსონ, ბრიჯიტ დოპსონ..”.

გაიხსენეთ პირამიდა შარვლები, ოსკარის ესპადრელები, “გუჩის” გულზე ჯიბიანი მაისური და თურქული “რეიბანები”…

თურქული “კოკა-კოლა” ბოთლებში და თურქულივე ჯინსები. იმ დროს, თბილისელი ბოშები რომ რაღაც უცნაურ დანადგარს ყიდდნენ, სახელად სათამაშო ერქვა. ეს ”დანადგარი” ნახერხით სავსე პატარა მრგვალი სფერო იყო, რეზინაზე ეკიდა და პრჭყვიალა ქაღალდში იყო გახვეული. ყიდდნენ მამალოებს, საღეჭ რეზინა ”ტურბოსა” და ”პადბომს” და მთელი ქართველი ერი გია სურამელაშვილის უცნობილეს ჰიტს მღეროდა: ”ნაცნობ სიმღერას ვღიღინებ, შენს საყვარელ სიმღერას ვღიღინებ, შენ კი სამუდამოდ წახვედი”…

იმ დროს ღვინო რომ საერთოდ არ იშოვებოდა და ხალხი საძაგელ პორტვეინებს ეძალებოდა. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ქელეხი გაიმართა. იქაური წესის მიხედვით, დღის განმავლობაში როგორც კი მოდიოდა ხალხი, მისამძიმრების შემდეგ მიჰყავდათ სეფაში სადაც სუფრა იყო გაშლილი.

ამ მიუჩვეველი სასმელით (პორტვეინით) მთელი სოფელი დათვრა და საშინელი ჩხუბიც მოხდა. ვინ სად ეგდო და ვის ვინ მიათრევდა, კაცი ვერ გაიგებდა. ამასობაში გარდაცვლილის გამოსვენების დროც მოვიდა და რადგან ფხიზელი კაცი არ იყო დარჩენილი და თან ყველამ, ვინც გათიშული არ იყო, გადაწყვიტეს ჯოკერი ეთამაშათ ორი პარტია. (რომ წაგებულებს მიესვენებინათ სატვირთო მანქანამდე) იმ თამაშის დროსაც ჩხუბი ატყდა და მთელი სოფლის საქალეთი იყო ჩართული გაშველებაში…

ბოლოს ისევ მესაფლავეები მოვიდნენ სასაფლაოდან (იმათ არაყი მიჰქონდათ თურმე) და იმათ რის ვაი-ვაგლახით წაასვენეს საწყალი ქალი სასაფლაოზე.

ფაქტობრივად, ლეგენდად დარჩა საღეჭ რეზინებში ამოსული ქაღალდების, იგივე ”ნაკლეინკების” და ”კინდერის” სათამაშოების გროვების ბუმი. მერე იმ სათამაშოებს თითქოს გაააგზავნიდი სადღაც და რაღაც საჩუქარი მოგივიდოდა. ყველამ იცოდა, რომ სათამაშოების თუ ”ნაკლეინკების” განსაზღვრულ რაოდენობას ვერ მოაგროვებდა, მაგრამ იმედი ხომ ჰქონდა…

ჩვენ ვიცოდით, რომ ”რ” ასო არ არსებობდა სიტყვა “ევრო 96″-ს შესასგროვებლად, “კოკა კოლას” ბოთლების თავსახურავების ქვეშ, მაგრამ მაინც გავეშებულნი დავეძებდით ამ მითიურ ”რ”-ს, რომელიც ესოდენ ნანატრი ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუელებას მოგვცემდა.

90-იან წლებში, 10 მანეთად ბოშები ”ფირმა” სიგარეტსაც ყიდდნენ. სიგარეტს. პირდაპირ ნიფხავიდან იღებდნენ და გაწვდიდნენ. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს სიგარეტი ”კოსმოსის” სუნი, ”მტკვარი” და ”ლუქსი”. ვისაც ჯიბეში სიგარეტი ”ტემპი” ედო, ის ყველაზე მაგარი კაცი იყო.

ეროვნული მოძრაობა, კომკავშირის ბილეთების წვა, ქართული სიმღერის შემოძახება დერეფნებში და მასწავლებლების ცრემლიანი თვალები. მერე გაუტანლობა, შური, მტრობა, დაკარგული წლები, ილუზიების მსხვრევა და ”გენიალური ედიკა”.

და ყველაფრის გამოვლისა და ნახვის მიუხედავად, ჩვენ 90-იანელები გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხალხი ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ მუდამ ასეთებად დავრჩებით!