მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შვებულება მშრომელისთვის

საქართველოს შრომის კოდექსი ლიბეტარიანული დოგმებზე ააგეს,  ეს იყო 2006 წელი და არაა გასაკვირი რომ ამ კოდექსმა შრომით ურთიერთობებში დასაქმებულს განსაკუთრებულად დაქვემდებარებული ადგილი მიუჩინა, ხოლო შრომის კოდექსში ასახული ურთიერთობები სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად დაარეგულირა. გამონაკლისად დარჩა მხოლოდ  1997 წელს მიღებული კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“.

საქართველოში დიდი ხანია რაც შეწყდა  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირება და ამ მიმართულებით ნიშნული სტაბილურად 16-ზე გაიყინა. ასევე არ ხდება ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) სრულად რატიფიცირება. ასეთ ვითარებაში კი ის ცვლილებები, რაც 2013 წელს განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსში არ აღმოჩნდა სათანადო, რათა დასაქმებულთა სოციალურ-შრომითი უფლებების მდგომარეობა ძირეულად გაუმჯობესებულიყო.

ქვეყანაში არსებული შრომითი კანონმდებლობის პირობებში ბევრი საკითხი ეძებს თავის პროგრესულ გადაწყვეტას და მათ შორის არის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულთათვის. შრომის კოდექსი ამ მიმართულებითაც  კვლავ ელის გამაკეთილშობილებელ ხელს.

2012 წლის შემდგომ გაკეთებული მრავალრიცხოვანი მანიფესტირებისა და დეკლარირების მიუხედავად საქართველოს შრომის კოდექსი არ ტოვებს ევროპული ქვეყნის შრომითი სამართლის ანალოგის შთაბეჭდილებას და არც ჩანს რომ ამ მიმართულებით არის სახელმწიფოს მიერ ცვლილებების კურსი აღებული.

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის შესაბამისად დასაქმებულს აქვს უფლება, რომ ყოველწლიურად ისარგებლოს 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი  და დასაქმებული (იმ პირობებში, როცა დასაქმებული დაქვემდებარებულ პოზიციაში იმყოფება) შეიძლება შეთანხმდენ განსხვავებულ პირობებსა და ვადებზე. შრომის კოდექსის ეს ნორმა ტოვებს დამსაქმებლისთვის შესაძლებლობას ამ საკითხში გამოიჩინოს ვოლუნტარიზმი და სუბიქტივიზმი.

შრომის საერთასორისო ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ 1936 წელს მიღებული კონვენცია „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ მე-4 მუხლით ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც დასაქმებულს უკარგავს ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლებას, მიღების მომენტიდან ბათილად აცხადებს. საქართველოს პარლამენტს ეს კონვენცია რატიფიცირებული აქვს ჯერ კიდევ 20 წლის წინ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღნიშნული  კონვენცია ვერ არეგულირებს იმ შემთხვევას, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს ყოვლწლიური შვებულებით სარგებლობის სანაცვლოდ ფინანსურად განსაკუთრებით მომგებიან პირობას სთავაზობს.

საქართველოს შრომითი სამართალში არსებული ასეთი კოლიზიიდან გამომდინარე დასაქმებულის მხრიდან ნების თავისუფლება დაცული იქნება იმ ვითარებაში, თუ კუთვნილი შვებულების სანაცვლოდ დამსაქმებლის მიერ მისთვის შეთავაზებული ფინანსური სარგებელი რამდენჯერმე აღემატება მის ყოველთვიურ ანაზღაურებას.

ევროპას , რომელთანაც საქართველოს ასოცირების შეთანხმება გააჩნია, დასაქმებულთათვის ყოველწლიური ფასიანი შვებულების მაღალი სტანდარტი გააჩნია. სამაგალითოდ შეიძლება საფრანგეთის რესპუბლიკის, ესპანეთისა და ნიდერლანდების სამეფოს შვებულებათა სისტემა იქნეს მოყვანილი.

ნიდერლანდების სამეფოში მინიმალური ყოველწლიური ფასიანი შვებულება აითვლება ყოველკვირეული სამუშაო საათებიდან და საშუალოდ, შრომითი საათების ოთხმაგ ოდენობას, ანუ 4 კვირას შეადგენს, გარდა ამისა ნიდერლანდების სამეფოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დასაქმებულს ასევე აქვს უფლება ყოველი წლის მაის-სექტემბერში დაისვენოს არა ნაკლებ 2 კვირის განმავლობაში.

ესპანეთის სამეფოს შრომის სამართლის შესახებ კანონისა და საფრანგეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსის მიხედვით დასაქმებულის მინიმალური ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 დღეს შეადგენს, ხოლო 6 დღიანი სამუშაო კვირის პირობებში ყოველწლიური სავალდებულო  შვებულება არა ნაკლებ 5 კვირიანია.

თუ საქართველოს სოციალურ-შრომითი სტანდარტები ევროპული სტანდარტების ანალოგი არ გახდა, მაშინ ქვეყანაში ვერ შეიქმნება ვერც ეკონომიკური პროგრესისა და ვერც მყარი დემოკრატიის წანამძღვრები.

ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული) სრულად რატიფიცირება და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების პროცესის დაუყოვნებლივი აღდგენა არის ის გასაღები, რომელიც გააღებს საქართველოს შრომის კოდექსის ევროპული სტანდარტების შესაბამისი გარდაქმნისკენ მიმავალ კარებს. ევროპასთან ასოცირებული ურთიერთობების განვითარებას ასეთი ცვლილებები ჰაერივით ესაჭიროება. ამ მიმართულებით ფართო სამუშაო პლატფორმას ქმნის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივები, რომელიც კარგად არის ცნობილი სახელმწიფოსა და ბიზნესისათვის, ეს ინიციატივები სრულად პასუხობს სოცალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ევროპულ ტრადიციას.

შვებულება ნამდვილად არ არის დაფინანსებული უსაქმურობა. შვებულება უცილობელი საჭიროებაა, რათა მშრომელმა ადამიანმა აღიდგინოს შრომის უნარიანობა და სიცოცხლის ხალისის ახალი მუხტი მიიღოს საზოგადოებრივ კეთილდღეობაში თავისი ღირსეული წვლილის შესატანად. შვებულებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და შესაბამისად იგი მოცულობითი და შესატყვისი უნდა იყოს.

დავით  არაბიძე