საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი ადამიანის შრომის უფლების უხეშ დარღვევად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებს, კერძოდ 1344 მუხლს, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე. აღნიშნულ თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა დაინიშნონ არაუგვიანეს 2014 წლის ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120-ე დღისა.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად, შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეთა დიდი ნაწილი, უსამსახუროდ დარჩეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. გასათვალისწინებელია, ისიც რომ ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა. ფაქტია, ცალსახად ილახება ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლება როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც დაცული და აღიარებულია არამარტო საქართველოს კანონმდებლობით, არამედ მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია, შრომის სართაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური კონვენციები, რომლის დაცვაც სახელწმიფოს უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები კანონში შეტანილი იქნა დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მას წინ არ უძღვოდა რაიმე სახის წინასწარი კონსულტაციები საჯარო მოსამსახურეთა უფლებების დამცველ ორგანიზაციასთან, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წელს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #151 კონვენციის კარი 4, მუხლი 7, ,,სახელმწიფო სამსახურში დასაქმების პირობების განსაზღვრის პროცედურების და ორგანიზების უფლებების დაცვის შესახებ.“
კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი იწვევს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და შესაბამის სახელწმიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, მიმდინარე წლის 27 თებერვალს 12 საათზე საქართველოს პროფესიული კავშირების საკონფერენციო დარბაზში.