მთავრობის მიერ დანიშნული მედიატორის ჩართვის შედეგად კაზრეთში გაფიცვა შეწყდა და გაფიცულებსა და კომპანია RMG Gold-სა და RGM Copper -ს შორის შეთანხმება შედგა. აღნიშნულ თემაზე დღეს პრესკონფერენცია გამართეს იმ პირებმა, რომლებიც დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდნენ, კერძოდ, მთავრობის მიერ დანიშნულმა მედიატორმა ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველმა სოციალურ საკითხებში ბექა ნაცვლიშვილმა და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ.
მათი თქმით, მხარეებმა მედიციის პროცესის შედეგად შეთანხმებას ყველა ძირითად საკითხზე მიაღწიეს.
კერძოდ, RMG Gold-სა და RGM Copper -ის ადმინისტრაცია სამსახურში აღადგენს 2014 წლის იანვარში სამსახურიდან გათავისუფლებულ 80 თანამშრომელს. დანარჩენ მუშებს კომპანია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად დააბრუნებს. მათ გაფიცვის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში, კომპენსაციის სახით, ორი თვის ხელფასს გადასცემს. იმ შემთხვევაში კი, თუ საწარმო გაფიცვის შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში კომპანიამ მათი დაბრუნება ვერ შეძლებს, კომპანია მათ დამატებით მესამე თვის კომპენსაციას გადასცემს. დარჩენილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის შედგება სპეციალური სარეზერვო სია და წარმოებაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში კომპანია სამუშაო ადგილს უპირველესად მათ შესთავაზებს.
შეთანხმების მიხედვით, გაფიცვის შეწყვეტისთანავე კომპანია ჩაანაცვლებს გაფიცვის პერიოდში მუშათა შესაცვლელად დაქირავებულ პერსონალს.
შეთანხმება მიღწეული იქნა ანაზღაურების საკითხებზეც. 2014 წლის აპრილიდან კომპანიის ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი არანაკლებ 15%-ით გაიზრდება. 2014 წლის 1 ნოემბრიდან კი კომპანიის ადმინისტრაცია დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს 2015 წლისთვის ხელფასების მომატების შესახებ. ამ პროცესში მხარეები ქვეყანაში არსებულ ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, საერთაშორისო ბაზარზე კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ფასების დინამიკასა და სამომხმარებლო ფასების ზრდას გაითვალისწინებენ.
RMG Gold და RGM Copper ვალდებულებას იღებენ სამართლიანი ანაზღაურების პრინციპების განხორციელებაზე და საწარმოებში ერთსა და იმავე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრებაზე არსებულ ხელფასებს შორის უფრო მაღალი ხელფასის დონემდე გათანაბრების მიზნით. პირველ ეტაპზე, თითოეულ კომპანიაში ხელფასებს შორის განსხვავების აღმოფხვრა პირველ აპრილამდე მოხდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე პირველი ოქტომბრიდან, კომპანია ორივე საწარმოში ხელფასებს შორის განსხვავებას აღმოფხვრავს.
შეთანხმება მიღწეული იქნა კომპანიისა და დასაქმებულების პარიტეტული მონაწილეობით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნაზეც, რომელიც საჩივრებს, შრომით დავებს, შრომის გარემოსა და სხვა საკითხებს თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განიხილავს.
ამასთან, შეთანხმების თანახმად, RMG Gold-სა და RGM Copper -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომელთა მორიგება შრომის პირობებთან დაკავშირებული საგაფიცვო მოთხოვნების შესრულებაზეც მოხერხდა. დასაქმებულებისთვის მისაღებია კომპანიის მიერ შეთავაზებული ახალი სადაზღვეო პირობები, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები.
გაფიცვის შეწყვეტისა და მედიაციის დასრულების შემდგომ ერთ კვირაში კომპანიის გენერალური დირექტორი კოლექტიური მოლაპარაკების კომისიების შექმნის შესახებ განკარგულებას გასცემს. გაფიცვა ოფიციალურად 2014 წლის 25 მარტს, 08:00 საათზე შეწყდება.
წყარო: pia.ge