მიმდინარეობს საიტის განახლება

შავი და ცისფერი “ოქროს“ პროფკავშირი

ნავთობსა და გაზს ხშირად შავ და ცისფერ ”ოქროდაც“ მოიხსენიებენ. ეს არაა გასაკვირი, რადგან ბოლო რამდენიმე საუკუნეა, რაც მათ მართლაც ოქროს ფასი შეიძინეს  კაცობრიობის მატერიალური და კულტურული განვითარებისთვის.

ნავთობი სპარსული წარმოშობის სიტყვაა. მასზე წერდნენ ისეთი სახელოვანი მეცნიერები, როგორიც იყვნენ აგრიკოლა და მიხეილ ლომონოსოვი, მაგრამ ნავთობი მხოლოდ 1866-1871 წლებში იქნა მეცნიერულად „გაშიფრული“ ფრანგი ქიმიკოსების მ. ბერტლოსა და გ. ბიასსონის მიერ.

გაზი ფრანგული წარმოშობის სიტყვაა. იგი ჰოლანდიელი მეცნიერის იაკობ გელმონტონის მიერ არის დამკვიდრებული. გაზი არა მხოლოდ ენერგიაა, იგი შეუცვლელია, როგორც ქიმიური ნივთიერება მეთანოლის, ფორმალდეგიდის, აცეტონისა და სხვა ორგანული შენაერთების წარმოშობისას.

ამიერკავკასიაში და კონკრეტულად საქართველოშიც ნავთობისა და გაზის საბადოების პირველი მაძიებელი იყო ტრანსნაციონალური კაპიტალის ისეთი გრანდი, როგორიც იყო ნობელების კლანი. წინა საუკუნის დამდეგისთვის ნავთობმა ისე სწრაფად შეიძინა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ როდესაც რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს წარუდგინეს ბაქოელი ნავთობმაგნატი ნაგიევი, მის მისალმებაზე მან უპასუხა „მე თუ რუსეთის იმპერატორი ვარ, თქვენ რუსეთის ნავთობის იმპერატორიო“.

ნავთობის წარმოებაში დასაქმებული მუშები ერთ-ერთი პირველები იყვნენ იმპერიაში, ვინც დააფუძნა პროფკავშირი და 1905 წელს ალიოშა ჯაფარიძის წინამძღოლობით მიაღწია ნავთობმრეწველებთან პირველი კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ამ დამსახურების გამოა რომ ამიერკავკასიის ნავთობწარმოების ცენტრში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში დგას ალიოშა ჯაფარიძის ძეგლი.

საქართველოში ნავთობის სამრეწველო მოპოვებას ათწლეულების ისტორია აქვს. გასული საუკუნის 80-იან  წლებში მას ყოველ წლიურად 3,5 მილიონ ტონაზე მეტს მოიპოვებდნენ. რაც შეეხება გაზს, საქართველოში მისი მოპოვება სამრეწველო ფორმით არ ხდებოდა. გაზი ძირითადად მიიღებოდა, როგორც მოპოვებული ნავთობის თანმდევი. ამ გაზით მარაგდებოდა მხოლოდ საგარეჯოს რაიონი.

ნავთობისა და გაზის სფეროში  ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდნენ სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებები „საქნავთობი“ და „საქტრანსგაზი“. საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ძირითადად ამ გაერთიანებებში დასაქმებულ მუშაკებს აერთიანებდა.

ქვეყანაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ ნავთობისა და გაზის მუშაკებისთვის დაცემის წლები დაიწყო. 1992-1995 წლებში ნავთობის მოპოვება 100 ათას ტონამდე დაეცა, ჭაბურღილებისათვის, კუსტარული ნავთობსახდელებისთვის ანტიკონსტიტუციურ შეიარაღებულ ფორმირებებს დიდი ჭიდაობა და ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული, ბენზინი და მაზუთი კი კანისტრებით იყიდებოდა ქუჩაში.

1993 წლის ბოლოს ”კანარგო ჯორჯიას“ სახით  გამოჩნდა პირველი უცხოელი ინვესტორი, მაგრამ იგი მხოლოდ ნედლი ნავთობის მოპოვებით იყო დაინტერესებული. 1995 წელს გაჩერდა ქ. ბათუმში არსებული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა. 1998 წელს კი უცხოეთში ნაყიდი უკვე ამორტიზებული დანადგარებით სცადეს ნავთობის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის ამუშავება, მაგრამ მან სწრაფადვე განუტევა ”სული“. ათიოდე წლის წინ სახელმწიფო საწარმოო გაერთინებები დაიშალნენ, ხოლო 2005 წელს შეიქმნა საქართველოს ნავთობისა და გაზის  კორპორაცია.

დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს 54 წლის, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის სპეციალისტი გოჩა კვიტატიანი ხელმძღვანელობს. მისი პროფკავშირული აქტივობა 1986 წელს უკავშირდება, როდესაც მშრომელებმა ის აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს პროფკავშირული კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. გოჩა კვიტატიანი 1990 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2008 წელს უკვე თავჯდომარედ აირჩიეს. 2012 წლის 24 ნოემბერს მე-12 ყრილობაზე გოჩა კვიტატიანი მორიგე 4 წლით კვლავ იქნა არჩეული პროფკავშირის თავჯდომარედ. მისი მოადგილეა ზურაბ დადიანი ( რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციამდე, იგი სოხუმის გაზის აპარატურის ქარხნის პროფკავშირული კომიტეტის თავჯდომარე იყო). პროფკავშირის გამგეობაში 11 წევრია და იგი აერთიანებს 7 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას 2350 წევრით.

გოჩა კვიტატიანი არა მხოლდ პროფკავშირელი, არამედ რაციონალიზატორ-გამომგონებელიც არის. მას ეკუთვნის გამოგონება, რომელმაც თითქმის 200-ჯერ გააიაფა ნავთობის მოპოვებისთვის აუცილებელი ხსნარის თვითღირებულება (თიხის ხსნართან თამბაქოს მტვრის შერევით, ხსნარის შემკვრელობა გაიზარდა მრავალგზის).

ლარის შემოსვლისა და ახალი ეკონომიკური სისტემის ამუშავების შემდეგ, საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 517 აშშ დოლარამდე აიწია, რაც იმის ნიშანი იყო რომ ძველის ადგილზე უკვე ახალი იდგა. ამ წელს ქვეყანაში შემოვიდა შვეიცარული ორგანიზაცია, რომელმაც ნავთობის მოპოვებაში რეალური ინვესტიცია განახორციელა. ინვესტორმა რაპოპორტმა საქართველოში დააფუძნა შპს “იორის ველი“, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა საკუთარი შვილი ირით რაპოპორტი. ამ პერიოდისთვის საქართველო ჯერ კიდევ არ უჩიოდა ნავთობის სპეციალისტთა სიმწირეს და ქალბატონ ირითს უცხოეთიდან არ დასჭირვებია სპეციალისტების მოწვევა, მაგრამ ადგილობრივი კადრები კი დაჩაგრა- არ მისცა სპეცტანსაცმელი, არ უზრუნველყო ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებითა და კვებით, უსაფრთხოების ნორმებით,  თავს მოახვია მიზერული ტარიფები და ხელფასი, მუშებს აგრძნობინეს რომ არ მიესალმებოდნენ პროფკავშირულ აქტივობას.

1996 წელს როდესაც ქალბატონ ირითის თავგასულობამ აპოგეას მიაღწია შპს “იორის ველის“  150 თანამშრომლიდან 42–მა  გაბედა ელემენტარული უფლებების დასაცავად დარაზმვა. ინიცატორი იყო ოსტატი ვალიკო ხელაშვილი. როდესაც მშრომელებს ჭერქვეშ არ მისცეს შეკრების საშუალება, ისინი ლილოს სამმართველოს დაგმანულ ჭიშკართან შეიკრიბნენ და ღია ცის ქვეშ დააფუძნეს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია. საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის სოლიდარობით დარაზმული მშრომელები შეხვდნენ ქალბატონ ირითს და როცა მან მათთან მაღალ ნოტაზე სცადა ურთიერთობა, ოსტატმა ვალიკო ხელაშვილის გამრჯე მარჯვენის მაგიდაზე დაკვრით მყისიერად შიმეცნა, რომ მის წინ მოწყალების მაძებარნი არ იდგნენ. შპს “იორის ველმა“ სწრაფად გააფორმა პროფკავშირად დარაზმულ მშრომელებთან კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება და მოუგვარა მათთვის საჭირბოროტო საკითხები. მეტიც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავჯდომარის ვალიკო ხელაშვილისთვის სამსახურეობრივი ავტომობილიც შეიძინა პროფკავშირული აქტივობის წარმატებული განხორციელებისათვის.

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შვეიცარიული ორგანიზაცია ინდურმა ორგანიზაციამ “ჯინდალ პეტროლუმ საოპერაციო კომპანიამ“ ჩაანაცვლა. მან შეიძინა რუსთავ-სამგორის ზონაში ოპერირების ლიცენზია. ამ კომპანიამ გააფორმა ახალი კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება პროფკავშირთან. დღეს ამ კომპანიაში დასაქმებული 300 მუშაკიდან 60 პროფკავშირელია.

საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს 2013 წელს მიმართეს “ბრიტიშ პეტროლიუმის“ ქართულ ფილიალთან დაკავშირებული შპს “მეგაფუდის“ დასაქმებულებმა. ეს ფილიალი ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენს ემსახურება და ქართული პროფკავშირისთვის იქ შექმნილი არასახარბიელო ვითარება საყურადღებო იყო. PSG-1(გარდაბანი) და PSG-2 (სხვადასხვა სადგურები) მუშაკები უჩიოდნენ უუფლებობას და დისკრიმინაციას. მათ არ ჰქონდათ არც სამედიცინო დაზღვევა და ელემენტარული ყოფითი პრობლემებიც მოუგვარებელი ჰქონდათ. ამ შპს-ს მუშაკებს საკუთარი შრომითი კონტრაქტები თვალითაც კი არ ენახათ. 2013 წლის 11 ნოემბერს 130 დასაქმებულიდან 43 დასძლია შიშს და დააფუძნა პიველადი პროფკავშირული ორგანიზაცია,  დალი მაღრაძის თავმჯდომარეობით. როდესაც ადმინისტრაციამ მიიღო დამფუძნებელი კრების ოქმი, მან მუშაკთა ინიციატივას სოციალური დიალოგის დაწყებაზე დუმილით უპასუხა, მაგრამ როგორც კი PSG-1-ზე 30 მუშაკი გაიფიცა, რომელსაც მალე PSG-2 მუშაკებიც შეუერთდნენ, ადმინისტრაცია მიხვდა რომ აუტკივარ თავს ძალით იტკივებდა და სწრაფად გააფორმა პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან კოლექტიური შრომით ხელშეკრულება. ეს ფაქტი ადასტურებს რომ ვინც მოითხოვს იღებს კიდეც, მთავარია ეს მოთხოვნა კოლექტიური მოქმედების ფორმითა და შინაარსით იყოს გაჯერებული.

2007 წლიდან საქართველოში მოქმედებს აზერბაიჯანული ნავთობკომპანიის “სოკარი“-ს შვილობილი ორგანიზაცია შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია“ . მასში დღეისთვის 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამ შპს-მ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი შეიტანა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.  2008 წელს შპს-ში დაფუძნდა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, გაფორმდა კოლექტიური შრომით ხელშეკრულება, შპს-ს გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა ივალდებულა დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა, მუშაკთათვის გამთბარი შემინული მიკროჯიხურებიც კი დადგა, მაგრამ  შპს-ს მუშაკებს დღემდე არაა აქვთ სამუშაო ადგილზე სკამზე ჩამოჯდომის უფლება. ამ საკითხზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია-პერფონანსიც გამართა, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. ეს კი ამ შპს-ში დასაქმებულთათვის პირდაპირი გზაა ვარიკოზული ვენების გაგანიერებისკენ.

“ყანზტრანსგაზის“ საქართველოში დაბრუნებასთან ერთად საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშკათა პროფკავშირი იმედოვნებს რომ აღადგენს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას და გააფორმებს სოციალურ პარტნიორთან ახალ კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებას.

საქართველოს ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი დღეს  მსოფლიო ინდუსტრიული პროფგაერთიანებისა და შესაბამისი დარგის საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანების წევრია, გოჩა კვიტატიანი კი ამ გაერთიანების საბჭოს წევრია. ეს ეხმარება ქართულ პროფკავშირს ითანამშრომლოს აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის, თურქმენეთის, რუსეთის, ვიეტნამის და სხვა ქვეყნების სათანადო პროფკავშირებთან. ქართველ პროფკავშირელებს არაერთ სოლიდარობის აქტი აქვთ განხორციელებუილი. ასე მაგალითად, მათ  მხარი დაუჭირეს ვიეტნამელ პროფკავშირელებს მათი სამუშაო ობიექტის  ჩრდილოელი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ანექსიის წინააღმდეგ, ზიმბაგველ პროფკავშირელებს მხარი დაუჭირეს რეზინის წარმოებაში არსებული დრაკონული ნორმების წინააღმდეგ ბრძოლაში,  აზერბაიჯანელ პროფკავშირელებთან გააფორმეს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად  ქართული პროფკავშირების დაეხმარებით განხორციელდა აზერბაიჯანის პროფკავშირების კონფედერაციის დელეგაციის შეხვედრა, გოჩა კვიტატიანის კოლეგის ჯანგირ ალიევის თანამონაწილეობით, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურ მდივანთან ბერნადეტ სეგოლთან.

საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი აქტიურად მუშაობს საკუთარ წევრებთან მათი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გასაძლიერებლად. პროფკავშირი განიხილავს კონცეპტუალურად ახალ მიდგომას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დარგის მუშაკთა კარიერულ ზრდაში მისი თანამონაწილეობა. გოჩა კვიტატიანი მიიჩნევს, რომ აქტიური პროფკავშირული პოზიციით გააფართოვებს ორგანიზაციის სოციალურ ბაზას, რაც გაზრდის პროფკავშირის შესაძლებლობებს აწარმოოს მუშაკთა შრომითი, მატერიალური და სოციალური ინტერესებისთვის სასარგებლო სოციალური დიალოგი სოციალურ პარტნიორებთან.

დავით  არაბიძეmavt