მიმდინარეობს საიტის განახლება

ყრილობიდან ყრილობამდე

georgian trade unionsგანვლილ ოთხ წელიწადს პროფკავშირების ლიდერები, გამგეობის წევრები და  დარგების ხელმძღვანელები აფასებენ.

ეთერ მათურელი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, პროფკავშირის ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე: “მინდა ყრილობის ყველა დელეგატს მივულოცო პროფესიული კავშირების უმაღლესი ორგანოს  – გაერთიანების მეთორმეტე ყრილობის დელეგატობა. რადგანაც მიმაჩნია, რომ პროფკავშირის თითოეული წევრისათვის ეს ძალზედ საამაყო და მნიშვნელოვანი მოვალეობაა. სწორედ ყრილობა იძლევა საშუალებას –  არამატო გაეცნო და შეაფასო განვლილი 4 წლიანი პერიოდი, არამედ უშუალო მონაწილეობა მიიღო პროფკავშირების ხვალინდელი დღის განსაზღვრაში.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა და თვალსაჩინო გახდა პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტის საქმიანობა. უკვე ტრადიციად იქცა ყოველი წლის  მარტის თვეში დასაქმებულ ქალთა შრომით უფლებებში არსებეულ მდგომარეობისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით ქალთა კვირეულების: “ქალები – სოციალური სამართლიანობისათვის“ – ჩატარება, რაშიც აქტიურად არიან ჩართული გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ქალთა კომიტეტები.

გაერთიანების ქალთა კომიტეტის აქტივობა უყურადღებოდ არ დარჩენილა საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობას მხრიდან. პროფკავშირების პანევროპული რეგიონალური ცენტრის ქალთა კომიტეტის რეკომენდაციით, ჩვენ შევძელით 2012 წელს განგვეხორციელებინა პროექტი: “შრომით ურთერთობებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში“. ამჟამად ქალთა კომიტეტი ITUC-ის რეკომენდაციით ატარებს კამპანიას: “ახალგაზრდა ქალების გადაწყვეტილება ცხოვრებისათვის“. პროფკავშირის ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართული საპროტესტრო აქციების შედეგი იყო სწორედ ის, რომ ახალ შრომის კოდექსში შეტანილ იქნა სამწუხაროდ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ცვლილება, რაც დამსაქმებელს უზღუდავს ფეხმძიმე ქალების სამუშაოდან დათხოვნას. ქალთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების მეორე ეტაპისათვის დასაქმებულ ქალთა შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის შემუშავდა სპეციალური პაკეტი, რომელიც გადაეგზავნა  იუსტიციის სამინისტროს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროფკავშირის წევრთა საერთო რაოდენობიდან 62%  ქალია, აშკარაა, რომ ქალთა მოძრაობა პროფკავშირებში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და მან უნდა მოიცვას ყველა ის საკითხი, რაც დასაქმებულ ქალთა წინაშე დგას. 4 წელი ისტორიისათვის საკმაოდ მცირეა, მაგრამ თითოეული დასაქმებული ადამიანისათვის და განსაკუთრებით ქალებისათვის  – ეს საკმაოდ დიდი დროა. ეს ის დროა, როდესაც ქალებს შეუძლიათ უამრავი სიცოცხლე აჩუქონ ქვეყანას. ქალი ქვეყნის წარმატების გასაღებია. ღირსეულად დაფასებული დასაქმებული ქალი კი უკეთესი მომავლის გარანტი! ამდენად, ახალგაზრდა ქალების წინაშე მდგარი პრობლემები. მომავალ საანგარიშო პერიოდში ჩვენი მუშაობის ძირითადიო პრიორიტეტი იქნება!“.

აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, შალვა წულეისკირი: “საქართველოს პროფესიული კავშირებისათვის 2009–2013 წლები იყო საქართველოს პროფკავშირების როლისა და მნიშვნელობის ამაღლების წლები. საქართველოს პროფკავშირების ავტორიტეტი განსაკუთრებით 2012–2013 წლებში გაიზარდა, როდესაც შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანისათვის აქტიური ძალისხმევის შედეგად, ორგანიზაციის საქმიანობა დადებითაც წარმოჩინდა. აუცილებელია, რომ პროფკავშირებში ახალგაზრდების მონაწილეობა უფრო აქტიურად და გააზრებულად იგეგმებოდეს.  ეს მომავალი საანგარიშო პერიოდის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა“.

პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე, ილია ვერძაძე: “ამ ყრილობაზე უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ უკანასკნელ 4 წელზე, არამედ უკანასკნელ 8 წელზე, როდესაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სათავეში ახალი გუნდი მოვიდა. ეს არის გუნდი, რომელმაც ახალი მიდგომები და ახალი სტილი შემოიტანა და ყველა კარგად ვხედავთ, რომ საქართველოს პროფკავშირის წინსვლა სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა.

უკანასკნელ წლებში პროფკავშირის მიერ გაკეთებულმა საქმეებმა და ამ საქმეების გაკეთების სწორად შერჩეულმა მანერამ, არაერთი ადამიანი მოაბრუნა პროფკავშირისაკენ. წინა წლები დახუნძლული იყო წინააღმდეგობებით, ბრძოლით, გაფიცვებით… მოწინააღმდეგეები მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე, როდესაც საქმე კეთდება. სწორედ ამიტომაც იყო წინა წლებში ამდენი იძულებით თავს მოხვეული პრობლემები. რა თქმა უნდა ასევე იყო ხელისუფლებისგან დიდი წნეხი და მე ბედნიერი ვარ, რომ იმ ორგანიზაციისა და იმ გუნდის წევრი გახლავართ, რომელმაც მრავალი დაბრკოლება გადალახა და დღეს მაინც წელგამართული აგრძელებს თავის საქმეს“.

ცხინვალის სამხარეო პროფესიული კავშირების ცენტრის ავმჯდომარე, მარინა მეშვილდიშვილი: “ცხინვალის სამხარეო პროფცენტრი დადებითად აფასებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების 2009–2013 წლებში განხორციელებულ საქმიანობას.

სამომავლოდ კარგი იქნებოდა, თუ პროფკავშირი ახალგაზრდების მოზიდვასა და დამკვიდრების მიმართულებით განახორციელებს ვოლონტიორიზმის დანერგვას პროფკავშირების სხვადასხვა ძლიერ დარგებში, სადაც საქართველოს უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტები მოხალისედ იმუშავებენ დარგებში და მიიღებენ პროფკავშირული საქმიანობის შესაბამის გამოცდილებას. ამგვარი საქმიანობა არის გავრცელებული ევროპის ქვეყნებში და სამომავლოდ ძალზედ წაადგება საქართველოს პროფკავშირებს ახალგაზრდების დასაქმებაში. ყველას მოგილოცავთ პროფესიული კავშირების გაერთიანების მეთორმეტე ყრილობაში მონაწილეობას და ყველას გვჯერა უკეთესი მომავლის“.

კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, სულიკო მაშია: “ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საკმარისზე მეტ შედეგებს მიაღწია.. იმის ფონზე, რომ წლების მანძილზე საქართველოში უსამართლობა იყო გამეფებული. დამსაქმებლები დასაქმებულების პრობლემებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და ნებისნიერი ახსნა–განმარტების გარეშე ათავისუფლებდნენ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ იგი რომელიმე პროფკავშირის წევრი იყო.

ბოლო წლებში მდგომაროება არსებითად შეიცვალა. მიღებული იქნა ახალი შრომის კოდექსი. მართალია ჯერ ადგილებზე სათანადოდ არაა გაცნობიერებული ახალი კოდექსის შედეგები და ბევრი რამ ინერციით მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, რომ პროფკავშირების ბოლო 4 წლის მანძილზე მუშაობამ თავისი შედეგი გამოიღო და ეს შრომის კოდექსის შეცვლაშიც გამოიხატება. ამით პროფკავშირის როლი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ქვეყანააში.

ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი: “უკანასკნელ პერიოდში პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დიდი ძალისხმევით, როგორც იქნა შეიცვალა შრომის კოდექსი და ბოლო მოეღო დასაქმებული ადამიანების კანონის ძალით შეზღუდვას. ამან პროფკავშირის მიმართ ნდობა გაზარდა. როდესაც სახელმწიფო გებრძვის და არ უნდა შენი გაძლიერება, ამ პირობებში ბრძოლა განსაკუთრებით რთულია. იმედია მომავალში ბატონ ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად მივაღწევთ იმას, რომ დასაქმებული იქნება უფრო პრივილიგირებული ვიდრე დამსაქმებელი.

მე მჯერა რომ ამ ყრილობის შემდეგ, მომავალში პროფკავშირს უფრო მეტი ძალა და შესაძლებლობა მიეცემა. როდესაც თეატრში მსახიობი თამაშობს და მას სპექტაკლში 10 ლარს მისცემენ, ეს არის სირცხვილი. ასევე მოსაგვარებელია ხელოვნების დარგებში დასაქმებულთა პენსიების რეგულაციის საკითხიც. მაგალითად პროფესიონალი მოცეკვავეები ასაკით პენსიაში გასვლამდე ვეღარ აგრძელებენ მუშაობას. საჭიროა მათთვის პენსიის საკითხის დარეგულირება, რასაც ჩვენ წლების მანძილზე ვაყენებეთ. იმედია ამ საკითხებს ყველა ერთად სოლიდარობის გზით გადავჭრით ახალ საანგარიშო პერიოდში“.

მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ბესიკ ხარატიშვილი: “მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, 2009-2013 წლებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. დარგებში (პედაგოგთა, რკინიგზელთა, მედიცინის, საჯარო და მეტალურგიულ და სამთოქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირებში) შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სრული მობილიზაციის, გაერთიანების აპარატის გულმოდგინე შრომის, ერთსულოვნების და სოლიდარობის საფუძველზე, პროფკავშირმა შეინარჩუნა სრულყოფილი სახე, გაუტეხელი და ერთგული სული, რომლის ძირითადი მიზანი არის და იქნება სოციალურ ეკონომიკური და ადამიანის უფლებების, დასაქმებულთა ინტერესების დაცვა.

 

თუმცა, უამრავი საკითხი დარჩა გადასაჭრელი და გასაკეთებელი ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის ბაზრის ინსტიტუტების შექმნა და განვითარება, შრომის კანონმდებლობის რეფორმებში აქტიური მონაწილეობა, პროფკავსირებში ახალგაზრდების მოზიდვა და დამკვიდრება, საერთაშორისო პროფკავშირულ მოძრაობასა და ევროპის ქვეყნების ეროვნულ პროფცენტრებთან ურთიერთობების გაღრმავება. ძირითად ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებასთან, პრესასა და მასმედიასთან არახშირი ურთიერთობა, თუმცა ეს ყოველივე არ იყო გამოწვეული პროფკავშირების გაერთიანების და მასში შემავალი დარგების არასათანადო შრომის, არამედ ქვეყანაში არსებული ძველი პოლიტიკური რეალობის გამო“.

 

სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, გელა ძაბილაშვილი: “გასული წლები საკმაოდ პრობლემატური იყო პროფკავშირისათვის. ყველაზე დიდი ორგანიზაცია აგრარულ ინსტიტუტებში და სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში გააუქმეს. ამავე დროს ე.წ. პარტიული წმენდის შედეგად 300 მეცნიერ–თანამშრომელი დატოვეს სამსახური გარეშე. იყო გარკვეული წარმატებებიც. მაგალითად, გავაწევრიანეთ ახალი ორგანიზაციები. წარმატება გვქონდა საერთშორისო არენაზე და იყო ჩვენი აქტივობები, რომლებიც დასაქმებულებისათის ხელფასის მომატებით დასრულდა. მაგალითად: ბორჯომის ქარხანაში, გორის წისქვილკომბინატში, აგარის შაქრის კომბინატში და სხვა… გასული ოთხი წელი პროფკავშირისათვის რთული იყო. პრობლემები ახლაც ბევრია და ბევრი დამსაქმებელი თვითნებობს. თუმცა, დღეს მაინც უკეთესი მდგომარეობაა და იმედი გვაქვს რომ, პროფკავშირების გაერთიანების თანადგომით ყველაფეირ უკეთესობისაკენ შეიცვლება“.

სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, იროდი ბეჟაშვილი: “გასულ წლებში დაახლოებით 10 რაიონში დავაფუძნეთ პირველადი ორგანიზაციები, რაც უდავოდ წარმატებად უნდა შეფასდეს. ასევე მოიმატა პროფკავშირულ სემინარებზე დასწრების მსურველთა რაოდენობამაც. თუმცა, პრობლემებიც ბევრი იყო. წინა ხელისუფლება საქართველოს პროფკავშირებს არ აღიარებდ ა და მათთან დიდი ბრძოლების გადატანა მოგვიწია“.

მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ ღონიაშვილი: “უკანასკნელ პერიოდში პროფკავშირმა დიდი გამოცდა გაიარა. თუმცა, ზოგადად ეს პერიოდი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან წინა ხელისუფლებასთან “ომში“ და “ჭიდაობაში“ ორგანიზაციამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და გაკეთებითაც მეტი გაკეთდა. ამაში გასული წლის პირველმა ოქტომბერმაც თავისი გავლენა იქონია. მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კადრების მომზადებისა და ახალი თაობის პროფკავშირში მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება“.

მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ჯონი ჯანაშია: “ჩინელებს აქვთ ასეთი წყევლა: “საინტერესო დროს გეცხოვროსო“. არ ვიცი ჩვენ დაწყევლილები ვართ თუ ბედნიერები, მაგრამ იმ თაობას განვეკუთნებით, რომელმაც უძრაობის ხანა გამოიარა და ერთფეროვნებაც გამოგვიცდია. მაგრამ, ის “საინტერესოდ ყოფნა“, რომელიც უკანასკნელმა ოთხმა წელიწადმა მოგვიტანა, ცოტა ძნელი შესაფასებელია ერთი შეხედვით. ეს წლები იყო სავსე კატაკლიზმებით და ისეთი პერიპეტიებით, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს პროფკავშირებზე. დღეს უკვე სულ სხვა პროფკავშირია და ეს პროფკავშირი სრულებითაც არა გავს იმ პროფკავშირს, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, როდესაც პროფკავშირი უფასო საგზურებთან იყო დაკავშირებული. პროფკავშირის აქტიურმა პოზიციამ გამოიწვია წინა ხლეისუფლების გულისწყრომა და ჩვენგან მტრის ხატის შექმნა. ჩვენი სიტყვა ასე თუ ისე მაინც ხვდებოდა მიზანში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ჩვენ ვიყავით ინფორმაციულ ვაკუუმში.მედიასაშუალებები ყოველმხრივ გვბლოკავდნენ და ცდილობდნენ უარყოფით კონტექსტში გაეშუქებინათ ჩვენი საქმიანობა. ამის პარალელურად  ხდებოდა პროფკავშირზე “ჯვაროსნული ლაშქრობა“, რამაც გამოიწვია მთელი რიგი დარგების გაქრობის პირამდე მიყვანა. თუმცა, ჩვენ ამ წნეხს მაიც გავუძელით და უკეთესის იმედი გვაქვს. იმედია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მომავალშიც ასე აქტიურად და შემართულად გააგრძელებს ბრძოლას დასაქმებულთა უფლებებისათვის!

წინა ხელისუფლების პერიოდით შეშინებული ხალხი ჯერ კიდვე კრძალვით უყურებს პროფკავშირში გაწევრიანების საკითხს. ამას დიდი მუშაობა სჭირდება და ჩვენ ახალი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმ ადამიანების ჩვენსკენ შემოსაბრუნებლად, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან პროფკავშირელები“.

ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია: “შრომის კოდექსის ნაკლოვანებებმა და წინა ხელისუფლების მიერ პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლამ დიდი პრობლემები შეუქმნა პროფკავშირების თითქმის ყველა დარგს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ დასაქმებულთა უფლებებისათვის ბრძოლა შიშველი ხელით გვიწევდა, ყველა ხედავს, რომ უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მართლაც ძალიან ბევრს მიაღწია. მთავარი ის არის, რომ შენარჩუნდა პროფკავშირი, დარგების დიდი ნაწილი, წინა ხელისუფლების მიერ არსებული წნეხის მიუხედავად მაინც გაძლიერდა და ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად სოლიდარულები გავხდით. დღეს უკვე შეიძლება ათმაგი და ასმაგი შემართებით ვიბრძოლოთ. თუმცა ჩვენი ბრძოლა გუშინ არ დაწყებულა. პროფკავშირის არსებობის აზრი პირველ რიგში ხომ დასაქმებულთა  უფლებებისათვის ბრძოლაა!“

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე: “იმ დარგმა რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, წლების მანძილზე წინა ხელისუფლების მხრიდან დიდი წნეხი და ზეწოლა გადაიტანა. არანაკლები პრობლემების წინაშე იდგა სხვა დარგებიც. თუმცა, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. სახელმწიფოსთან დიალოგი როგორც იქნა შედგა და პროფკავშირის არგუმენტებსა და მათ მიერ დაყენებულ საკითხებს გაგებით ეკიდებიან. აღებულია კურსი, რომ პრობლემები პროფკავშირთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე გადაიჭრას. ჩვენთვის უმთავრესია დამოუკიდებლობა, წარმომადგენლობითობა და ნებაყოფლობითობა. აი ამ პრინციპების დაცვით ვაშენებთ პროფკავშირს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა კარგად იციან ჩვენს პროფკავშირში მიმდინარე მოვლენების შესახებ და მათი თანადგომა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამჟამად განათლების პროფესიული კავშირი დღითიდღე ძლიერდება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხელოვნურად შექმნილი გარკვეული ბარიერები, ორგანიზაცია უკვე 30 ათას ადამიანს აერთიანებს. განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგენლები დღეს უკვე 30 ათასი წევრის სახელით საუბრობს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თუმცა, ძალიან სასიხარულოა დაფანტული და დაბნეული ადამიანების ისევ შემოკრება და მობილიზება. პროფესიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი სულ უფრო იზრდება“.

საჯარო მოსამსახურეთ პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნუგზარ ჭინჭარაული: “ჩვენთვის პოლიტიკა მეორეხარისხოვანია. მთავარია დასაქმებული დაცული იყო ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან. როდესაც ვსაუბრობთ სამართლებრივ დაცვაზე, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალიზმი, გამოცდილება და დასაქმებული ადამიანის დამოკიდებულება პროფკავშირული ორგანიზაციის მიმართ. (რამდენად სოლიდარულები არიან) წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი წლების მანძილზე საჯარო სამსახურში დასაქმებულები ძალიან იშვიათად მოგვამრთავდნენ, რადგან არსებობდა მახინჯი ტენდენცია. როდესაც ადამიანი სამსახურიდან დათხოვნას გააპროტესტებდა, იგი ხვდებოდა ე.წ. “შავ სიაში“ და იმ ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელი იყო რომ მას შემდგომში დაეწყო საჯარო სამსახურში მუშაობა. იგი ცხადდებოდა ინტრიგან ადამიანად და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, რომ ერჩივნა საკუთარი ნებით დაეწერა განცხადება. დღეს ასეთი ფაქტები შემცირდა, მაგრამ საჯარო სექტორში კვლავ ბევრი პრობლემაა და იმედია პრობლემები დროთა განმავლობაში აღმოიფხვრება. სხვა შემთხვევაში საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია! წინა წლებში არსებული წნეხის გათვალისწინებით, საქართველოს პროფკავშირი დღეს მაინც ფეხზე დგას და თავის მოვალეობას კიდევ უფრო უკეთ შეასრულებს. უკანასკნელ ოთხ წელში პროფკავშირი გადარჩა! ახლა უკვე წინსვლაც დაიწყება“.

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე: “პროფკავშირის დიდ ოჯახში მე შედარებით ახალი წევრი ვარ, თუმცა უკანასკნელ წლებში ჩემს თავზეც არაერთხელ გამოვცადე რას ნიშნავს პროფკავშირული ნიშნით დამსაქმებლებისა და ხელისუფლების ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა და განხორციელებული ძალადობა. ასეთ ვითარებაში, პროფესიული კავშირების გაერთიანების როლი განუზომლად დიდი იყო და გაერთიანების ძალისხმევით დარგებმაც შეძლეს, რომ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ ძალადობისა და ტყუილების ნიაღვარს გამკლავებოდნენ.

ამჟამად პროფკავშირი და საქართველოს რკინიგზა უკვე სოციალური პარტნიორობის ეტაპამდე არიან მისულნი. დარჩენილია კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება. ეს პროცესი სამწუხაროდ ძალიან გაიწელა. თუმცა, დიალოგი არ შეწყვეტილა და გვჯერა, რომ ხელშეკრულება უახლოეს მომავალში აუცილებლად გაფორმდება და ეს დოკუმენტი რკინიგზელთა ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყების გარანტი შეიძლება გახდეს“.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე: “სახელმწიფო არ ვითარდება მხოლოდ ახალი გზებითა და შენობებით. სახელმწიფოს ავითარებს სოციალურად ძლიერი მოქალაქე. მშიერი და უფლებაშელახული ადამიანებისაგან პატრიოტებს ვერ გაზრდი. შესაბამისად, თუ ქვეყანაში კოლექტიური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არ იქნებიან, სამოქალაქო საზოგადოებას ვერ ააშენებ. სახელმწიფო იდგა ბიზნესსა და დასაქმებულ მოქალაქეებს შორის და მათი სურვილი მხოლოდ ის იყო, რომ დასაქმებულები ყოფილიყვნენ ჩუმად და მადლობა ეთქვათ მხოლოდ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო ადგილები შექმნეს. თუმცა, ცალკე თემაა რამდენად ღირსეული იყო ეს სამუშაო ადგილები.

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, ბევრ დასაქმებულს გაუჩნდა პროფკავშირში გაწევრიანების სურვილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით – ყველამ დაინახა რომ წნეხი მოიხსნა და ყველამ იგრძნო, რომ პროფკავშირის ჩართულობა შრომით პროცესებში არის მნიშვნელოვანი. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს პროფკავშირის გაერთიანებისა და მისი დარგობრივი პროფკავშირების მომსახურება თავისი წევრებისათვის  – არის საკმაოდ მაღალი ხარისხის,

დარგობრივი პროფკავშირი თუ მონდომებს, მათთან გაწევრიანების მსურველი ადამიანები ყოველთვის ბევრი იქნება. მე ძალიან მახარებს საქართველოს პედაგოგთა, ტრანსპორტის მუშაკთა და სხვა პროფკავშირების წარმატებებიც. პედაგოგთა პროფკავშირმა დიდი წნეხის მიუხედავად, შეძლო ძველი წევრების დაბრუნება და განვითარება. ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირი კი ერთ-ერთი ყველაზე კოლეგიალური და მეგობრული პროფკავშირია ჩვენს გაერთიანებაში. ისინი ხშირად ეხმარებიან სხვა დარგის პროფკავშირებს”.

არქიტექტურის, მშენებლობისა და საშენმასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მარინა კურტანიძე: “ამ წლების მანძილზე პრობლემები რასაკვირველია ძალიან ბევრი იყო. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების შექმნის დროსაც მრავალი წინააღმდეგობა გვხვდებოდა, როგორც დამსაქმებლების, ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, ბრძოლამ მაინც გამოიღო შედეგი და პროფკავშირი დღეს ისევ ქმნის ახალ ორგანიზაციებს, რაც პროფესიული კავშირების გაერთიანების დიდი თანადგმოსა და ძალიხმევის გარეშე ნამდვილად ვერ მოხერხდებოდა. პროფკავშირში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდანვე აქცენტი ცემენტის ქარხნებზე გავაკეთეთ. მშენებლობაში ძირითადად კერძო კომპანიები ქმნიან ამინდს და ჭირს დასაქმებულებთან სათანადო კომუნიკაცია. თუმცა, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ეს კომუნიკაციები თანდათან შედგა და იმედია მომავალი უკეთესი იქნება“.

ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნაუმი ნებიერიძე: “განვლილი 4 წელი, როგორც თითოეული დარგისათვის, ისე საქართველოს პროფგაერთიანებისათვის რთული პროცესებით იყო აღსავსე – ორიოდე სიტყვით ეს შეიძლება ასე გავიგოთ – ერთის მხრივ ხელისუფლება ცდილობდა ყოველგვარი წამოწყებისათვის ხელი შეეშალა იმისათვის, რაც დასაქმებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით პროფკავშირში იგეგმებოდა. მეორეს მხრივ, პროფკავშირის წევრები ხშირად ჩვენ გვაკრიტიკებდნენ იმის ნაცვლად, რომ კრიტიკის ქარ–ცეცხლში წინა ხელისუფლება გაეტარებიონათ და მთავრობის ზეწოლას ერთიანი ძალებით დაპირისპირებოდნენ. საბედნიეროდ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და დარგებმა შეძლეს გამოსავლის მოძიება და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით, პროფკავშირი გადარჩა! ჩვენი დარგის პროფკავშირი, როგორ ერთი რიგითი ჯარისკაცი, მუდამ მზადი იქნება ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, რასაც პროფესიული კავშირების გაერთიანება დაგეგმავს და განახორციელებს. ჩვენი დარგობრივი პროფესიული კავშირი დადებითად აფასებს განვლილ,  საანგარიშო პერიოდში გაერთიანების საქმიანობას“.

თვითდასაქმებულთა, ვაჭრობისა და ინდივიდუალური წარმოების სფეროში მომუშავეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მირანდა მანდარია: “ყრილობისაგან მართლაც ბევრს ველი და დიდი სურვილი გვაქვს ყველას, რომ მომდევნო წლები დასაქმებულთა უკეთესი ცხოვრების წლები გახდება. აქამდე ნამდვილად მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობა, გვქონდა უამრავი სირთულეები გადასალახი. ჩემს დარგში დასაქმებულ ადამიანებს პრობლემები ძირითადად გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით ჰქონდათ. თუმცა, სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ხალხმა სოლიდარობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ისწავლა. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პროფკავშირისათვის ეს ყრილობა და მომავალი წლები გარდამტეხად ნაყოფიერი იქნება“.

პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელი, გიორგი აფციაური: “ჩვენთვის, ახალგაზრდებისათვის პროფკავშირის ყრილობაზე პირველად დასწრება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. მე პირადად მომიწევს სიტყვით გამოსვლა, სადაც უნდა ვისაუბრო ოთხწლიან დოკუმენტზე, რომელიც ახლა მუშავდება. ეს იქნება ერთგვარი გეგმა, იმასთან დაკავშირებით თუ მომდევნო 4 წლის მანძილზე რა უნდა გააკეთოს პროფკავშირის ახალგაზრდულმა მოძრაობამ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობის ადამიანების აზრის მოსმენაც. რაც უფრო ხშირად შეხვდებიან სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთმანეთს – უკეთესი იქნება“.