მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, დაბა ქსნის კულტურის სახლის სპორტდარბაზში გაიმართა სს ,,მინა“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება, რომელსაც 70-მდე დასაქმებული დაესწრო. კრებაზე კომპანიის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავისა და მედიაციის მდგომარეობა იქნა განხილული.
მედიაციის ფარგლებში, მხარეებს შორის უკანასკნელი შეხვედრა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გაიმართა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, სადაც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა უმით ჰაქქი აიდოღანმა კომპანიის საბოლოო პოზიცია გააჟღერა, რომელიც მდგომარეობს შემდეგ შემოთავაზებაში:
– 2016 წლის 15 იანვარს სს ,,მინა“-ს გენერალური დირექტორი დაასახელებს სს ,,მინა“-ში დასაქმებული პირებისათვის მოსამატებელი ხელფასის საშუალო პროცენტულ ოდენობას, თუმცა დასაქმებულებს გაზრდილი ხელფასი დაერიცხებათ 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.
– 2016 წლის 15 იანვარს სს ,,მინა“-ს ადმინისტრაცია და პროფკავშირი ერთობლივად განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტზე მხარეთა მუშაობის დასრულების სავარაუდო თარიღს და გაწერენ შესაბამის სამუშაო პროგრამას.
– ასევე 2016 წლის 15 იანვრამდე გენერალური დირექტორი მმართველ კომპანია ,,SISECAM“-თან შეათანხმებს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისთვის საოფისე ფართის გამოყოფის საკითხს.
შეხვედრის დასასრულს, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ეს სწორედ ის შემოთავაზებაა, რომლის საშუალებაც კომპანიას აქვს ამჟამად და როგორი რეაქციაც არ უნდა გამოავლინოს მეორე მხარემ, მას ამ ეტაპზე მეტის შეთავაზება დასაქმებულთათვის არ შეუძლია.
საერთო კრებამ, რომელმაც საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა, განიხილა კომპანიის შემოთავაზება, გამოითქვა სხვადასხვა აზრები და წინადადებები. მონაწილეებს შორის საკმაოდ ბევრი იყო ისეთი, რომლებიც კომპანიის ადმინისტრაციას სრულ უნდობლობას უცხადებს და ამ უნდობლობის მიზეზად ასახელებს თავად კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ქმედებებს, რომლებიც კრების მონაწილეთა თქმით მუდმივად დასაქმებულთა მოტყუებაზე, გავლენის მოხდენაზე, კოლექტივის აზრის გახლეჩვაზეა დამყარებული და ამის დასტურად 3 წლის განმავლობაში კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ადმინისტრაციის მიერ ხელმოუწერლობას ასახელებენ.
კრების მონაწილეთა მეორე ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია სოციალური დიალოგის, მედიაციისა და ზოგადად მოლაპარაკებების საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების მიმართ პატივისცემის გამოვლენა და მხარის შემოთავაზებასთან დაკავშირებით სოციალურად პასუხიმგებლიანი გადაწყვეტილების მიღება.
ცხარე კამათისა და დისკუსიების დასასრულს კრების მონაწილეებმა კენჭი უყარეს საკითხს, რომლის შედეგადაც კრების მონაწილეთა სრულმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება: მიღებული იქნას ადმინისტრაციის შემოთავაზება და პროფკავშირის კომიტეტის მიერ შემუშავდეს პროფკავშირის სტრატეგიულ მოქმედებათა შესაბამისი გეგმა, რომელიც 2016 წლის 15 იანვრის შემდეგ კომპანიის მიერ დაზუსტებული წინადადებების შესაბამისი იქნება.