სს “მინას” მინის ტარის მწარმოებელ ქარხანაში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირმა დასაქმებულებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ქარხნის 80 მდე თანამშრომელი დაესწრო. დღის წესრიგის მთავარი საკითხი კომპანიის ადმინისტრაციასთან მიმდინარე კოლექტიური მოლაპარაკებების შუალედური შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა გახლდათ.
კრებამ მოისმინა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტისა და სს ,,მინა”-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის წევრთა ანგარიში მიმდინარე კოლექტიური მოლაპარაკებების შუალედური შედეგების შესახებ – მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური მოლაპარაკებების ფარგლებში, უკვე სამი შეხვედრა გაიმართა, კომპანიას ჯერ არ წარმოუდგენია საკუთარი ხედვა ხელფასების მატებასთან დაკვშირებით. შემდეგი შეხვედრა 30 ოქტომბერს დაიგეგმა. თუ ეს შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდება, კრების გადაწყვეტილებით პროფკავშირი შემათანხმებელ პროცედურებს წამოიწყებს, რომელშიც შრომის სამინისტროსაც ჩართავს, რაც წინაპირობაა კანონიერი გაფიცვის უფლების მოპოვებისა.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი იმედოვნებს, რომ კომპანიის ადმინისტრაცია ადექვატურ ნაბიჯებს გადადგამს და საქმეს არ მიიყვანს სიტუაციის გართულებამდე.