ხანში შესული ადამიანების რიცხვის აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლები მკვეთრად იზრდება. მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი 60 წლისა და მეტისაა. 2050 წლისთვის კი ყოველი მეხუთე 60 წელზე მეტის იქნება. ამ ზღვარს საქართველომ რახანია მიაღწია. ამაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ემიგრაცია და შობადობის მკვეთრი დაცემა ახდენს. საქართველოს ზოგიერთ სოფელში, მაგალითად, წითელწყაროში, მხოლოდ ხანში შესულები ცხოვრობენ. მათგან ბევრმა დაკარგა კავშირი ნათესავებთან და თავიანთ მიწაზე მარტოობაში ატარებენ ცხოვრების უკანასკნელ წლებს.
მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღეს 66 წელია, ქალებისა -72, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, თუმცა, ხანდაზმულობა არც ისე იოლი საქმე ყოფილა: ბევრი მოხუცებული, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და ჯანმრთელობა ქვეყნის სამსახურს შეალია, იძულებულია ისეთი პენსიით იცხოვროს, რომელიც მის სასიცოცხლო პრობლემებსაც ვერ აკმაყოფილებს.
იმისათვის, რომ თავი გაიტანოს, ან ოჯახს მატერიალურად წაეხმაროს, ბევრი მოხუცებული იძულებულია გააგრძელოს მუშაობა ან იმათხოვროს. მძიმე ეკონომიკური სიტუაცია სერიოზულად მოქმედებს მრავალწევრიანი ოჯახების დახმარების სისტემაზე.. სოციალური დაცვის სხვა სისტემა, მაგალითად, ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის, გაცილებით უკეთ მუშაობს, თუმცა საზოგადოება არც მას ემადლიერება და დღევანდელ რეალობასთან შეუფერებელად მიიჩნევს.
ხანში შესულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხთა მნიშვნელობაზე ხმამაღლა ლაპარაკი პირველად 1991 წელს დაიწყო ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილ გაეროს პირველ ასამბლეაზე. ასამბლეამ მიიღო გაეროს პრინციპები მოხუცებულებთან დაკავშირებით. 1 ოქტომბერი ხანშიშესულთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. 1999 წელს ეს პრინციპები მსოფლიო პროპაგანდის საგნად იქცა. ამ წელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საზოგადოების გათვითცნობიერების და ადვოკატირების მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა. მიზანი ხანდაზმულობის განვითარების პროგრამაში შეყვანა და “ყველა ასაკისათვის სასურველი საზოგადოების“ შექმნა იყო.
საერთაშორისო წლის შემდეგ, მადრიდში ხანდაზმულთა საკითხებისადმი მიძღვნილი მეორე მსოფლიო ასამბლეა გაიმართა.
ასამბლეაზე შეიკრიბნენ მთავრობების, გაეროს სააგენტოების პროფესიული ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეობდნენ თავად ხანდაზმულებიც. განიხილავდნენ ამ სფეროში მიღწეულ წარმატებებს და მომავალ სამოქმედო სტრატეგიებს. ასამბლეას წინ უსწრებდა ინტენსიური მოლაპარაკებები, ხანდაზმულთა საკითხების ლობირება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე, ხანდაზმულ ადამიანებთან კონსულტაციები მსოფლიოს მასშტაბით. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ერთი ჯგუფის ხელშეწყობით შემუშავებულ იქნა აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქსელის დეკლარაცია ხანდაზმულთა შესახებ.
მოხუცებულების პრობლემების მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა ასამბლეაზე 159 ქვეყანამ მიიღო. ეს არის პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც აღიარებს საზოგადოების განვითარებაში ხანდაზმული ადამიანების პოტენციურ წვლილს, ასევე მთავრობათა ვალდებულებას, ხანში შესულები ჩართონ სოციალური და ეკონომიკური განვითარების ნებისმიერი პოლიტიკის წარმოების პროცესში, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის პროგამებშიც.
სამოქმედო გეგმა პოლიტიკის მწარმოებელთა დახმარების პრაქტიკული იარაღია. მისი საშუალებით ადვილია ფოკუსირება იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებიც ხანდაზმულობის კონკრეტულ თუ ზოგად საკითხებს უკავშირდება. იგი მოითხოვს დამოუკიდებლობის, პოლიტიკის და საქმიანობის შეცვლას, რათა ხანდაზმულთა უზარმაზარი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო პირობები შეიქმნას. სამოქმედო გეგმაში განსაკთრებული ყურადღება ხანში შესული ადამიანების განვითარების უფლებასა და განვითარების გლობალურ პროგრამებში მათი ჩართვის საჭიროებაზეა გამახვილებული, ასევე, გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო სააგენტოებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას.
ხანში შესული მოსახლეობა არის რესურსი და არა ტვირთი, მაგრამ უმალ საზოგადოების ტვირთად გადაიქცევა, თუ პოლიტიკა ამ ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენაზე არ იქნება ორიენტირებული, თუ ჯანდაცვისა და შემოსავლის გამომუშავების შესაბამისი საშუალებები და ოჯახისა და თემის დამხმარე სისტემები ხელს არ შეუწყობენ ხანდაზმულებს, სრულად გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები.